logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 01.04.2020

01 აპრ 202011:17
3 წუთის საკითხავი
 
24lcqqn3mu1cx38.jpg

 

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 1 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.


COVID-19 საქართველოში

კოვიდ 19-ით ინფიცირებულის რიცხვი საქართველოში 115-მდე გაიზარდა - დღეს ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ინფექციისგან განიკურნა 22 პაციენტი, მათ შორის ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

კომენდანტის საათის I ღამე

31 მარტის საღამოს 21 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დილის 6 საათამდე შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ და მოქალაქეებს ამოწმებდნენ.

კომენდანტის საათს გაუგებრობების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლებმა სახლებში დროულად წასვლა ვერ მოასწრეს და 2 საათის განმავლობაში ქუჩაში დარჩნენ. სავაჭრო ობიექტთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, რომელიც გარეთ დარჩენილი მოქალაქეების გადასაყვანად შესაბამის ნებართვას ელოდებოდა. ადგილზე მისულ ფორმულა ნიუსის გადამღებ ჯგუფს თვითმხილველმა უამბო, რომ ქუჩაში დარჩენილი მაღაზიის სამი თანამშრომლის დასახმარებლად ჯერ, 112-ში, შემდეგ კი მთავრობის ცხელ ხაზზე დარეკა, საბოლოოდ ის ეკონომიკის სამინისტროსთან გადაამისამართეს. მაღაზიის თანამშრომლები საპატრულო პოლიციამ სახლებში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის წაიყვანა. 


სამშობლოში დაბრუნებულები

ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების სპეცრეისებით დაბრუნება გრძელდება . გუშინ საღამოს ამსტერდამიდან ქვეყანაში 180 მოქალაქე ჩამოვიდა. ისინი სავალდებულო კარანტინს გასავლელად სასტუმრო “მოქსის” საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. სასტუმროში არსებული 130 ნომრიდან 128-ში იზოლაციაში მყოფი ადამიანები არიან, 2-ში კი სამედიცინო პერსონალი.


via GIPHY


საქართველოს კიდევ 100-მდე მოქალაქე სამშობლოში ბულგარეთიდან დღეს დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია Myway Airlines განახორციელებს.  თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი დროით 16:30 დაეშვება. 


ფრენები სხვა ქალაქებიდან:

3 აპრილი: თბილისი-ვარშავა-თბილისი 

7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი

10 აპრილი: ლარნაკა-თბილისი 

 

COVID-19-ის მკურნალობა სახლში

საწოლების ამოწურვის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტები მკურნალობას სახლებში განაგრძობენ, ჰოსპიტალში კი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში გადავლენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება  ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

იცვლება COVID 19-ით საეჭვო ინფიცირებულთა ტესტირების ალგორითმიც. ფართოვდება იმ ხალხის წრე, ვისაც ამიერიდან ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. საზღვარგარეთ მოგზაურობა ტესტირებისთვის აუცილებელი პირობა აღარ იქნება.

ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ცხელების  25 ცენტრი მოეწყობა. აქედან ორი მათგანი რესპუბლიკური და თბილისის ზღვაზე არსებული საავადმყოფოა. დანარჩენი  23 ცენტრი უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ისინი მოქალაქეებსა და სპეციალიზებულ კლინიკებს შორის შუალედურ რგოლად განიხილება.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩინური და კორეული წარმოების ორი სახის 4000 სწრაფი მარტივი ტესტი ჩამოვიდა. ტესტირების ახალი პროტოკოლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი. 

 

პაციენტები აფხაზეთიდან

დღეს გახდება ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მამის და ორი მცირეწლოვანი შვილის ანალიზის პასუხები. ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ბავშვებს ცხელება აღენიშნებათ.

ოჯახი სოფელ საბერიოდანაა. ისინი  ადმინისტრაციულ საზღვართან, საბერიოს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა მიიყვანა, სადაც მათ ზუგდიდის სამედიცინო პერსონალი დახვდა. 

 

COVID-19 VS მსოფლიო

860 ათასამდე ინფიცირებული და 42 ათასზე მეტი​ გარდაცვლილი - ასეთია კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის ბოლო მონაცემები.

სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლით, მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავ იტალია რჩება. დაღუპულთა რაოდენობა აქ გასული დღე-ღამის განმავლობაში 837-ით გაიზარდა. თვითიზოლაციაში რჩება მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

საფრანგეთში დაღუპულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 3,523-ს შეადგენს. დღის განმავლობაში საშიში ვირუსს აქ 499 ადამიანი ემსხვერპლა.

დიდ ბრიტანეთში, ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადების შედეგად უკვე 1,789 ადამიანი დაიღუპა. Მათ შორისაა ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დაღუპული 13 წლის მოზარდიც.

დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთის დევნილთა ბანაკში. ​კოვიდ-19-ის  დიაგნოზი ახალგაზრდა ქალს ათენში მშობიარობის შემდეგ დაუდგინეს.


აფგან მუხთარლის საქმე


თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ასევე, მისი თბილისიდან გატაცების და აზერბაიჯანში გადაყვანის საქმის ეფექტიანად გამოძიებას ითხოვს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჩვენების მიხედვით, ის 2017 წლის 29 მაისს საქართველოში, ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა, ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის ციხეში აღმოჩნდა. თითქმის 3-წლიანი პატიმრობიდან ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.


close დახურვა