logo
ENG



ამბები, რომლებიც 25 ივლისს უნდა იცოდე

25 ივლ 202009:58
3 წუთის საკითხავი
 
vljl67x9uo31aj2.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 25 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

სვანეთში დაკარგულ მოზარდს უკვე მე-8 დღეა ეძებენ

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები დილიდან გრძელდება. მაშველები მოზარდს ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ეძებენ. ილიას ოჯახი პოლიციის მუშაობით უკმაყოფილოა.

დაკარგულის დედ-მამა გვიყვება, რომ ამ დრომდე არ არის ამოღებული პოლიციის საგუშაგოსთან დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც ბავშვის გადაადგილების გარკვევა შესაძლებელი გახდებოდა. 

ბიჭს საკუთარი ძალებით ეძებს მოზარდის მამაც. მისი თქმით, შვილთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა და იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის მზადება. დავით ფილფანის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიციაში ხშირად უწევს გამოკითხვაზე სიარული, როცა ძიებაში მისი მონაწილეობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. 

 

ახალი მიმოწერა შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები უკვე პირველი სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან. მკაცრი ვადების გამო, პირველი პროცესი 31 ივლისს გაიმართება. ბრალდებულთა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმება არ ემუქრებათ. 

დამატებითი დეტალები ირკვევა საქმის ფიგურანტების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მიმოწერებითაც. მათ შორის არის წვეულების არასრულწლოვანი სტუმარი ნ.ხ. რომელიც მის მეგობართან საუბარში ფიზიკური განადგურებით ემუქრება მათ, ვინც აგარაკის ჩხუბის დროს სცემეს. მას ეს მიმოწერა წაშლილი ჰქონდა და საგამოძიებო უწყებამ აღადგინა. არასრულწლოვანი გამომძიებლებთან ამტკიცებს, რომ არ ახსოვს, ვის გულისხმობდა მიმოწერაში.

რა კავშირშია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმესთან და რა ურთიერთობა აქვს მას „კაწროსთან". ნახეთ დღეს, შაბათის ფორმულაში, 20:00 საათზე.

 

ბაჩალიაშვილის საქმე

მოკლეს თუ თავი მოიკლა? - რა იცოდა თამარ ბაჩალიაშვილმა ისეთი, რომ დღეს ის ცოცხალი აღარაა. 23 წლის პროგრამისტი გოგოს ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. 

საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. გარდაცვლილის მამას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამ ყველაფერს ოჯახი 2 დღის განმავლობაში ითხოვდა, ვინდაინ ამ სტატუსის გარეშე ოჯახის ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომა არ ჰქონდა.

 

პრინცესა დიანას წერილი აუქციონზე გაიყიდება

ლედი დის პირადი წერილი, რომელიც თავის მეგობარს, დადლი პოპლაკს მისწერა, 1991 წლის 27 ივნისითაა დათარიღებული. პრინცესა დიანამ წერილი თავისი 30-ე დაბადების დღემდე 4 დღით ადრე დაწერა. 

„საინტერესოა, რას მომიტანს შემდეგი ათწლეული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. მადლობელი ვარ ჩემი ფოტოებისა და სიყვარულისთვის,“ - წერდა პრინცესა დიანა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1117 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 917 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 268 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5936 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 15.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 9.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 642 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 


close დახურვა