logo
ENG



ამბები, რომლებიც 6 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

06 აგვ 202009:25
3 წუთის საკითხავი
 
81p35bnsryxg7tv.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 6 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

კონგრესის შესწორება თავდაცვის ავტორიზაციის აქტში

 

295 ხმით 125-ის წინააღმდეგ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შესწორება შეიტანა. არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს ანგარიში უნდა წარუდგინოს, იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს სახელმწიფო ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გაამყაროს. ასევე, ანალიზი საარჩევნო რეფორმასა და დამოუკიდებელ სასამართლოსაც შეეხება. „შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ მიმავალ გზას, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა''.

 

შსს თამარ ბაჩალიაშვილზე განცხადებას ავრცელებს

 

ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად, გარდა ფოტო-ვიდეო ფაილებისა, კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია გამოიკვეთა. უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე Facebook-ის გვერდის დახმარების განყოფილებაში მიუთითა „თუ რა მოუვა მის ფეისბუქ ანგარიშს მისი გარდაცვალების შემთხვევაში".

შსს: ბაჩალიაშვილი ინტერნეტში თვითმკლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის" გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?

ასევე უწყების ინფორმაციით, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ახალგაზრდა პროგრამისტი Google-ის საძიებო სისტემაში ეძებდა საუკეთესო გზებს თვითმკვლელობისთვის. უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ მანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტების სახელწოდებები ემთხვევა იმ მედიკამენტების ნაწილს, რომლებიც ბაჩალიაშვილს საძიებო სისტემაში აქვს მოძიებული.

 

ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს პროკურატურასთან განცხადების გაკეთებას აპირებს

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით, მიხეილ რამიშვილი და ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს 12:00 საათზე პროკურატურასთან განცხადების გაკეთებას აპირებს.

„გიორგი თარგამაძის ფორმულაში" ბაჩალიაშილის ადვოკატმა ბაჩანა ლობჟანიძეზეზე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ვრცლად ისაუბრა. რამიშვილის განცხადებით, მისი პიროვნება ეჭვებს აჩენს და გამოსაძიებელია.

 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს - ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რაც შეეხება გიორგი ლობჟანიძეს, ის საპატიმროს 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, როგორც ბრალდების და დაცვის მხარე. პროკურატურა გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი ორი ექიმის პატიმრობას გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ გამოძიება ყიფიანსა და ხოჭოლავას თაღლითობასა და უკანონო საქმიანობას ედავება, კლინიკის იმდროინდელ დირექტორს კი - უფლებამოსილების გადაჭარბებას.

 

ფოთში 19 წლის გოგოს ეძებენ

 

ფოთში, მდინარე რიონში მესამე დღეა 19 წლის გოგოს ეძებენ. ის, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით ხიდიდან მდინარეში გვიან ღამით გადახტა. ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს. ისინი მაშველების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. ძებნის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, მყვინთავები და ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის სამსახური.

 

გაეროში 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს შესახებ იმსჯელეს

 

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის და საქართველოს შესახებ იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა წუხილი გამოხატეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებების შემდგომ მიღწეული პროგრესი მცირეა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ ყურადღება COVID19-ის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და თვითნებური დაკავებების პრაქტიკაზეც გაამახვილეს. წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსულ მხარეს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1182 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 962 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7066 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 18.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 12.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 711 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა