logo
ENG



ამბები, რომლებიც 3 სექტემბერს უნდა იცოდე

03 სექ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 
nnseg5rzs8xgrsp.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 3 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

კორონავირუსი ბათუმში

საკონდიტრო დონას მეპატრონის ორსული ცოლი ბათუმიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ქალმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს უნდა იმშობიაროს. ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკაში განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ. ორსული ქალი ბათუმიდან რეანომობილით მას შემდეგ წამოიყვანეს, რაც კაფე-საკონდიტროს 23 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. 

ჩაქვში კი სასტუმრო ,,ოაზისის" სტუმრები ტესტირების შედეგებს ელოდებიან. პასუხები დღეს გახდება ცნობილი. სასტუმროში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები. „ოაზისში" კოვიდ19 კონფერენციის მონაწილე ექიმს დაუდასტურდა. მის გარდა, ამ შეკრებაში კიდევ 400-მდე მედიკოსი მონაწილეობდა. სასტუმროს მენეჯერი განმარტავს, რომ ახლა სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლა ან შესვლა აკრძალულია. გაართულებს თუ არა ადმინისტრაცია რეგულაციებს, ტესტირების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. სასტუმროში სულ 720 ადამიანი იმყოფება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მიუხედავად ეპიდსიტუაციის გაუარესებისა, ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, ბათუმის ბულვარსა და სხვადასხვა წერტილში ტესტირება გასაძლიერებელია. 

 

ბაჩალიაშვილის საქმე - ექსპერტიზის პასუხი

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ინფორმაციას გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი ავრცელებს. მიხეილ რამიშვილის თქმით, დღესვე იქნება ცნობილი დნმ-ის ანალიზის პასუხიც. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უნდა გაირკვეს, რა ნივთიერება იყო გარდაცვლილის სხეულში. პროკურატურაში მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედაც, რომელმაც უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. თეონა თამაზაშვილი გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ითხოვს, ამის მიზეზად კი ოჯახის მიმართ მუქარებს ასახელებს. 

ბაჩალიაშვილის საქმეზე შეხვდება მთავარ პროკურორს დღეს სახალხო დამცველი. შეხვედრას არ დაესწრება გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ შეხვედრაზე მხარეები საქმის მასალებს გაეცნობიან. ამის გარდა, სახალხო დამცველი ირაკლი შოთაძეს ოჯახის შეკითხვებს გააცნობს. 

 

შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი

მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის სასამართლოში არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაგრძელდება. პროცესზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხებიან. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა პროკურატურის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ექვსი არასრულწლოვნიდან ოთხს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, ორ ბრალდებულს კი, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში სდებს ბრალს.

 

არჩევნები 2020 - ენმ-ის გადაწყვეტილება და ოპოზიციის შეკრება

ფოთში, ხობსა და სენაკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება. ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკვე პარტიაშიც დაადასტურეს. ტელევიზია ზოდელავას კანდიდატობის შესახებ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ყვებოდა. ფოთში, ხობსა და სენაკში მმართველი პარტიიდან მურთაზ ზოდელავას ირაკლი ხახუბია, ევროპული საქართველოდან კი გიგა ბოკერია დაუპირისპირდებიან. 

არჩევნებისთვის ერთობლივ მზადებაზე იმსჯელებენ დღეს ოპოზიციური პარტიები "ევროპული საქართველოს" ოფისში. მრავალპარტიული შეკრება შტაბის სამუშაო შეხვედრების ფორმატში გაიმართება. მმართველი გუნდის ოპონენტები განიხილავენ მექანიზმებს, რომლებითაც ამომრჩევლის ხმების გაყალბებისგან დაცვას შეძლებენ.

 

 „სამართლიანი არჩევნები“ პატრიოტთა ალიანსის“ დაჯარიმებას ითხოვს 

ანტითურქული საარჩევნო ვიდეოკლიპების გამო, „პატრიოტთა ალიანსის“ დაჯარიმებას ითხოვს „სამართლიანი არჩევნები“. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ მოთხოვნით უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც. ლაპარაკია 6 საარჩევნო კლიპზე და მათი გამოყენებით შექმნილ ფეისბუქ-რეკლამებზე. ორგანიზაციაში ფიქრობენ რომ ისინი, რუსეთის მსგავსად თურქეთის ოკუპანტ ქვეყნად წარმოჩენას ცდილობენ და აღვივებენ საქართველოს მოქალაქეების მტრულ განწყობას ამ ქვეყნის მიმართ. ასევე წააქეზებენ რელიგიურ და ეთნიკურ დაპირისპირებას. ორგანიზაცია ცესკოს მოუწოდებს, „პატრიოტთა ალიანსს“ რეკლამები სოციალური ქსელებიდან მოახსნევინონ. საარჩევნო კანონმდებლობა, აგიტაციის წესების დარღვევისთვის, 2000-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

 

ნავალნი იმავე ნივთიერებით მოწამლეს, რომლითაც სკრიპალი - გერმანია

ინფორმაციას ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით - „ნოვიჩოკით", მოწამლვის შესახებ, მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებს ფინანსური სანქციებით ემუქრება. „ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან იმისთვის, რომ რუსეთში ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს, მიუხედავად იმისა, სად მიგვიყვანს მტკიცებულებები,'' - წერია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. 

რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობა მკაცრად დაგმო ევროკავშირმაც. „ქიმიური იარაღის გამოყენება სრულიად მიუღებელია ნებისმიერ ვითარებაში და არღვევს საერთაშორისო სამართალს,” - წერია უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1548 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1270 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 215 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6185 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 26.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 18.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 867 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა