logo
ENG



ამბები, რომლებიც 23 ივლისს უნდა იცოდე

23 ივლ 202009:25
3 წუთის საკითხავი
clock 2377
51thtmq0rc7vz9i.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 23 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ამ დრომდე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება. ოჯახის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში არ ჰქონდათ ყინულები და გარდაცვლილი გოგონას სახლში გადასვენება გუშინვე ვერ მოხერხდა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ყინულები ექსპერტიზის ბიუროში ოჯახმა მიიტანა და ბაჩალიაშვილს სახლში დღეს გადაასვენებენ. ყინულის არ ქონას უარყოფს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ტერიტორია კვირას საკუთარი ძალებით დაათვალიერეს და ადგილზე საეჭვო კვალს ვერ მიაგნეს. თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა არ გამორიცხავს, რომ ავტომობილი ადგილზე მოგვიანებით მიიყვანეს, რასაც მანქანის კვალიც მოწმობს. ბიძა ეჭვობს, რომ რამდენიმე დღის კვალს წვიმა წაშლიდა.

საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა 16 წლის მწყემსი, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში იპოვა. არასრულწლოვნის ოჯახის წევრები სხვა დეტალებს მედიასთან არ ყვებიან. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები კი ამტკიცებენ რომ, ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას დაინახეს, რა დროსაც გოგონა ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. 

 

დაკავებები აქციაზე შსს-სთან

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დროს გახმაურებული საქმეების გამოძიების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა 3 ადამიანი, ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და "შეცვალეს" წევრი ოთო შენგელია დააკავეს. აქციაზე დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია.ზვიად კუპრავა აქციის მონაწილეების დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევს. 

 

დაკითხვები შაქარაშვილის საქმეზე

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიან ღამემდე კითხავდნენ ერთ არასრულწლოვანს და საქმის ერთ-ერთი მთავარ ფიგურანტ ვახო ახვლედიანს. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე უწყება კომენტარის გარეშე დატოვა მისმა უფლებადამცველმა ანა ჟღენტმა. გამოკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია არც საქმის ვახო ახვლედიანს. მისი უფლებადამცველის განცხადებით კი, საგამოძიებო უწყებაში დამატებითი შეკითხვებით გარკვეული გარემოებები დაზუსტდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალმა მოწმემ „დროებასთან" ინტერვიუს შემდეგ ჩვენება გამოძიებასაც მისცა. როგორც მოწმე ამბობს, მან 15 ივლისს, ვარკეთილში, 105-ე სკოლასთან ოთხი პირის საუბარი მოისმინა. მათგან ორი ახალგაზრდა, ორი კი შუახნის იყო. მოწმე ამბობს, რომ მისი ყურადღება შაქარაშვილის გვარის ხსენებამ მიიქცია. მისი მტკიცებით, ახალგაზრდები განიხილავდნენ კონკრეტულ ადგილას გადააგდეს თუ არა რაღაცა. მოწმე ჩვენებაში ყვება, რომ უბანში აღნიშნული ოთხი პირი არასდროს შეუმჩნევია, თუმცა ამოცნობა შეუძლია.

 

დაჭრა ადიგენში 

კრიტიკულად მძიმეა ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის ბექა გოგრიჭიანის მდგომარეობა. მედიკოსების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ქალატვინის მძიმე ტრავმა აღენიშნება. მომხდარის დეტალები უცნობია. გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

 

ევროკავშირი სომხეთზე

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრეა. განცხადება ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა. ჯოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბარი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა. სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ჯოზეფ ბორელმა ორივე მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება და თავი შეიკავონ ისეთი რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს. მან ასევე ხაზი გაუსვა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მუშაობის განახლების აუცილებლობას.

 

ხანძარი საბერძნეთში

საბერძნეთში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ხანძარი აღმოსავლეთ პელოპონესის რეგიონში დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე სოფლების ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის ხელს. ინფორმაცია დაშავებულებს შესახებ არ ვრცელდება. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1073 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 907 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5724 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 15.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 9.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 630 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 63 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 


close დახურვა