logo
ENG



ამბები, რომლებიც 24 ივლისს უნდა იცოდე

24 ივლ 202009:14
3 წუთის საკითხავი
clock 1763
87dwua7wv90q5hs.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 24 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ღამით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდა. რუსთავის პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა,რომ მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი. რამიშვილი ითხოვს რომ ეს სტატუსი გარდაცვლილის მამას მიეცეს. ადვოკატისთვის ასევე გაუგებარი რატომ მიდის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, როდესაც 23 წლის გოგოა გარდაცვლილი. უფლებადამცველი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 

დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გვამის ექსპერტიზის საბოლოო პასუხი. მანამდე დამოუკიდებელ ექსპერტებს სიკვდილის გამომწვევ მიზეზზე საუბარი უჭირთ. ცენტრ „ემპათიას'' დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, ვინაიდან ბაჩალიაშვილის ცხედრის მდგომარეობიდან გამომდინარე ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა. 

 

შაქარაშვილის საქმის კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 105-ე სკოლის მანდატური გამოიკითხა, ასევე ამოღებულია სკოლის კამერების ჩანაწერები. ეს სწორედ ის სკოლაა, სადაც ფორმულას რესპონდენტმა შაქარაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული პირების საუბარი მოისმინა. ასევე გავრცელდა დიჯეი კოკოს ახალი ჩვენებაც, რომელშიც ის ავტობანზე ძალადობის მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ მას მერსედესის ტიპის ავტომობილიდან გადმოსული პირები დაედევნენ, მათგან ერთ-ერთს კი ხელში მოგრძო საგანი ეჭირა. 

ჩვენებაში დიჯეი კოკო ყვება, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ის გზაზე მოძრავ მანქანას გადაუდგა და მასში ჩაჯდა, თბილისში ჩასულმა კი მეგობრები ნახა და მცხეთაში დარჩენილ ბიჭებს ჩააკითხა. მისი მტკიცებით, შაქარაშვილზე ძალადობა სწორედ იმ მონაკვეთში მოხდა, როდესაც ის მცხეთიდან თბილისში წავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან და მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარია საქმეში ალტერნატიული ექსპერტის ჩართვას არ გამორიცხავს. ომბუდსმენის აპარატი საქმის მასალებს ეცნობა,სწავლობს არსებულ გარემოებებს და ხვდება ბრალდებულებსა და დაზარალებულებს. 

 

აქცია შსს-სთან

გვიან ღამემდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. აქციაზე მიტოვებული საქმეების გამოძიების მოთხოვნით შვილმკვდარი მამები შეიკრიბნენ. შეკრებილებს უწყების წარმომადგენლები შს მინისტრთან შეხვედრას დაპირდნენ. იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეების კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

გამოუძიებელი საქმეების გამო დამოუკიდებელი დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ვახტანგ გომელაური არა დანაშაულის გამოძიებით, არამედ „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული. მისი თქმით, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ბათუმში, მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატი, გომელაურის უწყების თანამშრომელი, პოლიციის გენერალ-მაიორი, რესან კონცელიძეა

 

დაჯარიმებული ფესტივალები

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ფონზე მმართველი გუნდი კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებს აჯარიმებს. მაშინ, როდესაც ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარება დაშვებულია, აღმოჩნდა, რომ მთავრობა ელექტრონულ მუსიკას კულტურად არ მიიჩნევს. შრომის ინსპექციამ კომუნა მზესუმზირას და კლუბ მტკვარს რეკომენდაციების დარღვევისთვის 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერა. 

ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ყველა დეტალი ინსპექციასთან წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული. კლუბების და ფესტივალების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ზუსტად 1 კვირის წინ კიკვიძის პარკის გახსნაზე ქვეყნის პრემიერმა მმართველი გუნდის მიერ რეგულაციების დარღვევა თავადვე აღიარა, სოციალური დისტანცია არ იყო დაცული არც დენდროლოგიური პარკის გახსნაზე. 

 

მუსლიმური ღვთისმსახურება აია-სოფიაში

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში დღეს მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდება. ლოცვას რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრება. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა აია-სოფიას შესასვლელში განთავსებული აბრა შეცვალა. საერთაშორისო გაერთიანებებისა და ქრისტიანული ეკლესიის ლიდერთა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა. 

via GIPHY

 

აქცია იერუსალიმში წყლის ჭავლით დაშალეს

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ შეკრებილებმა საპროტესტო მსვლელობა ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მოაწყეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მიზეზი კორონავირუსის კრიზისი და სავარაუდო კორუფციაა. გაიმართა კონტრაქციაც. ისრაელის პარლამენტმა გუშინ სადავო კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას ქვეყანაში კარანტინის მოულოდნელად გამოცხადების უფლებას ანიჭებს. გადაწყვეტილებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში აქციები გახშირდა. 

via GIPHY

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1085 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 911 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 268 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5936 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 15.6 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 9.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 636 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა