logo
ENG



ამბები, რომლებიც 9 ივლისს უნდა იცოდე

09 ივლ 202009:38
3 წუთის საკითხავი
clock 9754
zfmo6hlmlfbu3b1.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 9 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

ინტერვიუ „კაწროსთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გუშინ გვიან ღამემდე კითხავდნენ ავთო ბილანიშვილს იგივე „კაწროს“. 5 საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ფორმულანიუსმა ექსკლუზიური ინტერვიუ მის საცხოვრებელ სახლთან ჩაწერა. როგორც გამოკითხული აღნიშნავს მას არ აქვს არანაირი კავშირი სამარშრუტო ტაქსის ეპიზოდთან. ბილანიშვილის განმარტებით ის არ იცნობს საქმეზე დაკავებულ არცერთ პირს და აქვს ალიბი, თუ სად იმყოფებოდა ფეხბურთელის გარდაცვალების ღამეს.

ბილანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ვიდეოკადრებში დაფიქსირებულ დროს ავთო უბანში იმყოფებოდა, ხოლო ბერა ივანიშვილთან მისი კავშირები საქმესთან კავშირში არ არის. 

ვიდეომასალაში „კაწროს“ არსებობას უარყოფს გიორგი შაქარაშვილი ნათესავიც. მირიან ნიკოლაძე იმ ვერსიასაც უარყოფს, რომ შაქარაშვილის ცხედარი სამარშუტო ტაქსიში რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდათ მოთავსებული. შაქარაშვილის ბიძის ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც ვიდეოკადრებში ფიგურირებს, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია. 

 

ვინ არის დიდუბის ეპიზოდის კადრებში

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ლაშა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა. ლურსმანაშვილი ამბობს, რომ თეთრ პერანგიანი პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს, თავად არის. მოწმემ აღნიშნა, რომ გური ამირხანაშვილს ის არ იცნობს და ამირხანაშვილმა მას ტელეფონზე დარეკვა სთხოვა. ის საგამოძიებო კითხვებს თითქმის 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. 

შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს. მისი თქმით, საბედისწერო ღამეს დაბადების დღიდან წამოსული იუბილარი და მეგობრების ნაწილი თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მივიდა, მას შემდეგ რაც ის სავარაუდოდ პოლიციამ მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანა. 

როდის გაიგეს თემქაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ და რატომ არ ჩანს ჩვენებებში უფრო დეტალურად თემქის ეპიზოდი? ეს არის კითხვები რომელიც ჟურნალისტს უჩნდება. ვახო სანაია სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს სადაც ჩანს რომ ახალგაზრდების შეკრება დილამდე გაგრძელდა. 

 

დაფინანსების მიღების პირობები აშშ-ისგან 

საარჩევო რეფორმის ეფექტური განხორციელება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოლიგარქების არაფორმალურ გავლენის შეზღუდვა და თავისუფალი მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა - ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ქვეყანამ შეერთებული შტატებისგან სრული დახმარება მიიღოს. დაფინანსების შემცირების შემდეგ შეერთებული სტატების კონგრესი დამატებით განმარტებებს აკეთებს. კანონპროექტში რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს წერია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, ასრულებს თუ არა საქართველოს მთავრობა ჩამოთვლი პირობებს, დასკვნას კი საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენებს.

 

გულუას ოჯახის მოთხოვნა

თბილისში 6 ივლისს აღმაშენებლის ქუჩაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებასა და პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს. ოფიციალური უწყების ვერსიის, თითქოს საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერა, რადგან მათი თქმით, ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აქვს. ოჯახის განცხადებით, სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც ეჭვს ბადებს რომ კვალის დაფარვა სურდათ. 

 

თელავში "ქართული ოცნების" წევრი დააკავეს

ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს. მიხეილ გრემელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავებიან. დეპუტატი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიებით დგინდება, რომ გრემელაშვილი ოჯახის წევრებს ცეცხლსასროლით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გარდა ამისა, დაკავებული საკრებულოს წევრი მეუღლესა და შვილებს ფიზიკურად გაუსწორდა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

ლიფტის შახტში ჩავარდნილის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს 

წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. მოზარდს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ 17 წლის გოგონა წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმში გარდაცვლილი 1 ივლისს იპოვეს. 

 

ამირან გამყრელიძის განცხადება

საზოგადოებრივ ტრანსპორტს შესაძლოა კონდიციონერების ჩართვის უფლება მისცენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფეისბუკ ლაივში ისაუბრა. მისი განმარტებით, ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდიციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს. გამყრელიძე ასევე აცხადებს რომ შეზღუდვების მოხსნა რისკს შეიცავს, თუმცა ქვეყანა ჩაკეტილი ვეღარ იქნება. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

963 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 841 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 222 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 4425 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 552 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 58 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა