logo
ENG



ამან მოკლა რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი - ჩუგოშვილი უგულავას საქმეზე

10 თებ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

„ამ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ამან მოკლა რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი" - ასე აფასებს უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი გიგი უგულავას საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამ განაჩენის გამოტანა პოლიტიკური კრიზისის დროს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და გვექნება მძიმე, პოლარიზებული გარემო.

„ვერცერთ პოლიტიკურ თემაზე განცხადება ვერ გაკეთდებოდა ამ შეხვედრაზე, თუმცა როგორც ვხვდები, ოპოზიცია ერთი-ერთზე საუბარში ამ თემას ახსენებდა. ერთია სისხლის სამართლის საქმე და მეორეა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების რეჟიმში იყო და ახლა შეუძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება. მე რასაც ვხვდები, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება - დარჩება შერეული სისტემა. ამ სისტემის დატოვება კი ნიშნავს მძიმე პოლარიზებულ გარემოს. აქედან გამოსავალს ვერ ვხედავ და ვერც სურვილს, რომ არ მოგატყუოთ. მე ვერიდები სისხლის სამართლის საქმეებზე კომენტარების გაკეთებას. მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ამან მოკლა რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი“, -აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა