logo
ENG



ამბები, რომლებიც 22 აგვისტოს უნდა იცოდე

22 აგვ 202010:26
3 წუთის საკითხავი
 
qc5dxpg552avneh.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 22 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

თბილისიდან გატაცებული ბიზნესმენები

ფორმულას ინფორმაციით, თბილისში რამდენიმე დღის წინ ორთაჭალის 9 ნომერში მცხოვრები ორი ტაჯიკი ბიზნესმენი უცნობმა პირებმა ფულის გამოძალვის მოტივით გაიტაცეს, მოგვიანებით კი თანხის მიტანის პირობით გაათავისუფლეს. 

ჩვენი ინფორმაციით, გამტაცებლებმა ბიზნესმენები გააფრთხილეს, რათა მათ სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიემართათ, რადგან გამტაცებლებს უწყებაში ახლობლები ჰყავდათ.

გატაცებულთაგან ერთ-ერთი ბიზნესმენი ფორმულასთან ინფორმაციას არ ადასტურებს და სავარაუდო გატაცების შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, ბიზნესმენების საცხოვრებელ ბინაში პოლიციელები რამდენჯერმე იყვნენ. 

 

ბაჩალიაშვილის საქმე - ექსპერტიზის შუალედური დასკვნა

გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მთავარ კითხვებზე პასუხს მაინც ვერ სცემს. რამ გამოიწვია 23 წლის პროგრამისტის სიკვდილი კვლავ უცნობია. მის სხეულში ოთხი მედიკამენტის კვალია, მათ შორისაა წნევის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო წამლები. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული შესაძლო ზემოქმედების შესახებ დოკუმენტში საუბარი არ არის.

უნიჭოდ დადგმული თვითმკვლელობის ვერსიას უწოდებს დაღუპულის დედა საქმის მიმდინარეობას. ოჯახის თქმით, თეთრიწყაროში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტიც და შუალედური დასკვნაც მხოლოდ არჩევნებამდე დროის გაჭიანურებას ემსახურება.

 

ბასილაშვილის საქმე - ორი განსხვავებული ვერსია

ორი განსხვავებული ვერსია ადვოკატებისგან - ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველი ჩოგბურთელისთვის ბრალის დამძიმებას უარყოფს და ამბობს რომ ბრალი დაზუსტდა. დაზარალებული ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ბრალი დამძიმდა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდიც დაემატა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯამში ჩოგბურთელს ძალადობის 5 ეპიზოდზე ედავებიან.

ახლა ბრალდებულის მხარე ზეწოლაში დაზარალებულს ადანაშაულებს. ყოფილი ჩოგბურთელის ადვოკატი, ამბობს, რომ ბრალის დამძიმებაზე საუბარი ამერიკის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

 

გაიყიდება თუ არა მესი?

„ბარსელონას“ ადმინისტრაცია მესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. ინფორმაციას ესპანური მედიასაშუალებები წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ინფორმაციით, დირექტორატში, საბჭოს ზოგიერთი წევრი არგენტინელი ფორვარდის გასხვისებას არ ეწინააღმდეგება.

ლიონელ მესის კონტრაქტი 2021 წელს იწურება და უკვე რამდენჯერმე გავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს ბარსელონას დატოვება სურს. მესის შეძენის სურვილი „მანჩესტერ სიტიმ“ და მილანის „ინტერმა“ გამოთქვეს.

 

ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაჰყავთ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ. ის უკვე მოათავსეს თვითმფრინავში. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters იუწყება.

გადაწყვეტილება ექიმებმა კონსილიუმზე მიიღეს, რომელსაც ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი ესწრებოდა. რუსი ოპოზიციონერის ცოლმა იულია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა და თავისი ქმრის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის ნებართვის გაცემა მოსთხოვა.

ალექსეი ნავალნი ცუდად 20 აგვისტოს გახდა და მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1394 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1132 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6903 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 23.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 15.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 803 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა