logo
ENG



ამბები, რომლებიც 16 ივლისს უნდა იცოდე

16 ივლ 202009:09
3 წუთის საკითხავი
 
iww8f7apk23lksk.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 16 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს 

 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების დასრულებისკენ და კრემლთან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგისკენ მოუწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ე.წ. საზღვრის მათი თქმით, უკანონო კვეთაზე ამახვილებს ყურადღებას და ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტზეც საუბრობს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო, მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, ქართველ „აღსაზრდელებს“ იცავს და მოსკოვსა და ცხინვალს ადანაშაულებს. 

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს

16 ივლ 202008:07

 

Facebook-ის წერილი

2020 წლის აგვისტოდან სოციალური ქსელი Facebook საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის. ამის შესახებ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორი, გაბრიელა ცსეჰიმ წერილში წერს, რომელიც საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს გაუგზავნა. 

 

შაქარაშვილის საქმე

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გუშინ საგამოძიებო უწყებამ იუბილარ ანა გაბეჩავას მეგობარი, მარიამ მამეიშვილი გამოკითხა. მან გამოძიების კითხვებს პირველად უპასუხა, პროცესის დასრულების შემდეგ კი გამოკითხულმა განმარტა, რომ საბედისწერო ღამეს ის წვეულებაზე იყო, თუმცა ჩხუბის ეპიზოდს არ შესწრებია. იუბილარის მეგობრის განცხადებით, თავად შაქარაშვილთან არ მეგობრობდა და ვერც იმას იხსენებს, როდის ნახა ბოლოს ფეხბურთელი.

 

საბავშვო სკვერი რუსული ანბანით

რუსული ანბანის პოპულარიზაცია კახეთში. 87 ათას ლარად შეძენილი საბავშვო გასართობი კომპლექსი, რუსული ანბანითაა გაფორმებული, რაც ადგილობრივთა ნაწილისთვის პროტესტის მიზეზია. მოსახლეობის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ანბანის პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში მიუღებელია, სწორედ ამიტომ ისინი მერიას რუსულის ანბანის ქართულით შეცვლისკენ მოუწოდებენ. მომხდარში პრობლემას ვერ ხედავს ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

 

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების შემცირებას მიესალმებიან. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 15 ივლისის მდგომარეობით ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია. თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ ვითარების განსამუხტად ძალისხმევა არ დაიშურონ. 

 

ჰაკერული შეტევა ტვიტერის ანგარიშებზე

ბარაკ ობამას, ბილ გეიტსის, ილონ მასკისა და სხვა მილიარდერების „ტვიტერის" გვერდები ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. კიბერდამნაშავეების სამიზნე ცნობილი კომპანიებიც აღმოჩნდნენ. 

სოციალურ ქსელ ტვიტერის გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ცნობილი ადამიანები კრიპტოვალუტის მეშვეობით შემოწირულობას ითხოვდნენ, სანაცვლოდ კი გადარიცხული თანხის გაორმაგებულ რაოდენობას ჰპირდებოდნენ. ინფორმაცია მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. კიბერდანაშაულებების აღსაკვეთად მანამდე ტვიტერმა უსაფრთხოების არაერთი ზომა გაატარა. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1004 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 873 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 244 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5640 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13.6 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 8.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 586 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 59 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა