logo
ENG



ამბები, რომლებიც 4 ივლისს უნდა იცოდე

04 ივლ 202009:47
3 წუთის საკითხავი
 
x2855dszx1y1a13.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 4 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

შაქარაშვილის საქმის ახალი კადრები - ჩხუბის ეპიზოდი

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე „ფორმულამ“ ვრცელი, 14-წუთიანი ახალი ვიდეომასალა მოიპოვა. უხმო კადრები მაღაზიასთან დამონტაჟებული 24-ე სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და ასახავს დაბადების დღის დროს მომხდარ ჩხუბს, მაგისტრალზე გასვლამდე პერიოდს.

შაქარაშვილის საქმის შესწავლის მიზნით, გადაცემა „პოლიტმეტრმა“ ექსპერიმენტიც ჩაატარა - გაივლიდა თუ არა გზას გარდაცვლილი ფეხბურთელი ხევიდან მდინარე არაგვის სანაპირომდე. დღეს საღამოს „შაბათის ფორმულაში“ კი კრიმინალური საქმის კიდევ უფრო მეტ უცნობ დეტალს ნახავთ.


გარდაცვლილი ახალშობილი

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით ქალმა სახლში იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში დატოვა.

კასპის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

03 ივლ 202023:41

ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, ხოლო თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

„რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. 4 ივლისის ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს,“ - წერია საელჩოს განცხადებაში.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

946 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 825 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 203 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3310 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 529 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 800-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

დიდ ბრიტანეთში პაბები, კაფეები და რესტორნები გაიხსნება

BBC-ის ცნობით, 4 ივლისიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ყველაზე დიდი ეტაპი იწყება. ქვეყანაში დღეიდან პაბები, კაფეები და რესტორნები გაიხსნება. 

ბრიტანეტში მუშაობას ასევე განაახლებენ სილამაზის სალონები, ბიბლიოთეკები, ტაძრები, კინოთეატრები, სასტუმროები, ნებადართული ხდება ოჯახებში სტუმრად სიარულიც. 

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პაბებსა და ბარებში შესვლამდე მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება მოუწევთ. ოფიციალური ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევისთვისაა საჭირო, თუ შემდეგ აღმოჩნდება, რომ პაბის რომელიმე სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა. 


close დახურვა