logo
ENG



ამბები, რომლებიც 13 სექტემბერს უნდა იცოდე

13 სექ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 
s8nbxry1d04fqh5.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 13 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი - ფორმულამ 30-წლამდე ქალის ფოტორობოტი მოიპოვა

 

ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში - შაბათის ფორმულამ ახალი დეტალები გაარკვია. ​

ბაჩალიაშვილის დედა შაბათის ფორმულას იმ ფიგურანტის შესახებ უყვება, რომლის ჩვენებამაც, თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, პროგრამისტის გარდაცვალებას ნათელი მოჰფინოს. 

საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა. გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა. სამივე მოწმე ექსპერტს ერთ ქალს აღუწერს - ვინმე ნინოს, რომელიც 23 წლის ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე, გვიან ღამით მივიდა, როდესაც იქ მხოლოდ ოჯახი და ახლობლები იმყოფებოდნენ.

ოჯახის თქმით, ის იმეორებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაცვა ვერ შეძლო და ოჯახს ბოდიშს უხდიდა. 

 

COVID-19-ის რეკორდული ზრდა საქართველოში

 

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 6

2227 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1369 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

 

Louis Vuitton-მა კორონავირუსისგან დამცავი ფარი გამოუშვა, რომელიც 961 დოლარი ღირს

 

ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა კორონავირუსისგან დამცავი სახის ფარი შექმნა, რომელიც, Vanity Fair-ის თანახმად, 961$ ღირს. ფარი 2021 წლის კოლექციას მიეკუთვნება და ოქტომბერში გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას Vanity Fair ავრცელებს, სახის ფარის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს.

 

დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა

 

სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოტყუებით გადააგზავნინა.

"მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

COVID-19 მსოფლიოში

 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 28.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 20.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 924 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60.8 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა