ილია მეორე იუბილარია
დღეს ილია მეორე 87 წლის გახდა. ქართული ეკლესიის წინამძღოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხეს. იგი 42 წელია სათავეში უდგას ქართულ ეკლესიას.
საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან
სოლიდარობა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და გარემოვაჭრეებს! - ამ ლოზუნგით დღეს დედაქალაქის მერიასთან “შეცვალე”, “სირცხვილია” და “გაბედე” აქციას გამართავენ.
31 დეკემბერს, ღამით, პოლიციამ და თბილისის მერიის სამსახურებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს, თორნიკე მამალაძეს და მოძრაობა #სირცხვილია-ს კარვები წაართვეს და ნაგავში გადაუგდეს. სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დააკავეს ათამდე აქტივისტი, ასევე, აგრესიას გამოხატავდნენ მედიის წარმომადგენლების მიმართ. კარვების ნაცვლად მერიამ ზვიგენის ფორმის ბატუტი გაბერა პარლამენტთან, რომელიც მალევე ჩაფუშა და ახალი გასართობი კონსტრუქციები დაამონტაჟა.
მერიის თანამშრომლებმა მოვაჭრეებისთვის პარლამენტთან დახლებიც განათავსეს, თუმცა გარემოვაჭრეების ნაწილმა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად იქ გადასვლაზე უარი განაცხადა.
საქართველოს ნაკრები AFP CUP-ზე
დღეს, ავსტრალიის ქალაქ პერტში, ATP CUP-ის ტურნირზე, საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას იაპონიასთან გამართავს. ქართველი ჩოგბურთელები 6 და 8 იანვარს ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრებებს ეთამაშებიან.
საქართველო: ნიკოლოზ ბასილაშვილი, სანდრო მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე. კაპიტანი - დავით კვერნაძეა.
-
იაპონია: კეი ნიშიკორი, იოშიჰიტო ნიშიოკა, იასუტაკა უჩიიამა;
-
ესპანეთი: რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, პაბლო კარენო ბუსტა;
-
ურუგვაი: პაბლო კუევასი, მარტინ კუევასი, ფრანკო რონჩადელი.
თბილისი თოვლის მოლოდინში
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში დღეს შესაძლოა პირველი თოვლი მოვიდეს. ღამისა და დილის საათებში თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო გარეუბნებში შესაძლებელია მოთოვოს კიდეც. დედაქალაქში ღამით ტემპერატურა 1 გრადუსი, ხოლო დღისით 5 გრადუსი იქნება. ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 10 გრადუსამდე აიწევს.
დასავლეთ საქართვლოში 8 იანვრამდე უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთს საქართველოში ზოგან მცირე ნალექია მოსალოდნელია. აღმოსავლეთით, 7 იანვრამდე, ღამით ტემპერატურა დაახლოებით -3 + 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დღის ტემპერატურა კი 5-10 გრადუსი იქნება.
დაძაბულობა ირანსა და აშშ-ს შორის
ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერალი ყასემ სულეიმანი შეეწირა.
ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ დაიფიცა, რომ სულეიმანის გამო ირანი შურს იძიებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, საჰაერო თავდასხმამ ბევრი ამერიკელის სიცოცხლე გადაარჩინა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანთან ომი არ სურთ, თუმცა ამერიკელ ხალხს ყოყმანის გარეშე დაიცავენ.
საჰაერო თავდასხმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს განხორციელდა. მას წინ უძღოდა ბაღდადში ამერიკის საელჩოზე ალყა და თავდასხმის მცდელობა, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები ირანელ გენერალ სულეიმანს უკავშირებდნენ.
ავსტრიას დღეიდან კოალიციური მთავრობა ეყოლება
ავსტრიის მწვანეთა პარტიის კონგრესი დღეს, სავარაუდოდ, ოფიციალურად მოაწერს ხელს რამდენიმე დღის წინ კონსერვატორებთან მიღწეულ შეთანხმებას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ამ შეთანხმების თანახმად, კანცლერის პოსტს კვლავ 33 წლის სებასტიან კურცი დაიკავებს.
ავსტრიაში კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. გახმაურებული იბიცას სკანდალის გამო გასულ წელს ავსტრიაში მმართველი კოალიცია დაიშლა, ხოლო 29 სექტემბერს არჩევნები ჩატარდა. არჩევნებამდე კოალიცია კონსერვატებისა და ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიისაგან შედგებოდა.
გერმანულმა მედიამ შარშან გაავრცელა 2017 წლით დათარიღებული კადრები, რომელიც, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ესპანეთის კუნძულ იბიცაზეა გადაღებული. ამ კადრებში თავისუფლების პარტიის ლიდერი, ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრასე და ამავე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი, იოჰან გუდენუსი ჩანან. BBC-ის ინფორმაციით, ისინი რუსი ოლიგარქის ნათესავ ქალს შეხვდნენ, რომელსაც შტრასე სახელმწიფო კონტრაქტებს სთავაზობდა, თუ ის არჩევნებში მის პარტიას დაეხმარებოდა და ავსტრიულ გაზეთ “კრონენ ზეიტუნგს” იყიდდა. “იბიცას სკანდალიდან” მალევე ჰაინც-კრისტიან შტრასემ თანამდებობა დატოვა, ხოლო პრეზიდენტმა ალექსანდრ დე ვანმა, სებასტიან კურცის ბრძანების საფუძველზე, შს მინისტრი ჰერბერტ კიკლი პოსტიდან დაითხოვა.