ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 1 სექტემბერს უნდა იცოდეთ
200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 18 წლამდე ბავშვებისთვის დღეიდან იწყება
18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება.
დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესი გადაიდო
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის სასამართლოში არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო. სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე დაიკითხა. პროცესის გადადების მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით, სასამართლოზე ნ.ხ-ს დაკითხვამ აჩვენა, რომ ძალადობის ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია.
შაქარაშვილის საქმე - პროკურატურის განცხადება და ახალი ჩვენებები
▪️ ნ.ხ.-მ არასრულწლოვანმა მოწმემ, რომელსაც დაზარალებულის სტატუსიც აქვს, შაქარაშვილის საქმეზე მოსამთლის თანდასწრებით პირველი ჩვენება მისცა. სხომის შემდეგ მას ...
საპირისპიროს ამტკიცებს პროკურორი. მისი თქმით, წარდგენილი ბრალდებები ყველა არასრულწლოვნის დანაშაულს ამტკიცებს. ადვოკატები ბრალდებულების უფლებების დარღვევაზეც ლაპარაკობენ იმის საფუძველზე, რომ პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომა მცხეთის სასამართლოში დღეს დილიდან განახლდება.
ბაჩალიაშვილის ოჯახი ომბუდსმენს შეხვდება
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს სახალხო დამცველს შეხვდება. ნინო ლომჯარიას მათ ინფორმაცია ოჯახის მიმართ თვალთვალისა და მუქარის შესახებ უნდა მიაწოდონ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზით, რომელიც ბაჩალიაშვილს ავტომობილს გუშინ ჩაუტარდა, ბევრი რამ დადასტურდება. მანქანის დათვალიერებამ ოჯახს დამატებითი კითხვები გაუჩინა - მათთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა ახალგაზრდა ქალს გადაადგილებისას კონდიციონერი, რამ დააზიანა ავტომობილის ნაწილი და სად გაქრა მეხსიერების ბარათი, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი, გასაღებთან ერთად, მუდმივად დაატარებდა. ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ, საგამოძიებო პროცესების გაჭიანურების გამო, ოჯახმა საპროტესტო აქციები განაახლოს.
არეულობა ცხინვალში
არეულობა იყო ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას შეეცადნენ. ადგილობრივი აქტივისტების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში დაახლოებით 1500 ადამიანი შეიკრიბა და ე.წ. პრეზიდენტის და გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო, რომელიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს.
ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ
ოკუპირებულ ცხინვალში ასობით მომიტინგე აქციას მართავს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ისინი სკანდირებენ "გადადექი", "გასამართლდეს ჯაგაევი". ამის შესახებ ინფორმაციას ეხო კავკაზა ავრცელებს. შენობა შემოსაზღვრულია ე.წ. ძალოვნების კორდონით. ე.წ. დეპუტატები დავით სანაკოევი და ზაზა დრიაევი დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და არწმუნებენ შენობისკენ არ დაიძრნენ. ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ დაკითხვის დროს შემოაკვდათ.
ახალგაზრდა მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.-ლ შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მოთხოვნის მიუხედავად შეკრებილებთან ე.წ. პრეზიდენტი არ გასულა, თუმცა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ე.წ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ 10-ი დღის ვადაში მიიღებს. მისი ინფორმაციით, ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ უკვე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს 7-ი თანამშრომელი.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1487 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1240 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 232 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5828 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 25.6 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 17.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 854 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.