logo
ENG



ამბები, რომლებიც 30 ივლისს უნდა იცოდე

30 ივლ 202009:10
3 წუთის საკითხავი
 
lex3a848g94oxzf.jpg

 

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 30 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

მფარველობენ თუ არა შაქარაშვილის საქმეს გავლენიანი პირები. შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ დაჩი ბუაძე და საბა ჭანკოტაძე. გამოძიებამ დალუქა ჭანკოტაძის ტელეფონი და აიღო ბიოლოგიური მასალა. ორივე გამოკითხულის უფლებადამცველი უარყოფს მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმესთან შემხებლობას. ჭანკოტაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავთანდილ ბილანიშვილს იგივე „კაწროს“ არ იცნობს. 

შეგახსენებთ, რომ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჩი ბუაძე და ე.წ კაწრო ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ.

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე თბილისის ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა. აქამდე საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა, თუმცა უწყებას ოჯახი უნდობლობას უცხადებდა. ახლა კი იმედი აქვთ, რომ გამოძიება დაჩქარდება. ბაჩალიაშვილის ბიძა პოლიტმეტრში გასული თვითმხილველის ინტერვიუსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული მაწევანის მცხოვრებს ბაჩალიაშვილი 19 ივლისს ცოცხალი ენახა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში" ისაუბრა. რამიშვილის თქმით, ამ მასშტაბის ზეწოლა მასზე არცერთ საქმეზე მუშაობის დროს არ ყოფილა. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტების გარდა, მასზე ზეწოლა პირად მიმოწერებშიც ხდება. ადვოკატი მის პირად ოფისთან თვალთვალის ფაქტებზეც საუბრობს. 

 

რურუას საქმის განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

8 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, გიორგი რურუას საქმეზე საბოლოო განაჩენს სასამართლო დღეს გამოიტანს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა დანიშნული. მთავარი არხის მეწილის ადვოკატს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც რურუას ბრალეულობას აქარწყლებს, მოსამართლე არ გაითვალისწინებს. ადვოკატი ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრძოლას გააგრძელებენ და გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

 

საქართველოში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პროგრესი შეწყდა - კონგრესმენები მაიკ პომპეოს

კონგრესმენების მწვავე წერილი მაიკ პომპეოს და რუს ოლიგარქად მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილში წერენ, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის და მისი პარტია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა უკუსვლით მიდის.

წერილში, რომელსაც ხელს 6 კონგრესმენი აწერს, ასევე ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების" მიერ მართული ხელისუფლება რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მანიპულირდება, რომელსაც ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესები რუსული, ჩინური და ირანული ბიზნესების სასარგებლოდ გაყავს

 

 

სტიქია რაჭაში

სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაჭაში კომუნიკაციების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ამ დროისთვის აღდგენილია წყალმომარაგება ქალაქ ონში. ელექტროენერგია მიეწოდება რამდენიმე სოფელს და მათი რიცხვი გზის აღდგენასთან ერთად, გაიზრდება. რეგიონში მიყენებულ ზიანს ითვლიან. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სოფლებში საკვების და მედიკამენტების დეფიციტი არ არის და მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში იმყოფება. 


დღეიდან ჭავჭავაძის გამზირი ისევ იკეტება

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ამჯერად ღამით იზღუდება. უახლოესი სამი ღამის განმავლობაში ღამის 12-დან დილის 4 საათამდე, ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა განმარტა, დროის ამ მონაკვეთში, გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები მოძრაობის ახალ სისტემაზე ივარჯიშებენ. შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის 30 მაისს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად სამი თვე განისაზღვრა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1155 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 929 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 337 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6489 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 17.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 10.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 670 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა