logo
ENG



ამბები, რომელიც უნდა იცოდე: 12.03.2020

12 მარ 202009:45
3 წუთის საკითხავი
clock 784
l6lfnh29sbvxbhr.jpeg

კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძრვანელმა ტედროსგებრეიესუსმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ვირუსის სიმძიმისა და გავრცელების გამო.

„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით დაინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას. მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „კოვიდ-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“ - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა.

ამ განცხადებიდან მალევე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განმარტა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში დღეიდან სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა ყველა კომერციული დაწესებულება მუშაობას წყვეტს. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 827-მდე გაიზარდა.

 

ინფიცირების ახალი შემთხვევა

პლიუს ერთი დაინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთი ადამიანს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით ის 19 წლის ბიჭია. მისი ინფიცირება იტალიურ კლასტერთან არის დაკავშირებული. ამირან გამყრელიძის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პაციენტი იმყოფება. კარანტინის რეჟიმში კი - 295 ადამიანია.

 

პაციენტების მდგომარეობა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის თავს კარგად გრძნობს არასრულწლოვანიც. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით შედარებით მძიმე კვლავ მეოთხე პაციენტის მდგომარეობაა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. პნევმონია მსუბუქ ფორმებში, კიდევ ოთხ პაციენტს აქვს. თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პირველი პაციენტი დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელება.

როგორც ცნობილია, მძიმედ გამოხატული ნიშნები არ აქვთ საჩხერეში მყოფ პაციენტებს, მათ შორის, დამაკმაყოფილებელია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მდგომარეობაც. ასევე მას შემდეგ რაც გეფას ერთ-ერთ ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა, ფორმულა ნიუსისთვის ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ დრომდე თითიზოლაციაში რჩება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც.

 

თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატები პროცესზე მივიდნენ

თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი ზუგდიდში სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ადვოკატები ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობის წარსადგენად მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა მათ შენობის დატოვება სთხოვეს, უფლებადამცველებმა თხოვნა არ გაითვალისწინეს. სამმართველომ შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 

პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში

დღეს გახდება ცნობილი ლაბორატორიული დასკვნა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ დროისთვის შვიდივე მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებულები.

 

კორონავირუსთან ბრძოლა პარლამენტში

ჯერჯერობით უცნობია დაიწყებს თუ არა საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დისტანციურად მუშაობას. ფორმულასთან საუბრისას ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ მუშაობის მსგავს რეჟიმზე გადასვლა პარლამენტში მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს ხდება. თუმცა, თუ კორონავირუსის გამო ქვეყანაში მდგომარეობა დამძიმდა, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

პარლამენტმა ამ ეტაპზე კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ზომები მიიღო. ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებსაც სხვადასხვა სახით კონტაქტი ჰქონდათ რისკჯგუფის ქვეყნებთან, პარლამენტი ნებას რთავს სამსახურში არ გამოცხადდნენ. საკანონმდებლო ორგანო გამონაკლისს უშვებს ქრონიკული დაავადებების მქონე ან ორსულ თანამშრომლებზეც. დასაქმებულთა ნაწილს მუშაობა დისტანციურადაც შეეძლებათ.

 

სწავლების ელექტრონულ მოდელი

განათლების სამინისტრო სწავლების ელექტრონულ მოდელზე მუშაობს. როგორც ცნობილია სკოლებში სწავლა 1 აპრილამდე არ დაიწყება, ამიტომ სამინისტრო ამზადებს რეკომენდაციებს პედაგოგებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში. ანალოგიურ სისტემაზე მუშაობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. როდის ამოქმედდება სისტემა, ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაცია კვირის ბოლომდე გაავრცელებს. უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმაზე დარეგისტრირება, სადაც მათ ვიდეოგაკვეთილებიგაეგზავნებათ.

 

სოციალური მუშაკები დახმარებას ითხოვენ 

სოციალური მუშაკები შიშს გამოთქვამენ, რომ ვირუსის აფეთქების კერად, შესაძლოა, სოციალური მომსახურების ცენტრები იქცეს. მათი განმარტებით, ადგილი, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი მიდის, ჰიგიენის ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, შეუძლებელია, პირველი რიგის რეკომენდაციის დაცვაც - ხელების დაბანა.

სოციალური მუშაკების პროფკავშირებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის არაეფექტურობაზე საუბრობენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ ეს ადგილები ვირუსის აფეთქების კერებადაც იქცეს. 

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დრომდე დეზინფექციის საჭიროება არ იყო. მათი მტკიცებით, პრევენციულ ღონისძიებები სერვისცენტრებში უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

წითელი ჯვარი საინფორმაციო კამპანია კორონავირუსზე

საქართველოს წითელი ჯვარი კორონავირუსთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო კამპანიას გამართავს, რომლის ფარგლებშიც გავრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციების და თვითიზოლალაციის შესახებ.

 

ინფექციონისტების რეკომენდაციები

დავიცვათ ჰიგიენის წესები და მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას! - ამ რეკომენდაციებს კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად ინფექციონისტები იძლევიან. სპეციალისტების თქმით, იმ შემთვევაში თუ ვინმეს სიცხე აღმოჩნდება, ეს ავტომატურად კორონავირუსის დადასტურებას არ ნიშნავს. მათივე განმარტებით, ნებისმიერი ვირუსული სიმპტომის გამოვლენისას აუცილებელია ექიმს მიმართოთ.

 

რემდესივირი - კორონავირუსის ახალი წამალი?

Covid-19-ის გამოჩენის შემდეგ მკურნალობის შესაძლო მეთოდების გამოსავლენად 300-ზე მეტი კლინიკური ცდა გაეშვა. რემდისივირი კი, რომელიც ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, ყველაზე დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. მარაგის რაოდენობის გაზრდის მიზნით კომპანიამ მედიკამენტის წარმოება უკვე გაზარდა. ამერიკაში 35 წლის მამაკაცი ვაშინგტონიდან, პრეპარატის წყალობით გამოჯანმრთელდა. მაგრამ იმის დასადგენად, თუ რამდენად ამცირებს მედიკამენტი სიმპტომებს და, რაც მთავარია, სიკვდილიანობის დონეს, ტესტირება უნდა გაგრძელდეს.

რემდისივირი ვირუსის სხეულში გამრავლების უნარს ბლოკავს. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ რემდესივირი SARS და MERS კორონავირუსების მიმართ ეფექტიანია. მან დამაიმედებელი შედეგები კორონავირუსისსხვა ტიპებზე გამოცდის დროსაც გვიჩვენა. კორონავირუსებს გამრავლების ერთნაირი მექანიზმი გააჩნიათ, სწორედ ამიტომ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუკი იგი ერთ მათგანს მაინც დაამარცხებს, დანარჩენებსაც მოერევა.

 

საქართველო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე

კორონავირუსის ფონზე საქართველო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. ექსპერტების აზრით, როდესაც მთელი მსოფლიო ბაზარი Covid-19-ის გამო შეშფოთებულია, შეუძლებელია საქართველომ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ გადაიტანოს. პარტია „ევროპულმა საქართველომ“, ხელისუფლებას ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად გეგმა შესთავაზა, რაც მეწარმეებისთვის გადასახადებზე 25 პროცენტის მოკლებას გულისხმობს. ეკონომიკის ექსპერტებისა და პარტია „ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, ქვეყნისთვის ეკონომიკურად ზაფხული ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების განკურნება უნდა იყოს.

 

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი ეგრეთწოდებულ საზღვარს 14 მარტიდან ჩაკეტავს. შესაბამისი გადაწყვეტილება დეფაქტო ხელისუფლებამ უკვე გასცა, პრალელურად კორონავირუსისგან დაცვის უწყებათაშორისი შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს არ იმოგზაურონ მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში.

 

შეთანხმების პუნქტები

ოპოზიცია ხელისუფლებას შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ პოლიტ პატიმრების საკითხი არ მოგვარდება, და ისინი არ გათავისუფლდებიან ოპოზიცია შეთანხმებას შესრულებულად არ ჩათვლის და სამომავლო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, მმართველი გუნდი შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს, თუმცა მისი თქმით გამორიცხულია იმ საკითხების პოლიტიზირება, რომლებიც გამოძიებასთანაა კავშირში. მმართველ გუნდსა და ოპოზციის შორის შეხვედრა ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით კონსესუსითდასრულდა. მხარეებმა ოლქებზე, ბლოკებსა და ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმება შეძლეს. ახალი საკონსტიტუციო პროექტის პაკეტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს.

 

პუტინის გაყინული კონფლიქტები

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის აგრესია განიხილეს. კანონმდებლებს რამდენიმე მომხსენებელი ჰყავდათ მიწვეული. მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუციის ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა კანონმდებლებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრონ. მოსმენაზე შეეხნენ ოკუპირებულ რეგიონში პასპორტიზაციას, მცოცავ ანექსიას და საზღვრის მუდმივი გადმოწევის საკითხს, განხილული იყო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციის შესაძლებლობა. ასევე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივა.

 

ევროპიდან აშშ-ში ფრენები იკრძალება

დონალდ ტრამპმა მოგზაურთათვის ახალი აკრძალვები დააწესა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ევროპიდან შეერთებულ შტატებში მოგზაურობა 30 დღის ვადით იკრძალება. შეზღუდვა პარასკევს, ადგილობრივი დროით ღამის 12ტ საათზე ამოქმედდება. აკრძალვა ვრცელდება ტვირთებზეც. მისი თქმით, „მკაცრი, მაგრამ საჭირო“ აკრძალვა არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთზე, სადაც Covid-19-ის 460 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 1 135, ხოლო გარდაცვალების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სხვა რამდენიმე შტატთან ერთად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ვაშინგტონშიც.

 

ანონსი:

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
  • თბილისის მერი ბრიფინგს გამართავს.
  • საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას გამართავენ.
  • „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი განცხადებას გააკეთებს.
  • პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება
  • გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
  • გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.

close დახურვა