ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 14 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის მატჩი ზედიზედ მეოთხედ მოიგო
ქართველმა სპორტსმენმა ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე გუსტავოლოპესი დაამარცხა. ლოპესმა ორთაბრძოლაში რეი ბორგი ჩაანაცვლა, რომელმაც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ორთაბრძოლის ჩატარებაზე უარი თქვა.
მატჩის ბოლოს დვალიშვილმა შემდეგი კვირის ორთაბრძოლისთვის შონ ომალიგამოიწვია. „პატივს ვცემ ომალის. მაგრამ მინდა, რომ შევებრძოლო. მოდი, ეს გავაკეთოთ. მზად ვარ! მოდი, ყველას ვაჩვენოთ ნამდვილი ორთაბრძოლა!” - განაცხადა დვალიშვილმა.
ანტირასისტული აქციები მსოფლიოს გარშემო გრძელდება
ანტირასისტულ მოძრაობას Black Lives Matter ყოველდღე უფრო მეტი ქვეყანა უერთდება და პროტესტი უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. პროტესტის მონაწილეებმა ვაშინგტონში მაგისტრალი გადაკეტეს და მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს.
მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტი საკუთარი ნებით სულ მცირე შვიდმა ოფიცერმა დატოვა. პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, სადაც ხალხის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Nickelodeon-მა დაადასტურა, რომ სპანჯბობი LGBTQ+ პერსონაჟია
ტელეარხმა Nickelodeon-მა ტვიტერზე პოსტი განათავსა, რომელშიც არხის LGBTQ+ პერსონაჟებს „პრაიდის” თვეს ულოცავს. სამიდან ერთ-ერთი სწორედ Nickelodeon-ის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი სპანჯბობი აღმოჩნდა.
ამას ტვიტერზე მომხმარებლებისგან განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა, Nickelodeon-მა ტვიტზე პასუხის ფუნქცია გამორთო. სპანჯბობის სექსუალური ორიენტაცია არასდროს ყოფილა ცნობილი, თუმცა პერსონაჟის შემქმნელმა ერთხელ თქვა, რომ როცა მას ქმნიდა, უნდოდა, რომ ანანასში მცხოვრები ყვითელი ღრუბელი ასექსუალი ყოფილიყო.
ლონდონში აქცია 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ინგლისის დედაქალაქში პოლიციამ ძალადობრივ აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ხალხი, მათ შორის მემარჯვენე აქტივისტებიც, ლონდონში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ანტირასისტული მოძრაობის მონაწილეებისგან ქანდაკებები დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები ირწმუნებოდნენ, რომ აქცია ბრიტანეთის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად იყო, დემონსტრანტები პოლიციას, განსაკუთრებით კი ფერადკანიან ოფიცრებს თავს ესხმოდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პარალელურ რეჟიმში ანტირასისტული აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა ჰაიდ პარკში.
ჩინეთში ბუნებრივი აირის ავზის აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის გზატკეცილზე ავზის აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი შეეწირა და 172 დაშავდა. CNN-ის ინფორმაციით, ავზი შაბათს შუადღისას აფეთქდა.
ავზი, რომლითაც თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდათ, ვენლინგის ავტომაგისტრალზე აფეთქდა. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქართველოში COVID-19-ით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა
გარდაცვლილი 68 წლის კაცია. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანმა „ფორმულას" განუცხადა, შემოსვლისთანავე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, გარდაცვლილ კაცს ძირითადი დაავადების გართულება ჰქონდა.
864 ინფიცირებული, მათგან 703 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2795 პირი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7.8 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 4 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 432 ათასზე მეტია. ამ დროისთვის 54 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.