logo
ENG



ამბები, რომლებიც 5 სექტემბერს უნდა იცოდე

05 სექ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 
uk2l65i63ygtn26.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 5 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

 

კორონავირუსი აჭარის მაუწყებელში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ტელევიზიაში დღეიდან ეპიდემიოლოგები დაიწყებენ მუშაობას და სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ გაგრძელდება არხის მუშაობა.

აჭარის მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

.

 

აფეთქება ფილარმონიასთან

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ალადაშვილის კლინიკის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია აცხადებს, დაშავებული მართვით სუნთქვაზეა.

აფეთქება ფილარმონიასთან, კლუბ დე-ჟავუში გუშინ შუადღეს მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. კლუბში სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

 

ბაჩალიაშვილის საქმე

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი სხვადასხვა აფთიაქში მედიკამენტებს ყიდულობს, გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი გამოეხმაურა.

თამაზაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას კვლავ გამორიცხავს და ფიქრობს, რომ შესაძლოა წამლები თამარს იძულების წესით აყიდინეს. მისივე თქმით, ის გამოძიებას არ ენდობა და ამბობს, რომ შესაძლოა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს თვითმკვლელობის ვერსია დაუსახელა, რის შემდეგაც მათ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. გამოძიებისვე ცნობით, მან ეს პრეპარატები თავად, სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა. პროკურატურამ აფთიაქში ბაჩალიაშვილის ყოფნის ვიდეოებიც გაასაჯაროვა.

 

მესი ბარსელონაში რჩება

ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი კატალონიის ბარსელონაში დარჩება. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა GOAL.COM-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მესის თქმით, შეუძლებელია, რომელიმე კლუბმა ბარსელონას მოთხოვნა შეასრულოს და მასში 700 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

ფეხბურთელის განმარტებით, კატალონიაში დარჩა, რათა თავიდან აეცილებინა სასამართლო გარჩევები. მესის განცხადებით, ბარსელონა არის კლუბი, რომელიც უყვარს და რომელმაც ყველაფერი მისცა, ამიტომ მისი და ბარსელონას გზები სასამართლოში არ გადაიკვეთება.

 

„ნათლია 3-ის“ ახალი ვერსია

ამერიკელმა რეჟისორმა, ფრენსის ფორდ კოპოლა ფილმ „ნათლია 3-ის“ ალტერნატიულ, ახალ ვერსიას გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Vanity Fair ავრცელებს. მედიის ცნობით, კოპოლამ ფილმის დასაწყისი და ფინალი შეცვალა, თავიდან დაამონტაჟა გარკვეული სცენები და გააუმჯობესა გამოსახულებისა და ხმის ხარისხი.

სტუდია Paramount ფილმს დეკემბერში იმ დროს გამოუშვებს, როდესაც პირველი ფილმის გადაღებიდან 30 წელი შესრულდება. „ნათლიას 3-ის" განახლებული ვერსია მოგვიანებით სტრიმინგ-სერვისებზეც გახდება ხელმისაწვდომი.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1621 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1302 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 292 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6144 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 26.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 18.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 879 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა