ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 29 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის მცხოვრები გადაცემა პოლიტმეტრთან ამტკიცებს, რომ, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილი მისი გაუჩინარების გამოცხადებიდან მეორე დღეს სოფელში დაინახა. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ კი ელბაქიძე გადაცემას დაუკავშირდა და თქვა, რომ უცხო მანქანა სოფელში არა თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღეს, არამედ ერთი დღით ადრე, 18 ივლისს შენიშნა. საგულისხმოა ისიც, რომ ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ პოლიციას კომუნიკაცია ჰქონდა სოფელ მაწევანის მცხოვრებლებთან, დაინტერესდა ეკატერინე ელბაქიძის მშობლებით და მათი მობილური ტელეფონის ნომრები მოიძია.
რაც შეეხება ბაჩალიაშვილის პერსონალურ კომპიუტერს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 23 წლის პროგრამისტის კომპიუტერის სკანირების პროცედურა დაიწყო, რომელსაც ოჯახის ადვოკატი დაესწრო. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზისთვის კომპიუტერის კოდი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. უფლებადამცველს კითხვები აქვს ბაჩალიაშვილის ფეისბუქ გვერდის გაქრობასთან დაკავშირებითაც.
=რამიშვილი: ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს
სროლა პანკისში
გვიან ღამით სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. ცეცხლი მურად ქავთარაშვილის სახლს გაუხსნეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე 3 პირი გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთია ასლან მუთოშვილი, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა.
დედოფლისწყაროდან დაკარგული 2 მოზარდი ცოცხალი იპოვეს
კახეთიდან გაუჩინარებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის თქმი, მოზარდები ოჯახისგან ფარულად თბილისში ბიძის მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. ორივე არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. მათ 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. თავდაპირველად, 11 წლის არასრულწლოვანი იპოვნეს, რომელმაც პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა, თუ სად უნდა მოეძებნათ მეორე დაკარგული.
შაქარაშვილის საქმე
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში თითქმის 6 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ დაბადების დღეზე მყოფი პირები. უცნობია, რა კითხვები ჰქონდა უწყებას ანა გაბეჩავას მეგობრებთან. მათ დაკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ ვანო თეგაძე და ერთი არასრულწლოვანი დაკითხვაზე უწყებაში უკვე მეორედ იმყოფებოდნენ.
ელისო კილაძის ინფორმაციით, დაჩი ბუაძე და „კაწრო“ იგივე ავთო ბილანიშვილი მალე საქართველოს დატოვებენ. „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ამბობს, რომ ბუაძემ რომელიც ბილანიშვილის მეგობარია, თბილისი უკვე დატოვა, მალე კი საქართველოსაც დატოვებს. იგივე გეგმები აქვს „კაწროსაც“. მისი თქმით, ბუაძე და „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულების მფარველები არიან. „ფორმულა ნიუსი“ ეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და დაჩი ბუაძესთან დაკავშირებას, თუმცა მისი ტელეფონი მიუწვდომელი იყო.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1145 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 927 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 337 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6489 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 16.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 10.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 663 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.