logo
ENG



ამბები, რომლებიც 27 აგვისტოს უნდა იცოდე

27 აგვ 202008:58
3 წუთის საკითხავი
clock 1471
8nlpxt55kyld4bd.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 27 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

გარდაცვლილი მოზარდის საქმე

სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა და მან ადვოკატის აყვანაზე უარი განაცხადა. იგი პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. 

გარდაცვლილის დედას, რომელიც საბერძნეთში იმყოფება, ქვეყანაში დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს. მათი განცხადების მიხედვით, დედას, ქვეყანაში დაბრუნებისას საქართველოს მთავრობა PCR ტესტირებას ჩაუტარებს. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდა, რადგან საბუთებში არსებული პრობლემების გამო დედა თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

 

დაჭრა თბილისში

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 27 წლამდე კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გულ-მკერდის არეში ჭრილობით მოათავსეს. ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. გვიან ღამემდე კლინიკის ეზოში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

 

ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობა გრძელდება. უწყებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ის პოლიციელის, ჯიმშერ აფციაურისა და მწყემსის შვილის ხელახალ ჩვენებებს გაეცნო. რამიშვილის თქმით, პოლიციელი ჩვენებაში საკუთარი თავის დაცვას ცდილობდა. იგი აღნიშნავს, რომ აფციაურს გააჩნია ინფორმაცია, თუ როგორ აღმოაჩინეს ავტომობილი შემთხვევის ადგილზე. 

მისივე განცხადებით, პოლიციელს აქვს ინფორმაცია კონკრეტული პირების შესახებ, რამაც შესაძლოა საქმე გახსნას. პროკურატურაში ხელახალი ჩვენება მისცა ბაჩანა ლობჟანიძემაც. მისი თქმით, უწყებას ინფორმაცია ახალი გარემოებების შესახებ მიაწოდა. ლობჟანიძემ FACEBOOK ჯგუფის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისი განმარტებით, ჯგუფის წევრებს ფსიქოლოგიური ზეწოლით სუიციდს აიძულებენ. 

 

ცენზურის მცდელობა „ფორმულაზე"

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დღეს „ფორმულას” წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელს განიხილავს. საუბარია - გადაცემა "ფსკერზე", რომელმაც პირველი არხის შესახებ სატირული სკეტჩი მოამზადა. საზმაუს მტკიცებით, იუმორისტულ-სატირულმა გადაცემამ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე აცხადებს, რომ სარჩელის პირველი პუნქტი, რომელიც პირველი არხის ლოგოს გამოყენებას გულისხმობდა მარეგულირებელმა კომისიამ დააკმაყოფილა, რასაც გუმბარიძე აბსურდად აფასებს. „ფორმულას“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი სხვა ოპოზიციური არხებისთვისაც გამაფრთხილებელი სიგნალია. 

 

ხატია დეკანოიძე ისანში მაჟორიტარობის კანდიდატია

„ნაციონალური მოძრაობა“ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძეს აყენებს. პარტიის გადაწყვეტილებით, იგი გიორგი ვაშაძის კონკურენტი იქნება. სხვა ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ენმ-მა შეთანხმება დაარღვია, თუმცა, მათი თქმით, ეს ერთობაში მნიშვნელოვან განხეთქილებას არ გამოიწვევს. განსხვავებულად ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აცხადებენ, რომ შეთანხმება, საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურის დაყენებით, თავად გიორგი ვაშაძემ დაარღვია.

Security Check Required

null

ფეისბუქზე გამოეხმაურა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენებას გიორგი ვაშაძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი წერს, რომ ენმ-მა ხატია დეკანოიძის წარდგენით, შეთანხმება დაარღვია. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ გაერთიანებაში პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხებაზე არ ფიქრობს.

 

ვითარება აშშ-ში

უისკონსინში  მიმდინარე არეულობის ფონზე დონალდ ტრამპი შტატში ეროვნული გვარდიის მებრძოლებს აგზავნის. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. თეთრი სახლის ინფორმაციით,  ქალაქ კენოშა-ში, სადაც  უკვე 4 დღეა პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო გამოსვლები არ ცხრება,  ეროვნული გვარდიის ათასზე მეტი მებრძოლი და 200 მეტი ეფ-ბი-აის აგენტი იქნება დისლოცირებული. 

სამართალდამცველების ცნობით,  უკვე დაკავებულია  ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც  აქციის დროს  მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა.  17 წლის მოზარდს  ბრალი პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს  წაყენებული.  საპროტესტო გამოსვლები კენოშაში 23 აგვისტოს დაიწო. მომიტინგეები იმ სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც  29 წლის შავკანიან მამაკაცს  ესროლეს.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1436 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1150 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 236 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6010 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 16.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 829 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა