logo
ENG



ამბები, რომლებიც 31 ივლისს არ უნდა გამოტოვო

31 ივლ 202009:25
3 წუთის საკითხავი
clock 929
ykp7ro875bmep3u.jpg

 

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 31 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

რურუას პატიმრობა მიესაჯა - საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება

შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში" აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ უნდა იქნას გამოყენებული. სენატორ რიშის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს ისევე, როგორც მან ეს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა.

“მე კვლავ შეშფოთებული ვარ ყალბი ბრალდების საფუძველზე გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო. არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე," - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა. 

ამერიკის ელჩის კი იმედი აქვს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე მიიღო. მისი განცხადებით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მოსახლეობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საკითხი დამოუკიდებლად და სამართლიანად გადაწყდება. 

 

აქცია „ოცნების“ ოფისთან

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების" ოფისთან გააპროტესტეს. მოძრაობა შეცვალეს წევრებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე უსამართლო პროცესები სწორედ ოცნების ოფისიდან იმართება. როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რვა მარტის შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელია რურუამ სასჯელაღსრულების სისტემა დატოვოს.

 

შაქარაშვილის საქმე სასამართლოში

დღეს გახდება ცნობილი დარჩება თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მიმართ. უფლებადამცველები მოსამართლეს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. გარდა ამისა, ადვოკატები პროცესზე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ.

არასრულწლოვნებს შორის ერთ-ერთი ბრალდებული საქმის მიმდინარეობის პროცესში სრულწლოვანი გახდა. როგორც მისი უფლებადამცველი ოთარ კერესელიძე განმარტავს, მიუხედავად ამისა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე არასრულწლოვნებთან ერთად განიხილება. მოკლული ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნად კვლავ ტოიოტა ქემრის ავტომობილის მგზავრებისადმი ბრალის დამძიმება რჩება.

 

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

42 წლის ლევან გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან არის. ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. მეზობლებისთვის კი მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, ამბობენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს. მათივე ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა. გადმოსვენების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

 

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების გადადება უნდა

დონალდ ტრამპი აცხადებს რომ ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გადავადება არ სურს, თუმცა ფოსტის გამოყენებით ხმის მიცემის იდეას არასაიმედოდ მიიჩნევს . ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების, დარღვევებისა და გარეშე ჩარევისგან დაცვის საშუალება არ არ არსებობს. კორონავირუსის პანდემიის გამო საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით დონალდ ტრამპი გუშინ გამოვიდა. მისი თქმით არჩევნები, რომლის დროსაც ხმის მიცემის პროცესში ფოსტის უფრო ფართოდ გამოყენებას ვარაუდობენ, ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული იქნება. პრეზიდენტის ამ წინადადებას ვაშინგტონში, მათ შორის რესპუბლიკელი კონგრესმენების რიგებშიც, შეშფოთება მოჰყვა. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1160 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 935 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 327 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6498 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 17.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 10.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 676 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა