logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 15.06.2020

15 ივნ 202009:02
3 წუთის საკითხავი
 
r7zyn5x69ftpnah.jpg

 

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 15 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

 

კოვიდინფიცირებული ექთანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში


რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ინფიცირებული ექთანი, რომელსაც რუსთავში კონტაქტი 10-მდე ადამიანთან ჰქონდა - თიკა მაკარიძე ფორმულანიუსთან ყვება, რომ  3 თვის განმავლობაში ის მისივე სურვილით, ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობდა და საავადმყოფოში ტესტირებას რეგულარულად იტარებდა.  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ექთანმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია, მაკარიძე უარყოფს. ინფიცირებული ექთანი ყვება, რომ  მას მუშაობის პროცესში საავადმყოფოსგან იზოლაციაში ყოფნის მითითება არ ჰქონდა, შესაბამისად წესებიც არ დაურღვევია. მისი თქმით, ის 7 ივნისს  რუსთავში იყო, სადაც დაბადების დღე 10-მდე ადამიანთან ერთად აღნიშნა. კორონავირუსის სიმპტომები კი ორ დღეში გამოუვლინდა.  ამ დრომდე უცნობია მისი დაინფიცირების წყარო. ტესტირება ჩაუტარდა მაკარიძის კონტაქტებსაც, 9-ვეს პასუხი უარყოფითია, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში ამ დრომდე რჩებიან.

 

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში

 

თურქეთში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა. 5.9 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში დაფიქსირდა. ბინგოლის პროვინციის ერთ-ერთ დასახლებაში პოლიციის შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 18-მდე გაიზარდა.  ადგილზე  სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. დაზარალებულ რეგიონში ვითარების შესასწავლად უკვე ჩავიდნენ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.

 

საქართველოს რკინიგზამ მუშაობა დღეს განაახლა

 

საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლა. პირველმა მატარებელმა სადგური დილის 8 საათზე დატოვა. ამ ეტაპზე მატარებლები იმოძრავებენ მხოლოდ დღის განმავლობაში თბილისის, ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ქუთაისის მიმართულებით. ბაქანზე ასვლამდე მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს. ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა დეზობარიერზე გადასვლა და ხელის დამუშავება სანიტარული საშუალებით. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მგზავრობის განმავლობაში ყველა მგზავრს ეკეთოს პირბადე.

 

გადაიდება თუ არა 2020 წლის არჩევნები

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ამ დრომდე დაუდგენელია, მმართველი გუნდი არჩევნების დეკემბერში ჩატარებასაც განიხილავს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა ეპიდემიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 8 მარტის შეთანხმებაზე

 

ქვეყანაში არჩევნების პროცესს ევროკავშირი აქტიურად დააკვირდება - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაფორმულასთან" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს გააკეთა. ელჩმა 8 მარტის შეთანხმების შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისმომწერმა ყველა მხარემ საკუთარი როლი უნდა შეასრულოს, იმისთვის რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა იყო კიდევ სხვა საკითხები რაზეც კარლ ჰარცელმა ისაუბრა, მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი მოთხოვნების შესრულებით საქართველო ბევრ სარგებელს მიიღებს.

 

ეკა ბესელია ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულთა ნაწილისთვის ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს

 

ამ საკითხზე ეკა ბესელია პარლამენტში ბრიფინგს გამართავს. პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა და ამ დრომდე დაპირებული შეჯერებული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განხორციელდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ  2013  წლიდან ჯერ ამნისტიის აქტით, შემდგომ სასჯელთა შეკრების წესის გაუქმებით ნარკომომხმარებლების დიდი ნაწილი გათავისუფლდა, საპატიმროში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებიც სასჯელს უსამართლო გადაწყვეტილებების გამო  იხდიან. ამნისტიის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება.

 

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი გახდა

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო ყოფილი მინისტრი დღეიდან ოფიციალურად ავსტრიაში საქართველოს ელჩია. ქეთევან ციხელაშვილმა თანამდებობა დატოვა და დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგება. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მას. ამჟამად მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე ლია გიგაური ასრულებს.  ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა.

 

ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს დღეს პარლამენტის ფრაქციებში განიხილავენ

 

2020 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოში" იმსჯელებენ. რომან გოცირიძე ეწ კრიზისულ ბიუჯეტს საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით ბიუჯეტის ნახევარი ვალითაა შევსებული. ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ცვლილებები არ პასუხობს იმ რეალურ პრობლემას, რაც ქვეყანაშია. 

 

გიორგი რურუას საქმე

 

საქალაქო სასამართლოსთან დღეს სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას საპატიმროში ყოფნას გააპროტესტებენ. აქცია სასამართლოს სხდომის პარალელურად ჩაივლის. სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ რურუა პოლიტპატიმარია და ივანიშვილის გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

879 ინფიცირებული, მათგან 704 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 267 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2710 პირი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8 მილიონს აღწევს. მათგან, ვირუსი უკვე 4.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 435 ათასზე მეტია. ამ დროისთვის 54 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ვითარება უარესდება ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი 17 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. COVID-19 აქ 867 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 438 ათასს აღწევს.


close დახურვა