logo
ENG



ამბები, რომლებიც 18 ივლისს უნდა იცოდე

18 ივლ 202009:43
3 წუთის საკითხავი
 
tx2rjltz27vq7qi.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 18 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

შაქარაშვილის საქმე

შსს-ში განმეორებით დაიკითხა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. გამოკითხვა 3 საათს გაგრძელდა, საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ბრეგვაძემ კი განაცხადა რომ გამოძიებას არაფერს უმალავდა.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, თუ რატომ არ მიაწოდა იაკობ ბრეგვაძემ გამოძიებას ინფორმაცია, რომ ინციდენტის შემდეგ თემქაზე, იუბილარის ნათესავების სახლში იმყოფებოდა. ამ კითხვის საპასუხოდ კი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა. 

უკვე დღეს, შაბათის ფორმულას ეთერში, ზუსტად 20:00 საათზე პირველად მოისმენთ სრულ ინტერვიუს საბედისწერო დაბადების დღის მთავარ გმირთან. დავით ქაშიაშვილი ანი გაბეჩავას ესაუბრა. ინტერვიუს ნაწილში, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, გაბეჩავა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აგარაკზე ჩხუბისას დაზიანებები მხოლოდ ნახალოვკელებმა მიიღეს. 

 

გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩი გახდა

გავრილოვთან ერთად ეს სტატუსი მიიღეს რუსმა მომღერლებმა ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ. მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები" 2007 წელს დაარსდა. ორგანიზატორთა განცხადებით, მისი მიზანი აფხაზეთის იმიჯის შეცვლა და ახალგაზრდების მხარდაჭერაა.

კეთილი ნების ელჩები, ორგანიზაციის განცხადებით, დაკავდებიან „აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციით და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე „ქვეყნის“ წამოწევით“.

 

გორში ექიმმა ძაღლი სანადირო თოფით მოკლა

თვითმხილველების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მძინარე ძაღლს მიბჯენით ესროლა. პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, პოლიციამ დააკავა. მანამდე მას ფიზიკურად მეზობლები გაუსწორდნენ.

გორში ექიმმა ძაღლი სანადირო თოფით მოკლა

17 ივლ 202022:00

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

 

მალაიზიაში კბილებიანი თევზი დაიჭირეს

მალაიზიური თევზი, რომელსაც კბილები ადამიანივით აქვს განვითრებული, ინტერნეტ ჰიტი გახდა. მისი ფოტოები თავდაპირველად ტვიტერში რაფ ნაზირმა გაავრცელა. 

აღსანიშნავია, რომ კბილებიანი თევზები ანომალიას სულაც არ წარმოადგენს. ასეთი თევზების ათეულობით სახეობა არსებობს, რომლებიც ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში ბინადრობენ. 

 

კანიე ვესტი პრეზიდენტად

მას შემდეგ, რაც ცნობილმა რეპერმა კანიე ვესტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა, საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე რაშმორის მთის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ქვეყნის სხვა პრეზიდენტებთან ერთადაა გამოსახული.

რეპერმა საარჩევნო მარათონში ჩართვის სურვილი თავდაპირველად რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 3 დღის გამოაცხადა რომ კენჭის ყრას აღარ აპირებდა, თუმცა გუშინ კანდიდატად მაინც დარეგისტრირდა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1010 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 885 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5497 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 14.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 8.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 600 ათასს უახლოვდება. ამ დროისთვის 60 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 


close დახურვა