logo
ENG



ამბები, რომლებიც 17 ივლისს უნდა იცოდე

17 ივლ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 
vel94jauqrdr9pd.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 17 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

შაქარაშვილის საქმე

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები მოწმეებს დღეს უწყებას გაუგზავნიან და დასაკითხად დაიბარებენ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ გამოძიება სწორ შეკითხვებს ვერ სვამს, ამიტომ მოწმეების პირადად დაკითხვა სურთ. იმ შემთხვევაში თუ მოწმეები გამოკითხვაზე უარს იტყვიან, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა სხვა მოწმეების გამოკითხვა, რომელთა შორისაც იუბილარ ანა გაბეჩავას მეგობრები ლიზი ნადირაძე და მარიამ ხატისკაცი იყვნენ. ლიზი ნადირაძემ უწყება კომენტარის გარეშე დატოვა, მასთან თანმხლებმა პირმა კი განაცხადა, რომ კომენტარს ნადირაძე მოგვიანებით გააკეთებს. რაც შეეხება მარიამ ხატისკაცს, მან განმარტა, რომ უწყებაში სოციალურ ქსელში მიმოწერასთან დაკავშირებით იყო დაბარებული. 

 

ედისონ რისერჩის” ახალი კვლევის შედეგები

ფორმულას დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება - 39%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%

ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%

მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კონკრეტულად ამ აზრზეა მოქალაქეთა 58%, ხოლო 42% ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

„ლელოს” მოთხოვნა

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგაშვილმა მეჯვრისხევში ორი კვირის წინ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ვახტანგაშვილის განცხადებით, ვიდეო კამერების დამონტაჟება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გატაცებების რაოდენობას შეამცირებს, რადგან ხშირ შემთხვევაში საოკუპაციო ფორმირებები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს.

 

ეკო-აქცია დიღომში

დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მოსახლეობამ ეკო-აქცია გამართა. ადგილობრივები ბოლო წლებში ტერიტორიაზე ბუნებრივი გრუნტის უკონტროლო ამოღება- გადამუშავებას, ხეების გაჩეხვასა და ტერიტორიის სამშენებლო ნაგვით დაბინძურებას აპროტესტებენ. მოსახლეობა ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შეწყვეტასა და გამოძიებას მოითხოვს. ადგილობრივები მერიას, დიღმის ჭალების ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.

 

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა ვიდეო კადრები, მოწინააღმდეგის საავტომობილო ტექნიკისა და სამხედრო ყაზარმის განადგურებაა ასახული. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო პოზიციებზე ავტომობილებით სარეზერვო ძალების განთავსება სცადა. 

via GIPHY

ინფორმაციას განადგურებული ყაზარმების შესახებ უარყოფენ ერევანში. ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აზერბაიჯანის არმიის დაბომბვების შედეგად 36 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა. შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. კონფლიქტის გამწვავების შედეგად საერთო ჯამში 43 ადამიანი დაიღუპა. 

 

ბრიტანეთის ბრალდებები რუსეთს

დიდი ბრიტანეთი რუსეთს საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თითქმის დადასტურებულია, რომ რუსმა აქტორებმა 2019 წლის არჩევნებში ჩარევა სცადეს იმით, რომ უკანონოდ მოიპოვეს და გაავრცელეს სამთავრობო დოკუმენტები. დომინიკ რააბმა მომხდარის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება არ გამორიცხა. გარდა ამისა, ბრიტანეთმა და კანადამ რუსულ სპეცსამსახურებთან ასოცირებული ჰაკერული ჯგუფ, კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე დაწესებულებებზე კიბერ-თავდასხმაში დაადანაშაულეს. შეტევის მიზანი COVID-19-ის შესწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება იყო. მოსკოვში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1006 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 883 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 244 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5640 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 8.2 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 592 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 


close დახურვა