ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 11 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
ვინ მოკლა შაქარაშვილი?
ექსპერტიზის პასუხმა გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი და მთავარი კითხვა გააჩინა - ვინ მოკლა ახალგაზრდა ფეხბურთელი. ექსპერტიზამ დაასვკნა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, ხოლო თავის მხრივ, პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი დაამატა, რომელიც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოჯახის ნათესავი და ინტერესების დამცველი, მირიან ნიკოლაძე ახლა უკვე პირდაპირ აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და წყალში შემდეგ გადააგდეს. მისი თქმით, ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, სრული სიმკაცრით, ჯგუფური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაისაჯოს საქმეში არსებული „ტოიოტას“ ყველა მგზავრი.
მწვავე დაპირისპირება კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტის განხილვაზე
გუშინ საპროტესტო მიმართვის ფონზე პარლამენტის წინ და მწვავე დაპირისპირებით სხდომაზე მიმდინარეობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული სადავო ცვლილებების განხილვა. კახა ბექაურს უზურპატორი და ცენზორი უწოდეს მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარემ მედიის ხელმძღვანელები ტყუილში დაადანაშაულა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მედია მენეჯერებს მიაჩნიათ, რომ 2 კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს და საზოგადოებას ხელისუფლება ცენზურად მოუტრიალებს.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
973 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 846 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 231 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 4851 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12.6 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 7.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 562 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 59 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ყოფილი მრჩეველი, როჯერ სტოუნი შეიწყალა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„სტოუნი გახდა მემარცხენეებისა და მათი მედიის მსხვერპლი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან გარიგებაზე ჭორებს ავრცელებდნენ, ტრამპისთვის მიეყენებინათ ზიანი,“ - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აშშ-ის ლიდერის მრჩეველი 2019 წლის იანვარში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიების მტკიცებით, სტოუნი WikiLeaks-ისგან დემოკრატიული პარტიაზე კომპრომატების მოპოვებას ცდილობდა, რათა ტრამპს ეს მასალები წინასაარჩევნო კამპანიაში გამოეყენებინა.
ნასა და იაპოანია მთვარეს ერთობლივად შეისწავლიან
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კოსმოსის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) და იაპონია მთვარის ერთობლივ შესწავლაზე შეთანხმდნენ. პროგრამა „არტემიდას“ ფარგლებში იაპონია მთვარის ახლომდებარე ორბიტალურ სადგურ Gateway-ის შექმნაში და მთვარის ზედაპირის შესწავლაში მიიღებს მონაწილეობას.
NASA მთვარეზე 2021 წლიდან სატვირთო მისიების განხორციელებას აპირებს, ხოლო 2024 წელს უკვე ასტრონავტების გაგზავნას გეგმავს.