logo
ENG



ამბები, რომლებიც 24 სექტემბერს უნდა იცოდე

24 სექ 202009:25
3 წუთის საკითხავი
clock 1061
64z7h22l9vpqvby.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 23 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების წარდგენა 

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ენმ - ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 25 საარჩევნო ოლქში წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაუსახელებიათ – საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქებში. 

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძე აღარ იქნება. მის ნაცვლად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინეს. ჟორჟოლიანის თქმით, წყალტუბოსა და სამტრედიაში მაჟორიტარობის კანდიდატობა წარდგენამდე 2 საათით ადრე გადაწყვიტა.

ჩხეიძე, ოქრიაშვილი, ჟორჟოლიანი - "ძალა ერთობაშიამ" მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

-.

თბილისის 3 ოლქში - გლდანში, სამგორსა და ისანში ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე იყრიან კენჭს. ზუგდიდში კანდიდატად ექიმი მალხაზ ჯალაღონია წარადგინეს. პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე კი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. კანდიდატთა სიაში მოხვდნენ კახა ოქრიაშვილი და ნატო ჩხეიძეც.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის, კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გიორგი თარგამაძის ფორმულაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, ჭანკოტაძე პროპორციული სიის ერთ-ერთ წამყვან ნომრად დასახელდება და ბრძოლას ასე გააგრძელებს.


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 გარდაიცვალა. 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 32 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 23.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 982 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 62 300-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

როგორი ეპიდვითარებაა ბათუმში

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მათგან 9 კოვიდპაციენტი კრიტიკულად მძიმეა. ეზუგბაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ე.წ. საწოლფონდი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საკმარისია, თუმცა უცნობია, რა დინამიკით გაგრძელდება ინფიცირებულთა მატება. ასევე იგეგმება, რომ COVID-19-ის ძირითადი მიმღები მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს.

 

მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის 2 522 საწოლი თავისუფალია. გაბუნიას თქმით, ბინაზე მოვლის მეთოდის პროტოკოლი მინისტრის ბრძანებით უკვე დამტკიცებულია. განსხვავებული მოსაზრება აქვს გიორგი კამკამიძეს. დარგის სპეციალისტს მიაჩნია, რომ ბინაზე მკურნალობის მეთოდი ქვეყანაში აქამდე უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება ეპიდემიის თვალსაზრისით უსაფრთხო ზონას, მისი თქმით, იმ მონაცემებით რაც ქვეყანაშია, საქართველო უკვე წითელ ზონად ითვლება.

 

შაქარაშვილის საქმე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 11 საათზე შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ადვოკატების თქმით, სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენით გაგრძელდება. ამასთან, შესაძლოა, პროცესზე ამირხანაშვილი, ბრეგვაძე ან ახვლედიანი გამოკითხონ. ისინი საქმის მთავარი მოწმეები არიან. რაც შეეხება ბრალდებულების გამოკითხვას, დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ, თავიანთი სურვილით, ჩიქოვანი და გაგნიძე გამოკითხონ.

 

წერეთლისა და ტიხანოვსკაიას საუბარი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი წერეთელმა, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერსა და საპრეზიდენტო კანდიდატთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, ონლაინ შეხვედრა გამართა. გიგი წერეთლის თქმით, დღეს, ბელორუსში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია და ეუთოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ დაეხმაროს ბელორუს ხალხს ვითარების განმუხტვასა და დიალოგის დაწყებაში.

 

DRI მინისტრებს წერილით მიმართავს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკითხის მოგვარებისთვის დავით ზალკალიანს, თეა ახვლედიანსა და გრიგოლ ლილუაშვილს წერილით მიმართა. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნა, მეარაყიშვილის უფლებების დაცვა და იმ ზეწოლისგან გათავისუფლებაა, რომელსაც აქტივისტი 3 წლის მანძილზე განიცდის. ნანუაშვილი ასევე ამბობს, რომ მეარაყიშვილი მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო გახდა დე ფაქტო ხელისუფლებისგან ზეწოლის საგანი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის აზრით, ფაქტზე ხელისუფლებას რეაგირება უნდა ჰქონდეს. 

 

ობამა გისმენთ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს მასთან დაკავშირება სთხოვა.

„თუ აშშ-ში იმყოფებით, მომწერეთ ნომერზე 773-365-9687. მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ და როგორ აპირებთ წელს არჩევნებში მონაწილეობას. პერიოდულად ხაზზე ვიქნები და გაგიზიარებთ ჩემს აზრებს,“ - წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

 

დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის

18 სექტემბერს აღმოჩენილი ასტეროიდი დღეს დედამიწას დაახლოებით 20 ათასი კილომეტრის სიახლოვით ჩაუვლის. NASA-ს განცხადებით, ასეთი პატარა ასტეროიდების ჩავლა მომავალშიც მოსალოდნელია და ეს დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 


close დახურვა