ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 10 აგვისტოს უნდა იცოდეთ
არეულობა ბელარუსში
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს, მასობრივი პროტესტი და არეულობა მოჰყვა. ყველაზე მძიმე ვითარება მინსკშია. იქ მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე მომიტინგე დააკავა. არიან დაშავებულებიც.
საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.
ილია ფილფანს 23-ე დღეა ეძებენ
სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ბავშვის პოვნაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო ძალებია ჩართული, თუმცა კვალი ისევ არ ჩანს. მშობლები იმედოვნებენ, რომ ილიას მალე იპოვიან. საგამოძიებო უწყებები განმარტავენ, რომ ყველაფერს აკეთებენ ილია ფილფანის საპოვნელად. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი 19 ივლისს დაიკარგა.
მკვლელობა ტყიბულში
შსს ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც ტყიბულში 34 წლის ზაურ სოფრომაძეს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ტყიბულის რაიონულ პოლიციაში მოწმის სახით 5 პირი ჰყავდათ აყვანილი, თუმცა ყველა მათგანი საგამოძიებო ორგანოდან გამოუშვეს. მოკლულის ახლობლები დამნაშავის პოვნასა და დაუყონებლივ დასჯას მოითხოვენ.
„ევროპული საქართველოს” პლაკატებს ისევ ხევენ
„ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა კვლავ გრძელდება, ვეფხვი და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით საარჩევნო ბანერი ჩამოხსნეს, როგორც საქართველოს ქუჩის მხატვრობის ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, მათ პლაკატების ჩამოხევის და კედლის მოხატვის სრული უფლება აქვთ. თუმცა ნებართვა, რომელიც მათ ფორმულა NEWS-ს წარუდგინეს, მხოლოდ სტენსილების განთავსებას მოიცავდა.
საერთაშორისო დონორები ლიბანს დახმარების სახით 250 მილიონ ევროს დაჰპირდნენ
ინფორმაცია საერთაშორისო ლიდერების ონლაინ სამიტის დასრულების შემდეგ ემანუელ მაკრონის ოფისმა გაასაჯაროვა. დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ლიბანის დასახმარებლად სწორედ საფრანგეთის ინიციატივით გაიმართა. პორტში 2000 ტონაზე მეტი ამონიუმის ნიტრატი ოთხ აგვისტოს აფეთქდა. ტრაგედიას 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. მომხდარი ლიბანში მასშტაბური არეულობის მიზეზი გახდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადეს და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ქვები ესროლეს. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. აქციების ფონზე თანამდებობა ორმა მინისტრმა დატოვა.
აქციები ესპანეთში
ესპანეთში, მონარქის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მადრიდში დემონსტრაციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ესპანეთის დადაქალაქში მომიტინგეები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ყოფილმა მეფემ ქვეყანა კორუფციული სკანდალის ფონზე დატოვა და აბუ-დაბიში გაემგზავრა. შეკრებილების თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბძროლა სამეფო ოჯახიდან არის დასაწყები. თავად მონარქი რაიმე დანაშაულის ჩადენას უარყოფს. თითქმის 40 წლიანი მმართველობის შემდეგ ხუან კარლოს მეორემ მმართველობა 2014 წელს მის ვაჟს, ფილიპე VI-ს გადააბარა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1250 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1010 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 242 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7068 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 20 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 12.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 734 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.