ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 1 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში დაიბარეს
სავარაუდოდ, საქმე ფორმულასთვის მიცემულ იმ ინტერვიუს ეხება, სადაც სპორტსმენი აჭარის მთავრობის მხრიდან, უკანონო გარიგებით მის საარჩევნო პროცესში ჩართვაზე საუბრობდა. მოჭიდავის ინფორმაციით, მას უკვე მოხდილ სასჯელზე სასამართლო 7 ივლისს ისევ ჩაუნიშნეს.
წულუკიძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი ძმის რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესიც გაიმართება. ისინი აჭარის მაღალჩინოსნებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ დააკავეს. შეგახსენებთ მოჭიდავეებს აჭარის პოლიციის უფროსი და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამა, ქართული ოცნების სასარგებლოდ, არჩევნებში ჩართულობას უკანონო გარიგებით სთავაზობდა.
ფრენების ბედი
იმ ფონზე როდესაც ევროკავშირი საზღვრებს ხსნის, საქართველოში ფრენების აღდგენა 1 თვით გადაიდო. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ რომ ხელისუფლება ეპიდვითარებას პირადი ინტერესებისთვის იყენებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ფრენების სრულად აღდგენის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ვერ მიიღებენ.
საქართველოს საზღვარს არ უხსნის ჩეხეთი. ევროკავშირის მიერ „უსაფრთხო ქვეყნების სიის" გამოქვეყნების შემდეგ, რომლშიც 14 ქვეყნიდან ერთ-ერთ საქართველოა, ჩეხეთი საკუთარ სიას აქვეყნებს. ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სიიდან, ჩეხეთი დღეიდან საზღვარს მხოლოდ 8 ქვეყნისთვის გახსნის. ესენია: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.
ანდრიუს კუბილიუსის მოწოდება
ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიზირების დასრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ ტივიტერში წერს.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას უფრო პროპორციულს ხდის. გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯია - დასრულდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი ევროპული ინტეგრაციის პროცესში", – წერს ანდრიუს კუბილიუსი.
იპოთეკით დატვირთული „ლაგუნა ვერე"
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ლაგუნა ვერე სესხის ასაღებად ქართუ ბანკში ჩადო. ივანიშვილის ტრანზაქციებს ოპოზიციაში ფინანსურ მაქინაციას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ოლიგარქს საქართველოში შავი ფულის გათეთრების პრობლემა აქვს და სურს რომ ხალხის მოპარული ფული მსგავსი ტრანზაქციებით ობშორი გაიტანოს. მმართველ გუნდში კი იპოდრომის გაყიდვას და ლაგუნა ვერეს იპოთეკით დატვირთვას ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებად აფასებენ.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან. ოპოზიცია საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა არ აქვთ გადაწყვეტილი დაუჭერენ თუ არა მხარს ცვლილებებს. მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ეუთო - ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა. მმართველ გუნდში კი საპირისპირო მოსაზრება აქვთ.
შაქარაშვილის საქმე
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ორი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. შაქარაშვილის ბიძის განმარტებით , სასამართლო- სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესები დაცული არ არის . შეგახსენებთ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა
რურუას საქმე
გიორგი რურუას საქმეზე დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული .ასევე დღეს, სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაა დაგეგმილი. რურუას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზეც აუცილებლად გამოიკვეთება საქმის ის დეტალები, რომლებიც ბრალდებულის უდანაშაულობას დაადასტურებს.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
928 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 794 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 229 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2809 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 10.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 5.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 514 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 800-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
აფეთქება თეირანში
სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აფეთქებას თეირანში. არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედიის, ინფორმაციით აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.