logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 01.03.2020

01 მარ 202010:24
3 წუთის საკითხავი
 
af6aksuk1oq7bj1.jpg

კორონავირუსის მესამე შემთხვევა საქართველოში 

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობის შემდეგ, საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. 

ამ დროისათვის საქართველოში 5 საკარანტინო სივრცეა შექმნილი: აბასთუმანში, საჩხერის საავადმყოფოს სასტუმროში, თბილისის ტუბერკულოზის ცენტრში, კლინიკა „ვივამედის“ სასტუმროსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ინფექციურ კლინიკაში რჩება 35 პაციენტი. 

მსოფლიოში დაფიქსირებულია  კორონავირუსის 85 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 79 200 გამოვლენილია ჩინეთში და 6 ათასამდე - ჩინეთს გარეთ.

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 28 თებერვალს გაავრცელა. მისი თქმით, სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 2 924 შემთხვევა. ჩინეთს გარეთ კი განსაკუთრებით იმატებს შემთხვევათა რაოდენობა სამხ. კორეაში, ირანსა და იტალიაში. ამ უკანასკნელში 849 დადასტურებული შემთხვევაა და აქედან 21 სიკვდილით დასრულდა. მთლიანი რაოდენობიდან დაახლოებით 40 ათასი გამოჯანმრთელებული ადამიანია. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევები ზრდადია.

რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდა 

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონაც გამოცხადდა. ამის შესახებ  ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, კლინიკა სხვა პაციენტებისგან გათავისუფლდება და ადგილზე ყველა იმ ადამიანს განათავსებენ, ვინც  პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით. 

ლევან ქიქოძის განმარტებით, ადგილზე პაციენტებს დააკვირდებიან, ანალიზებს აუღებენ, რომ შემდეგში მათი მართვა შეძლონ. 

კლინიკა 88 პაციენტზე იქნება გათვლილი და ამ სივრცეში მოათავსებენ მათ, ვინც ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ასევე კლინიკის დირექტორის თქმით, მედპერსონალი სპეციალურ ტრენინგს გადის იმისთვის, რომ მათ კლინიკაში მიყვანილ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ.

ბოიკოტი ჟურნალისტებს 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ 29 თებერვალს ჟურნალისტებს კომენტარზე უარი უთხრა კომენტარზე და „მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ოპერატორს პრესკონფერენციის დატოვება მოსთხოვა: „სანამ არ დატოვებს „მთავარი არხი" და მისი ოპერატორი სივრცეს, მე განცხადებას არ გავაკეთებ"

„ფორმულა" ინფექციურ საავადმყოფოს მოგვიანებითაც დაუკავშირდა, მაგრამ ეზუგბაიამ არც „ფორმულასთან” ისურვა საუბარი. 

კორონავირუსის გამო სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება

კორონავირუსის გამო სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს. 

2 მარტიდან საბავშვო ბაღებში 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, საპრევენციო ღონისძიების მიზნით, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდება. ამ პერიოდის განმავლობაში, შენობებში, დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

რამდენიმე უნივერსიტეტში სასწრავლო პროცესი გადაიდო

საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტმა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა. 

სწავლა შეჩერდა: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში. 

სასწავლო დაწესებულებებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, სადაც ისინი განმარტავენ, რომ სწავლის გადადება კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებს უკავშირდება.

განცხადებების თანახმად, ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან 3-ში, სასწავლო პროცესი 2 მარტის ნაცვლად, 16 მარტს განახლდება. კავკაშიის უნივერსიტეტში კი, სწავლა 2 მარტის ნაცვლად 9 მარტს დაიწყება. 

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სოხმეთის  პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით ერთჯერადი კოვზების გამოყენებას არ აპირებს

საპატრიარქო ეხმაურება კორონავირუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ ასეთ ვითარებაში და ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, უკეთესია ეკლესიებში ერთჯერადი კოვზები გამოიყენონ. 

განცხადების თანახმად, ზიარების დროს საპატრიარქო ერთსა და იმავე კოვზის გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში რუმინეთზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეკლესიამ, ვირუსის თავდაცვის მიზნით ზიარებისთვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, არასწორია.

„ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს", - წერია განცხადებაში. 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 ათასს გადააჭარბა  

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 85 ათასს გადააჭარბა. შემთხვევების რეკორდული ზრდის შემდეგ, სამხრეთ კორეაში ვირუსის დიაგნოზი დღეს კიდევ 219 ადამიანს დაუდგინეს.

ირანში დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. ირანული მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის პარლამენტის ახლადარჩეული დეპუტატიცაა. ჩინეთში ინფიცირების 427 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მსხვერპლი კი ბოლო 24-ს საათში 47-ით გაიზარდა.

ვირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდგინეს აზერბაიჯანშიც. ორივე პაციენტი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ისინი ირანში იმყოფებოდნენ.

პირველი შემთხვევა გამოვლინდა კატარშიც. შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემიის საფრთხის მაქსიმალურად მაღალი დონე გამოაცხადა.

ბორჯომში დაკავებული მაღალჩინოსნების ახლობლები აქციებს აანონსებენ 

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულების ახლობლები და მეზობლები მხარდამჭერ აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. 

სუს-მა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები 28 თებერვალს, ღამით დააკა. როგორც სუს-ი აცხადებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელიც საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის" კვოტით მოხვდა, ბიზნესმენს 200 000 ლარს სანაცვლოდ, განაშენიანების რეგულირების ახალი გეგმის წარდგენასა და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისთვის სასურველი ფართის გადაცემას დაჰპირდა.

გამოძიების ინფორმაციით, პარალელურად არაკანონიერი გარიგება უკვე დადებული ჰქონდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს. ლევან ლიპარტიამ დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 8000 ლარი ქრთამის სახით აიღო.

ამ დრომდე უცნობია ბრალდებულთა პოზიცია - მედიასთან კომენტარებს არ აკეთებენ მათი უფლებადამცველები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს იმსჯელებს. სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარის ადგილმონაცვლეობის პროცედურა, მერის თანამდებობას კი დროებით მისი მოადგილე შეასრულებს. 

განცხადებები/პრესკონფერენციები 

  • პარტია “ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

 


close დახურვა