logo
ENG



ამბები, რომლებიც 27 ივლისს უნდა იცოდე

27 ივლ 202009:27
3 წუთის საკითხავი
clock 1438
9aq9avx3r3o4g5g.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 27 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

 

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. სასამართლომ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. საქმეს არასრულწლოვნების ნაწილი გამოეყო და მათ მიმართ პატიმრობის დატოვების საკითხზე სხდომა ივლისის ბოლოს გაიმართება. ადვოკატები პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ საქმეში ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებისთვის არანაირი საფუძველი არ არის.

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი გამოძიებას კომპლექსურ კომისიური ექსპერტიზის ჩატარების რეკომენდაციას აძლევს. ადვოკატი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაძლოა ბაჩალიაშვილის ლეპტოპი დღეს გაიხსნას. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ გამოძიებას სულ რამდენიმე დღეს აძლევს, რათა ის მასალა რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ გადაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა სახელს დაარქმევს ამ ვითარებას და მისი მხრიდან გარკვეული რეაგირება მოჰყვება.

 

საპროტესტო აქცია ჭოპორტში

 

სოფელ ჭოპორტის მოსახლეობამ გუშინ ნატახტარი-ჟინვალის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტობანი სოფელს ორ ნაწილად გაყოფს. პროექტი საფრთხეს შეუქმნის უნიკალურ ეკოსისტემას და სოფლის მეურნეობას. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტობანის მშენებლობის სამი ალტერნატიული პროექტი არსებობდა, მათგან ყველაზე ნაკლებადხარჯიანი, თუმცა სოფლისთვის ყველაზე დამაზარალებელი შეირჩა.

ადგილობრივები მთავრობას შეხვედრას სთხოვენ და სახელმწიფოსგან ავტობანის პროექტის ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

 

ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

პარიზში, 104 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი, ჰოლივუდის ოქროს ეპოქის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი, ოლივია დე ჰევილენდი გარდაიცვალა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას ფილმში  ,,ქარწაღებულნი'' შესრულებულმა როლმა მოუტანა, რომლისთვისაც ის ოსკარზეც იყო წარდგენილი.

ოქროს ქანდაკება როგორც საუკეთესო მსახიობმა, ოლივია დე ჰევილენდმა 40-იან წლებში სხვადასხვა ფილმებისთვის ორჯერ მოიპოვა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის პარიზში ცხოვრობდა. მისი წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.  

 

არეულობა აშშ-ში

 

შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციები არ წყდება. სიეტლში პოლიციის ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო ​მსვლელობა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.  პოლიციამ 45 ადამიანი დააკავა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 59 პოლიციელი. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები, ბოთლები და პიროტექნიკა დაუშინეს, ჩაამსხვრიეს შენობების ფანჯრები. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა მშენებარე არასრულწლოვანთა იზოლატორის დაწვა სცადეს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ადგილზე დამატებითი ფედერალური ძალების გაგზავნის მზადყოფნის უკვე გამოთქვეს.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1137 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 922 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 326 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6439 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 16.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 10 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 652 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა