ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 3 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 საქართველოში
148 ინფიცირებული და მათგან 27 გამოჯანმრთელებული - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.
რუსთავი საკარანტინე ზონად?
მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ მორიგ საკარანტინო ზონად შესაძლოა რუსთავი გამოცხადდეს. ქალაქის საკრებულოს დეპუტატს Covid-19 დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მამაც. ცოლი და 4 შვილი კი ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ირკვევა, რომ დეპუტატს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ამ დროისთვის ყველა პირი, რომელსაც საკრებულოს დეპუტატთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფება. საკრებულოს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.
ემიგრანტების ბედი
გაუქმებული რეისებისა და უსახსრობის გამო ამსტერდამიდან და საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ისევ ვერ ახერხებენ, საკონსულოში კი მათ ინფორმაციას ვერ აწვდიან.
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი საქართველოს საელჩომ სასტუმროში მოათავსა, თუმცა ემიგრანტები კვების პრობლემაზეც საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ სასტუმრო 6 აპრილამდეა დაჯავშნილი, ხოლო ამის შემდეგ არ იციან, რა მოხდება.
რაც შეეხება პოლნეთს, იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სამშობლოში დღეს ჩამოვა. ვარშავიდან რეისი თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათში დაეშვება. საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეებს იზოლაციისათვის სასტუმროში გადაიყვანენ.
ფორმულასთან საუბრისას მგზავრთა ნაწილი პრობლემებზე საუბრობს, მათი თქმით ბილეთები ძვირი ღირდა და პრობლემა იყო მათი შეძენაც. საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო, ისინი კვლავ დახმარებას ითხოვენ.
პანდემიასთან ბრძოლის ქართული გაკვეთილი
„ქვეყნები, რომლებიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის წინაშე არსებულ გამოწვევებს უმკლავდებიან. გაკვეთილები ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეიდან, ისლანდიიდან და საქართველოდან"
ამ შინაარსით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „Foreign Policy". პუბლიკაციის ავტორი ცალკეული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე საუბრობს. ოდრი უილსონის თქმით, ამ ქვეყნებმა აჩვენებს, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია. როგორც სტატიის ავტორი საქართველოს მაგალითზე წერს, მყიფე ეკონომიკის მიუხედავად ქვეყანამ სერიოზული ზომები მალევე აამოქმედა, რაც არსებული შედეგის მიღწევაში დაეხმარა.
მსოფლიოსგან განსხვავებულ ქართულ პრაქტიკას ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც გამოყოფს.
წამყვანი ინფექციონისტის თქმით, ვირუსის გავრცელების შენელება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სარეკომენდაციო სიმპტომებიდან ტემპერატურის ამოღებამ განაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, დადასტურებულ შემთხვევათა თითთქმის 2/3 იდენტიფიცირების გარეშე შემოვიდოდა ქვეყანაში.
სააღდგომო წირვები
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს. ამის შესახებ მეუფე ანტონმა ფორმულა ნიუსთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთანავე, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწორედ იმ პერიოდში ელოდება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პიკს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
პენცენტრის განცხადება
ონლაინ გაყიდვების აკრძალვის გამო ქართველი გამომცემლები და მწერლები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. ლიტერატურის დარგში მოღვაწე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა საგამომცემლო სფეროს დიდ ზიანს მიაყენებს და იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდება მათ მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ მსგავსი მიდგომა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გამოუყენებია. მწერლები და გამომცემლები მზად არიან, დააკმაყოფილონ სტანდარტით დადგენილი ყველა ის ნორმა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ითვალისწინებს.
COVID-19 VS მსოფლიო
მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 53 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 212 ათასზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულთა 5%-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
COVID 19-ით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული. ურთულესი მდგომარეობა კვლავ ნიუ-იორკშია, სადაც 100 ათასი ინფიცირებულიდან დაახლოებით 16%-ის სიცოცხლე ლეტალურად მთავრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში COVID 19-ს ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 245 ათასი ადამიანია დაინფიცირებული.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ევროპის ქვეყნებშიც
კვლავ მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 760 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
10 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ ესპანეთში.
რთული ვითარებაა, ასევე, საფრანგეთში, სადაც, ბოლო მონაცემებით, ვირუსმა მთლიანობაში 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
1000-ზე მეტია დაღუპული გერმანიაში.
თითქმის 600-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთში და 3 ათასს მიაღწია.
ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერ ათეულშია მეზობელი თურქეთი, სადაც უკვე დაინფიცირდა 18 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო დაიღუპა 356, მათგან გასული დღე-ღამის განმავლობაში - 79.
სახალწლო დამცველის ანგარიში
-
20-21 ივნისის სისხლიანი ღამე;
-
მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება;
-
სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტები;
-
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა;
-
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლა.
ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებიც სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტის დიდი ნაწილი 20-21 ივნისის საქმეს ეხება.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველთა მოთხოვნაზე დამორჩილებისათვის დრო არ მიეცათ, პოლიციამ კი მოქალაქეებზე გადამეტებული ძალა გამოიყენა. სახალხო დამცველი უკმაყოფილოა საქმის შემდგომი გამოძიებითაც.