logo
ENG



ამბები, რომლებიც 3 აგვისტოს უნდა იცოდე

03 აგვ 202009:38
3 წუთის საკითხავი
 
65g7tz3mlxpuoiq.jpg

ფორმულას ახალი ამბების სოცმედიის სამსახური გთავაზობთ 3 აგვისტოს მნიშვნელოვან მოვლენებს

 

 

დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა შსს-ში

 

„შაბათის ფორმულას“ წამყვანი, დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ის, დღეს, 11:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა. ტელეწამყვანის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი 1 აგვისტოს, გადაცემაში გასული ინფორმაცია გახდა. „შაბათის ფორმულამ“ საგამოძიებო ორგანოდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, საიდუმლო ფაილები გახსნა; საუბარია 3 ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატებზე.

 

 

თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

 

დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დამაკმაყოფილებელია. გამოძიების მიხედვით, ბიზნესმენისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი გუშინ, გამთენიისას, საკუთარ სახლში ზურაბ ჟვანიას შვილმა დაჭრა.

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე, ზუკა აბაშიძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში გუშინ გამოიკითხა. თვითმხილველის ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ  ისაუბრებდა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების  მუხლით მიმდინარეობს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

 

ევროპული საქართველო რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს


„ევროპული საქართველო“ დღეს საარჩევნო კამპანიას გახსნის და რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება 12:00 საათზე, 9 აპრილის ბაღში გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, ევროპული საქართველო იქნება ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში და იქნება წამყვანი პოლიტიკური პარტია შემდგომ სამთავრობო კოალიციაში. ჩვენი მაჟორიტარები იქნებიან ძალიან საინტერესო სახეები საზოგადოებისთვის და ჩვენ ნამდვილ ბრძოლას გავუმართავთ ივანიშვილს ამ არჩევნებზე“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

COVID-19 ოკუპირებულ აფხაზეთში


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ კოპრონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ელოდებიან. განცხადება ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო სხდომაზე გაკეთდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო გაიმართა.  მედიკოსებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ დაგეგმილი ეტაპობრივი გახსნის მაგივრად, რუსეთთან საზღვარი ერთ დღეში სრულად გაიხსნა. მხოლოდ გუშინდელი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან 7 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა. ექიმების განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა სამედიცინო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. ისინი ე.წ. საზღვარზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ.

 

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon დედამიწაზე დაბრუნდა


NASA-ს ასტრონავტებმა რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში წარმატებით დასვეს. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 45 წლის განმავლობაში, როცა ამერიკელი ასტრონავტები ოკეანეში საკუთარი ხომალდით დაეშვნენ.


SpaceX-მა ასტრონავტები კოსმოსში 30 მაისს გააგზავნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფრენა კერძო კომპანიამ განახორციელა.



COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


1179 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 959 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 285 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6919 პირი.

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 18.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 11.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 692 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 65 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა