logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 10 ნოემბერი, 2019

10 ნოე 201909:55
3 წუთის საკითხავი
 
4kpaof8ihpc5esd.jpeg

ლევან აკინის ფილმის ბოლო ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში

დღეს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ბოლო ჩვენება გაიმართება. წარმოშობით ქართველი რეჟისორის ფილმის ჩვენებები საქართველოს კინოთეატრებთან მესამე დღეა ჰომოფობიური აქციების ფონზე მიმდინარეობს. აგრესიული ჯგუფები კინოჩვენებების ჩაშლას უშედეგოდ ცდილობენ. ისინი სხვადასხვა გეგმას განიხილავენ, თუ როგორ მოხვდნენ კინოთეატრში და შეუშალონ ხელი ჩვენებებს. ისინი პერიოდულად თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებსა და და სამოქალაქო აქტივისტებს; ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს ანა სუბელიანს, ხოლო „ტაბულას“ რეპორტიორს ხელით შეეხნენ და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

პატრიარქის საკვირაო ქადაგება

სამებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის საკვირაო ქადაგება გაიმართება. გასულ კვირას ილია მეორემ ქადაგების ნაცვლად შეგონებით მიმართა მრევლს, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოში ბოლო პერიოდში განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს.

დღეს „მთავარ არხს“ სინოდის წევრობიდან გარიცხულ ყოფილ მიტროპოლიტთან, პეტრე ცაავასთან ინტერვიუ ექნება, რომელიც ილია მეორის მიმართ ყველაზე სკანდალური განცხადებების ავტორია. მანამდე კი საზოგადოების ინტერესს სწორედ პატრიარქის ქადაგება იწვევს.

ტოჩინოშინის ბოლო ტურნირი 2019 წელს

დღეს იაპონიის ქალაქ ფუკოაკოში მიმდინარე წლის უკანასკნელი სუმოს ტურნირი კიუშუ ბაშო იწყება, სადაც ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში იასპარეზებს. Live.ge-ს ცნობით, ქართველ სეკიტორს კიუშუ ბაშოზე ოძეკის პრივილეგია ექნება და 10 გამარჯვების შემთხვევაში, ამ უკანასკნელ რანგს დაიბრუნებს.

დღეს ლევან გორგოძის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა მეისეი იქნება, ხვალ კი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდება. ტურნირი 24 ნოემბერს დასრულდება.

ყველისა და ცხელი სასმელების ფესტივალი

ეს ღონისძიება ყოველწლიურია და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული მეყველეები, ასევე, გლინტვეინის და ჩაის წარმომადგენელი კომპანიები. ღონისძიებას მუსიკალურად DJ JIMMY და ბენდი გააფორმებენ.

მთაწმინდის ცენტრალურ მოედანზე გამოიხდება არაყი, ასევე, მოდუღდება და ფონდიუს სახით მიღებული ცხელ-ცხელი ყველის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნება ყველა სტუმარს. ყველისა და ცხელი სასმელების ფესტივალი ნაწილია "ოთხი სეზონის ყველის" ღონისძიებების ციკლიდან, რომლის ორგანიზატორებიც მთაწმინდის პარკი და მეყველე ანა მიქაძე არიან.

ლავროვის ვიზიტი ერევანში

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ერევანს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლავროვი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, ასევე, შეეხებიან რეგიონული უსაფრთხოებისა და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებს.


close დახურვა