logo
ENG



ამბები, რომლებიც 22 სექტემბერს უნდა იცოდე

22 სექ 202009:12
3 წუთის საკითხავი
 
5bxlwzhaepdgw6t.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 22 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

ბაჩალიაშვილის საქმე - რა ელის ადვოკატს

გვიან ღამემდე იმყოფებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი. ექსპერტიზა რამიშვილის მობილურ ტელეფონს უტარდებოდა. მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ მობილურიდან კონფიდენციალური ინფორმაციაც ამოიღო, რაც მისივე თქმით, უკანონობაა. ადვოკატი ფაქტს პროკურატურის მხრიდან მის საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს. სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროსთან მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატები შეიკრიბნენ.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. ამის შესახებ ადვოკატმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. რამიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სატელიტური ფოტოების ფალსიფიცირების საკითხი დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ სატელიტური კადრების ფალსიფიცირება დადასტურდება, საქმის პროკურორი, დავით გურგენიძე რამიშვილისა და ფურცხვანიძის მიმართ სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა. 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 31,4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 23.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 969 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 800-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების საქმე

ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების საქმეზე ბრალი მეოთხე პირსაც წარუდგინეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, აღკვეთი ღონისძიების სახით მიესჯება თუ არა მას პატიმრობა. საქმე გატაცებას, ძალადობასა და ფულის გამოძალვას ეხება. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე დააკავეს, რომელიც გამოძიებას არათანმიმდევრულ ჩვენებას აძლევს.

ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების ფაქტზე ახლა უკვე 4 პირია დაკავებული, მათგან ერთი, ბაქარ ფარეულიძე სალაფიტურის თემის ერთ-ერთი ლიდერის ძმაა. ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ეთერში 22 აგვისტოს გავიდა, გამტაცებლები ბიზნესმენებს ემუქრებოდნენ, რომ პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან მათ უწყებაში ახლობლები ჰყავდათ.

 

სისხლიანი დაპირისპირება ქუთაისში

რესტორან „პალადიუმის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. შელაპარაკება რესტორანში დაიწყო. მამაკაცის დაჭრის შემდეგ ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 20 წლის ბიჭს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

.

 

სამოქალაქო აქტივისტების საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია

სამი საჩივარი 2019 წლის 18 ნოემბრის აქციის დაშლას, აქტივისტების დაკავებასა და მათ ადმინისტრაციულ პატიმრობას ეხება. მოსარჩელე მხარე გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი კაჭარავა არიან. მაქარაშვილი აცხადებს, რომ საქმეში ბევრი ისეთი გარემოება იკვეთება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაითვალისწინებს და გადაწყვეტილებას მოსარჩელეების სასარგებლოდ მიიღებს. საქმის იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა იმის მანიშნებელია, თუ როგორ იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში.

 

გერმანიის გაფრთხილება

საქართველოში COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გამო გერმანიის მთავრობამ საქართველო რისკ-ჯგუფის ქვეყნების სიაში შეიყვანა და საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. ცვლილება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს დაარეგისტრირა. ოფიციალურმა ბერლინმა გადაწყვეტილება სექტემბრის მეორე ნახევარში კორონავირუსის მაჩვენებლის ზრდით ახსნა.

 

სუს-ის გაზრდილი უფლებამოსილება 

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმაურება. მათ მიაჩნიათ, რომ თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მის შემადგენლობაში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებები უკონტროლოდ გაიზრდება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის წევრის, თამარ ხიდაშელის თქმით, კანონის მიღებამ, შესაძლოა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისა და ბიზნესის ტოტალური კონტროლი გამოიწვიოს. 

 

ავსტრალიაში ოკეანემ ვეშაპები გამორიყა

ავსტრალიაში, კუნძულ ტასმანიის სანაპირომ 300-მდე ვეშაპი გამორიყა. მაშველები ამბობენ, რომ მათგან სულ მცირე ერთი მესამედი გარდაცვლილია. კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ინციდენტი მაშველებმა ორშაბათს შენიშნეს. ისინი ოკეანის ბინადრების ნაწილის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. უცნობია რა გახდა პილოტი ვეშაპების სანაპიროზე მასობრივი გამორიყვის მიზეზი. ბოლოს მსგავსი ფაქტი 2009 წელს მოხდა. მაშველებმა მაშინ კუნძულზე 200-მდე ვეშაპი იპოვეს.


close დახურვა