ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 4 სექტემბერს უნდა იცოდეთ
მიწისძვრა საქართველოში
საქართველოში ცოტახნის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 07:44 საათზე იგრძნობოდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო და სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
შაქარაშვილის საქმე
მოკლული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. ფორმულა ნიუსის ინფორმაციით, ამავე მუხლით გადაუკვალიფიცირდა ბრალი დაკავებულ ირაკლი წაქაძესაც, თუმცა მისი ადვოკატი ამას უარყოფს. ორივე პირზე ბრალის დამძიმება, სავარაუდოდ, სასამართლო სხდომებზე არასრულწლოვნების - ნ.ხ.-სა და ე.ხ.-ს ჩვენებებმა გამოიწვია.
არასრულწლოვნების პროცესი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის სასამართლოში გაიმართა. სხდომაზე 4 მოწმე დაკითხეს. მათ შორის - ნარეკვავში, ნაქირავებ აგარაკზე ნამყოფი ვანო თეგაძე. საგამოძიებო ექსპერიმენტების შესახებ კითხვებს უპასუხეს გამომძიებლებმა.
სხდომა მცხეთაში დღესაც განახლდება და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხებიან. უცნობია ვის წარადგენს პროკურატურა მოწმის სახით. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით, გამომძიებელ ეკა თხელიძის მიერ შედგენილ ოქმებში კანონდარღვევა გამოიკვეთა. მისი მტკიცებით, თხელიძემ ერთდროულად ორი პირი დაკითხა.
ავარია შუახევში
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გომის მთიდან შუახევისკენ მიმავალ გზაზე. ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. 3 მგზავრი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
.შსს: შუახევში მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
გარდაცვლილთა შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი თანამშრომელია. შსს-ს ცნობით, გზაზე მოძრავი მანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, - დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
ეპიდვითარება ქვეყანაში
კორონავირუსი „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. ისინი ბათუმის ფილიალში მუშაობენ. ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ. მათი ცნობით, ინფიცირებულები ბათუმში საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ. „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს და რეკომენდაციებს იცავს.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ გამოკვლეულ არც ერთ პირს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში ბიოლოგიური ნიმუში 924 ადამიანს აუღეს და ყველას პასუხი უარყოფითია. ორი დღის წინ სასტუმროში ექიმს, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა, COVID-19-ის ვირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ კი სასტუმრო დაიკეტა.
კიბერშეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევას. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში," - წერია განცხადებაში.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1568 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1279 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 289 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6250 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 26.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 18.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 873 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.