ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 13 აგვისტოს უნდა იცოდეთ
წაშლილი ინფორმაცია ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან
თამარ ბაჩალაიშვილის სოციალური ქსელებიდან ყველა სახის ინფორმაცია წაშლილია. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა შსს-ს დატოვების შემდეგ განაცხადა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციით გარდაცვლილის ადგილმდებარეობის და ბოლო გადაადგილების დადგენა შეუძლებელია. უწყების დატოვების შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში აღმოჩენილ ერთ-ერთ ხელნაწერზე შესაძლოა, მთლიანად ბაჩალიაშვილის კალიგრაფია არ იყოს. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ ამ საკითხზე ექსპერტიზა დაინიშნება. უფლებადამცველი ასევე აცხადებს, რომ შესაბამისი ჩანაწერი არ არის აღმოჩენილი გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანაში. ოჯახმა ნივთმტკიცების სახით საგამოძიებო ორგანოს ბაჩალიაშვილის წიგნაკიც გადასცა.
ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა
შსს-ში გამოკითხვაზე ჟურნალისტი გიორგი კაპანაძეც იმყოფებოდა. იგი უწყებაში ბაჩალიაშვილის ხელნაწერის გასაჯაროების გამო დაიბარეს. სამინისტროში აინტერესებდათ, საიდან მოიპოვა ხელნაწერი კაპანაძემ და რა უერთიერთობა აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახთან.
ბაჩალიაშვილის სახლში ახალი ჩანაწერი იპოვეს
▪️ წაშლილია 23 წლის ახალგაზრდა ქალის ელექტრონულ ფოსტაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც 13 დან 18 ივლისის ჩათვლით იყო შენახული
ჟურნალისტის თქმით, გამოქვეყნებული ჩანაწერის გარდა, რომელიც, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, შესაძლოა, ბაჩალიაშვილის საქმეში მუხლის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდეს, მას გარდაცვლილზე სხვა სახის ინფორმაციაც აქვს. კაპანაძის თქმით, ის ამ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, თუმცა ჟურნალისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზეა საუბარი.
სარკინიგზო კატასტროფა შოტლანდიაში
შოტლანდიაში სარკინიგზო კატასტროფაში დაღუპულების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. უბედური შემთხვევა აბერ-დინშირის საგრაფოში მოხდა. მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის პოლიციამ დროულად უნდა გაარკვიოს რა გახდა მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზი. კატასტროფა შოტლანდიაში უამინდობას დაემთხვა. დაიტბორა ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონები. შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობაც.
ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
13 წლის ილია ფილფანს 25-ე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სვანეთის ჩაკეტვის მიუხედავად კვლავ გრძელდება. ოჯახის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მდინარის ნაპირას და წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ვითარება მესტიაში
კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩაკეტილ მესტიაში შესაძლოა გაიზარდოს - ამის შესახებ ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის საუბრობს. ამის ვარაუდობს საფუძველს ხელისუფლების წარმომადგენლებს ის აძლევს, რომ ტესტირებების ჩატარების პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ. რეგიონში შესაძლოა საკარანტინე სივრცეების დამატება გახდეს საჭირო, რადგან აქ არსებული ოცივე საკარანტინე ზონა უკვე შევსებულია და ახლა ვიზიტორების ნაწილის გადაყვანა ქუთაისსა და თბილისში გახდა საჭირო. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მესტიაში საკარანტინე შეზღუდვებისა და რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მესტიაში 10 აგვისტოს მიიღო.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1283 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1068 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 245 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7718 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 20.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 13.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 747 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.