ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 1 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე
პირველ მაისს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შრომის უფლებების დაცვისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, როგორც წესი, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იმართება.
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია მთელ მსოფლიოში განსხვავებულია. მშრომელთა საერთაშორისო დღეს გლობალური სამყარო და მათ შორის საქართველო ათასობით სამსახურდაკარგული მოქალაქით ხვდება. უმუშევრად დარჩენილთა ზუსტი სტატისტიკა ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოში უკვე თვეზე მეტია გამკაცრებული შეზღუდვების გამო დაკეტილია სხვადასხვა ბიზნესობიექტი - მოლები, მაღაზიები, კაფე-ბარები, აქ დასაქმებული პერსონალი კი ან უმუშევარია ან უხელფასო შვებულებაშია. ამ დრომდე არ გახსნილა აგრარული ბაზრების უმეტესობა, სადაც საქართველოს უამრავი მოქალაქე ელემენტარული შემოსავლისთვის მუშაობდა.
უსამსახუროდ დარჩენილებს ყველა ქვეყანა სხვადასხვა ოდენობის კომპენსაციას სთავაზობს. საქართველოში ეს დახმარება მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებს შეეხება და ისინი ხელისუფლებისგან 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ. თუმცა, დახმარების გარეშე რჩება ის მოწყვლადი ფენა, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ. რა ბედი ელით იმ დასაქმებულებს, რომლებიც წლების განმავლობაში ძიძებად, მომვლელებად ან ოჯახის მძღოლებად მუშაობდნენ და ახლა მათი სამსახური საჭირო აღარაა, ჯერ უცნობია.
COVID-19 საქართველოში
566 ინფიცირებული, მათგან 184 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში უკვე შესულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფორმულას" ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემია გარკვეულწილად შეაჩერეს, თუმცა მისი თქმით, ვირუსის დამარცხებას უფრო მეტად კომპლექსური მიდგომა სჭირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ შემოდგომაზე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე იარსებებს.
სპეცრეისი ვენიდან
ავსტრიაში ჩარჩენილი საქართველოს 100-მდე მოქალაქე დღეს სამშობლოში დაბრუნდება . ვენიდან თბილისში რეისს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი" შეასრულებს. მგზავრებს თბილისის აეროპორტში შემოწმება ჩაუტარდებათ, შემდგომ კი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:
-
2 მაისი: პრაღა-თბილისი;
-
5 მაისი: ათენი-თბილისი;
-
7 მაისი: ამსტერდამი-თბილისი;
-
9 მაისი: ბერლინი-თბილისი;
გორი კარანტინში?
გორი შესაძლოა მალე მორიგ საკარანტინე ზონად გამოცხადდეს, ამის მიზეზი კი ქალაქში ბოლოს გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევებია. დღეს მუნიციპალიტეტში COVID-19-ზე 23 ადამიანის ტესტირების პასუხს ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით, გორში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტია. სამხედრო ჰოსპიტალის მედდა და მისი ოჯახის 3 წევრი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი 80 პირი კი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.
პოლიკლინიკები სახელმწიფო დაფინანსების გარეშე
დღეიდან 56 სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამას ეთიშება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება შეუწყდა იმ 56 ამბულატორიასა და პოლიკლინიკას, რომლებიც საერთო ჯამში 90 ათას ადამიანს ემსახურებოდა. ახლა ეს ადამიანები სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან.
უწყების ამ გადაწყვეტილებას არაკომპეტენტურს უწოდებენ ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში. მათი თქმით, სამინისტროს ეს პოზიცია ქვეყანაში პანდემიის გამო გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კონკურენციის გამო სამედიცინო მომსახურების ფასებიც გაიზრდება, რაც მოსახლეობის ფინანსებზე მწვავედ აისახება.
ვითარება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შემზღუდავი ზომები გახანგრძლივდა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 31 მაისამდე ჩაკეტილი დარჩება საზღვარი რუსეთთანაც.
ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება საჭიროდ მიიჩნია.
COVID-19 მსოფლიოში
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფექცია დაამარცხა 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა. COVID-19-ს ამ დროისთვის 234 ათასზე მეტი პაციენტი უკვე ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებული 51 ათასამდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
უცვლელად რთული ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ ბოლო 24 საათში COVID-19-ს 2 201 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რიცხვმა უკვე 63 ათასს გადააჭარბა. შტატებში გუშინ ინფექცია კიდევ 30 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რითიც საერთო რიცხვმა 1 მილიონ 95 ათასს გადააჭარბა. CNN-ის ცნობით, ტრაპის ადმინისტრაცია გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის დასჯას ითვალისწინებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლში რამდენიმე ანონიმურმა წყარომ დაადასტურა.
დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში პიკი გადალახა. განცხადება ბორის ჯონსონმა კოვიდინფექციისგან განკურნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის მომავალ კვირაში საზოგადოებას მოქმედი შეზღუდვებისგან გათავისუფლების სტრატეგიას წარუდგენს. სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა თქვა ისიც, რომ ქვეყანამ კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება შეძლო. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით 171 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 27 ათასამდე პირის შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გამოვლინდა 7000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი კოვიდინფექციით ქვეყანაში 101 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს. ამის შესახებ მიხაილ მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს ვიდეოკონფერენციისას თავად აცნობა. ჯერჯეროიბით უცნობია, ჰქონდა თუ არა ბოლო პერიოდში რუსეთის მთავრობის მეთაურს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია.
ტრამპის განცხადება
დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ნანახი აქვს იმის მტკიცებულება, თუ როგორ გავრცელდა COVID-19 ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთს ახალი რეგულაციები დაუწესოს.
მანამდე გავრცელდა პრესრელიზი, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახური COVID-19 ხელოვნურად შექმნილ ვირუსად არ მიიჩნევს. უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ სპეცსამსახურები ვირუსის გავრცელების მიზეზებს დეტალურად სწავლობენ, რათა დადგინდეს კოვიდინფექცია ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის გამო გავრცელდა თუ ქალაქის ლაბორატორიაში შესაძლო ინციდენტის გამო.