logo
ENG



ამბები, რომლებიც 26 ივლისს უნდა იცოდე

26 ივლ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
2odm94zitm40xrd.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 26 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსის კავშირი შაქარაშვილის საქმესთან


გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი ჩნდება. „შაბათის ფორმულას“ სანდო წყარო უყვება, რომ იმ შენობის დაწვის უკან, სადაც 19 ივნისის ღამეს საქმის მთავარი მოწმეები, გური ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი იმალებოდნენ, მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი დგას.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი სწორედ მისი დავალებით გააჩინეს, რათა იქ  გამოძიებას დეენემის ვერცერთი ნიმუში ვეღარ ენახა.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსისა და კაწროდ ცნობილი, ავთანდილ ბილანიშვილის საეჭვო კავშირია.

დადასტურებული ფაქტია, რომ  2016 წელს, შარდენზე მომხდარი ჩხუბის დროს ბილანიშვილი ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამჟამად მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი მაშინ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს კურირებდა.

წყარო გვიყვება, რომ თანამშრომლები „კაწროს“ დაკავებისთვის სწორედ თამაზაშვილმა გაათავისუფლა.

 

ბაჩალიაშვილი შესაძლოა რუსულ სპეცსამსახურთან დაკავშირებულ პროგრამაზე მუშაობდა

 

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გუშინ დაკრძალეს. „შაბათის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი  შესაძლოა მუშაობდა პროგრამაზე, რომელიც კავშირშია რუსულ სპეც. სამსახურებთან.

„ფორმულასთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის  მკვლელობაში რუსულ კვალს ეძებს გამოძიებაც.

23 წლის პროგრამისტი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგოს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში ოჯახმა განცხადებით პოლიციას მიმართა და ძებნის დაჩქარება მოითხოვა, თუმცა გაუჩინარებიდან მეხუთე ღღეს, სანამ ოჯახმა და ახლობლებმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალი არ გადაკეტეს, მისი მოძებნა პოლიციამ ვერ შეძლო.

როცა ბაჩალიაშვილის ძებნა მიმდინარეობდა, მანქანა იქ არ იდგა, სადაც ბოლოს მწყემსმა იპოვა. მწყემსი "ინფო რუსთავს" უყვება, რომ ამ მიდამოებში ყოველდღე დადიოდა და ბაჩალიაშვილის ვერცხლისფერი „ჰიუნდაი“ არ უნახავს.

 

ბიჭი, რომელიც ბათუმში ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ნახეს, ილია ფილფანი არ აღმოჩნდა


ბიჭი, რომელიც ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ნახეს, 13 წლის ილია ფილფანი არ აღმოჩნდა. ინფორმაცია „ფორმულას“ მოზარდის მამამ დაუდასტურა.

ბიჭი, რომელიც ბათუმში ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ნახეს, ილია ფილფანი არ აღმოჩნდა

ბიჭი, რომელიც ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ნახეს, 13 წლის ილია ფილფანი არ აღმოჩნდა. ინფორმაცია „ფორმულას" მოზარდის მამამ დაუდასტურა. შეგახსენებთ, ბათუმში თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ 13 წლის ილია ფილფანი, რომელსაც მერვე დღეა ეძებენ, სწორედ ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე დაინახეს. 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.

შეგახსენებთ, ბათუმში თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ 13 წლის ილია ფილფანი, რომელსაც მერვე დღეა ეძებენ, სწორედ ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე დაინახეს.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.


ქობულეთში სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს


სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა ქობულეთში დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.

„ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

 

ჩრდილოეთ კორეაში შესაძლოა კორონავირუსის პირველი სავარაუდო შემთხვევა დადასტურდეს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სასწრადო შეხვედრა მოიწვია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID-19-ის პირველი სავარაუდო შემთხვევის ეჭვები გაჩნდა. ამის შესახებ, ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია იუწყება.

KCNA- ს ცნობით, სავარაუდო ინფიცირებული 3 წლის წინ სამხრეთ კორეაში გაიქცა, ახლა კი ჩრდილოეთ კორეის საზღვრები უკანონოდ გადმოკვეთა. მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა უკვე მიიღო შესაბამისი საიზოლაციო ზომები რელევანტურ მხარეებში და გამოძიების შემდეგ, ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისია პირს „მკაცრ სასჯელს დაუწესებს”.

 

ტაილანდში LGBT+ აქტივისტებმა აქცია გამართეს


ბანგკოკში ასობით ტაილანდელმა ლგბტ აქტივისტმა პროდემოკრატიული აქციის დროს ცისარტყელის დროშები აღმართა. აქტივისტებმა ქალაქის ცენტრში, სადაც პოლიცია იყო განლაგებული, იცეკვეს და იმღერეს. აქციაზე არ დაფიქსირებულა ძალადობის ფაქტი.

”ჩვენ დღეს აქ დემოკრატიის მისაღწევად ვართ. ამის შემდეგ, თანაბარი უფლებებიც გვექნება,” - უყვება ერთ-ერთი აქტივისტი Reuters-ს.

მისი თქმით, ტაილანდში ლგბტ ჯგუფებს "ჯერ კიდევ არ აქვთ თანაბარი უფლებები, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ როგორც დემოკრატიისკენ, ასევე თანასწორობისკენ".



COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


1131 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 920 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 326 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6439 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 16.2 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 9.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 648 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა