logo
ENG



ამბები, რომლებიც 20 აგვისტოს უნდა იცოდე

20 აგვ 202009:06
3 წუთის საკითხავი
 
z08psja0bjh6aqx.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 20 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

შაქარაშვილის საქმე - გური ამირხანაშვილის ახალი ჩვენება

გური ამირხანაშვილის ახალი ჩვენება, რომლის გამოც, სავარაუდოდ, ხუთ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა - რადიო თავისუფლება ოქროს მოწმის მეხუთე გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს. ამირხანაშვილი ყვება, რომ მაშინ, როდესაც არაგვის ხიდიდან თბილისისკენ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებმა ის მანქანაში ჩასვეს, გზაში ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მას რამდენჯერმე ჰკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი. 

ამირხანაშვილის თქმით, გაგნიძემ მოგვიანებით კვლავ კითხა, იცოდნენ თუ არა იგივენაირად კარგად ცურვა, როგორც სირბილი. როგორც ამირხანაშვილის გამოკითხვაში ვკითხულობთ, მან იმ დროს ამ შეკითხვას ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ ის ამბობს, რომ მანქანაში უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა შემდეგი შინაარსის სიტყვები ახსენა - „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“. არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ჩვენება არა თავად გური ამირხანაშვილს, არამედ პროკურატურის დაწერილია, რადგან თუკი მან ეს საუბარი ნამდვილად მოისმინა, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს აუცილებლად შეატყობინებდა.

 

შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ოჯახი შიმშილობს

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მცხეთაში დღეს განახლდება. სასამართლოზე უფლებადამცველები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. შემდგომ კი ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. არასრულწლოვნების ადვოკატების განმარტებით, მტკიცებულებები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს. არასრულწლოვნები წარდგენილ ბრალდებას ამ დრომდე არ აღიარებენ. ასევე, ზ.ხ იმ პროკურორის აცილებას ითხოვს, რომელიც მის გამოკითხვას ესწრებოდა. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ოჯახის წევრები შიმშილობას განაგრძობენ. ბრალდებული არასრულწლოვნის ბებია ორ დღიანი შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც არასრულწლოვნის მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, პროკურატურის მისამართით მისი მოთხოვნები უცვლელია - ბრალდებული არასრულწლოვნის მამა საქმეში სიცრუის დეტექტორის ჩართვას ითხოვს და აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორზე არა მხოლოდ მისი შვილი, არამედ, მოწმეები - გური ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და „ტოიოტა ქემრიში“ მსხდომი სხვა პირებიც უნდა შემოწმდნენ. თამაზ ხომასურიძე ასევე აცხადებს, რომ საქმის დამოუკიდებლად გამოძიებას იწყებს. 

 

ბაჩალიაშვილის საქმე - საგამოძიებო ექსპერიმენტი თეთრიწყაროში

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროში, სწორედ იმ ადგილას სადაც მისი ცხედარი იპოვეს, ერთ საათში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, საგამოძიებო მოქმედებას გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარებენ. ადვოკატი განმარტავს, რომ უწყებისა და გამოძიების მიმართ ნდობას საბოლოო შედეგი განსაზღვრავს.

 

უკვე მეორე დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

დაკარგული 31 წლის ვეფხვია ხაჩიძის კვალი მდინარის მარცხენა სანაპიროზე ქრება. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფია ჩართული. გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

სანქციები იუმორზე 

დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ფორმულას წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მომზადებულ სარჩელს განიხილავს. საუბარია - „ფსკერზე", რომელმაც სატირული სკეტჩი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მოამზადა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ მარეგულირებელი კომისია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ამბობს, რომ თუკი ტელეკომპანიას კომისია კომედიური ჟანრის გადაცემის გამო სანქციებს დაუწესებს, ეს ყველა მედიასაშუალებისთვის სახიფათო იქნება. კომედიურ-სატირული გადაცემა „ფსკერის“ ავტორი და წამყვანი, ნიკა ქავთარაძე კი აცხადებს, რომ ტელეკომპანიას ედავებიან ისეთ რამეს, რაზეც უკან დახევა არ შეიძლება.

 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იხსნება

8 თვის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო და 9 აპრილის მემორიალი ჯებირებსა და მწვანე ღობეში მოქცეული აღარ არის. პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. გვიან ღამიდან ტერიტორიაზე მოქალაქეებს გადაადგილება უკვე შეეძლოთ. როგორც ფორმულანიუსს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რეაბილიტირებული ტერიტორიის გახსნა დღეს იგეგმება. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მერიამ მწვანე ღობით 2020 წლის იანვარში შემოღობა. აქტივისტები სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის შეზღუდვას უკავშირებდნენ. შემოღობვამდე საკანონმდებლო ორგანოს წინ მერიამ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც აიღო და მის ნაცვლად ატრაქციონები დადგა. 

 

რას გადაწყვეტს ენმ ისანზე

დააყენებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ისანში საკუთარ კანდიდატს. რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა იყო, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და განხილვები გრძელდება. მისი განცხადებით, ეს ასეც რომ მოხდეს, არ ნიშნავს იმას, რომ პარტია გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებიდან გადის.

ფორმულას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ რაიონის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძე დაასახელა, ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა ხატია დეკანოიძე ან ზაალ უდუმაშვილი წარადგინოს. 

 

ვითარება ბელარუსში

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი 19 აგვისტოს მოაწერა. ახლა ჯერი საკანონმდებლო ორგანოზეა, რომელმაც სამთავრობო კაბინეტის ახალი შემადგენლობა ფორმალურად უნდა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დაინიშნა. ახალ მთავრობაში პოსტი შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმაც. რომან გოლოვჩენკო პრემიერ-მინისტრად პირველად მაისის მიწურულს დაინიშნა. 

ლიეტუვამ კი ბელარუსის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. გადაწყვეტილება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად შავ სიაში მოხვდა დანარჩენი 31 ადამიანიც, რომელიც ოფიციალურმა ვილნიუსმა არჩევნების გამყალბებლად და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო ქმედებების ჩამდენად მიიჩნია. ლინას ლინკევიჩუსის უწყების განკარგულებას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაამტკიცებს. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1361 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1098 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6903 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 22.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 15.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 791 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა