logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 04.03.2020

04 მარ 202010:11
3 წუთის საკითხავი
 
tjd7ulk5to8pbm9.png

პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საკანონმდებლო ორგანოში დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მოუსმენენ. ოპოზიციციონერების თქმით, ისინი ყოველწლიურ მოხსენებას არ დაესწრებიან, რადგან ზურაბიშვილს ივანიშვილის ხელით დასმულ პრეზიდენტად თვლიან. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. სალომე ზურაბიშვილს დარბაზში მხოლოდ თავისი მხარდამჭერი პარტიის - ქართული ოცნების დეპუტატები დახვდება.


თბილისში კაცმა დედა მოკლა

ახალგაზრდა კაცმა დედის დღეს საკუთარ დედას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდგომ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სახლის ეზოში დაწვა. როგორც მეზობლები აცხადებენ, დედა-შვილი ისანში, გეთიას ქუჩაზე წლების მანძილზე ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, მათ შორის კონფლიქტი არასდროს შეუნიშნავთ. დედის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ინფექციურში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის სავარაუდო ნიშნებით 5 პაციენტი შეიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 28 პაციენტი იმყოფება. ამ დრომდე ჩატარებული კვლევების პასუხების თანახმად, კორონავირუსი არცერთ ახალ პაციენტს არ დაუდგინდა. 11 ადამიანის ანალიზების პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი. მარინა ენდელაძეს განცხადებით, იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამაკომაყოფილებელია.

 

9 პაციენტი ქუთაისის ინფექციურში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული. 4 მოქალაქეს, რომლებიც იტალიიდან ჩამოფრინდნენ, მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმოტომები აღენიშნებოდათ. 9 პაციენტიდან ოთხს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახვრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

 

იტალიის რეისის მგზავრების შემოწმება

სამედიცინო კონტროლის გავლა მოუწიათ ქუთაისი-ბოლონიის რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში. 50-მა ადამიანს საზღვარზე ტემპერატურა შეუმოწმეს და აეროპორტში სპეციალური ბლანკები შეავსებინეს. სკრინინგის შედეგად ვირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს დაუფიქსირდა. როგორც მგზავრები აცხადებენ, ექიმებისგან იქვე მიიღეს რეკომენდაციები, რომ დარჩნენ სახლში და გარკვეული პერიოდი სხვებთან კონტაქტს მოერიდონ. მგზავრები ამბობენ, რომ საქართველოში კონტროლი გამკაცრებულია, იტალიაში კი კორონავირუსთან დაკავშირებით არანაირი პანიკა არ შეიმჩნევა.


გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები

ოპოზიცია პოზიციებს კვლავ არ თმობს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე წასვლას მანამ არ აპირებს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არის თუ არა რეალური მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის ლიდერი საკუთარი განცხადებებით, ოპოზიციური ერთიანობის დაშლას ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი სხვა ოპოზიციური პარტიების ტერორში ადანაშაულებს. ოპოზიციონერების თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა ოპოზიციური სპექტრის დაქსაქსვას, თუმცა, მათი განცხადებით, ოცნებას ეს არ გამოუვათ. მოხდება თუ არა შეთანხმება ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის, ჯერ კიდევ უცნობია. საკანონდებლო ინიციატივამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

 

ნიკა მელიას სასამართლო

დასავლელი პარტნიორების, ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების მხრიდან პოლიტპატიმრების კუთხით ხელისუფლებისადმი კრიტიკა არ წყდება, მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლოში დღემდე 20 ივნისის სისხლიანი ღამის საქმის განხილვები მიმდინარეობს. ამჯერად მოსამართლე ნიკა მელიას საქმეს განიხილავს. პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომას ვერ დაესწრება თავად ნიკა მელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებს. მელიას თქმით, არც ერთ პოლიტიკურ პატიმარს ვისი პროცესებიც 20 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით მიმდინარეობს, ბრალეულობა არ დაუმტკიცდება.

 

ჩოლოიანის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს. საიას ადვოკატი, რევაზ აჭარაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლის მიერ ყველა მტკიცებულებები სრულყოფილად იქნება გამოკვლეული და მოსამართლე ჩოლოანთან დაკავშირებით სწორ განაჩენს გამოიტანს. ყოფილი გამომძიებლის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით კი, დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე ყველა ის მტკიცებულება წარადგინა, რომელიც ჩოლოიანის უდანაშაულობას ადასტურებს. მარიანა ჩოლოიანი 15წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 17 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დააკავეს, რაც ჩვენების იძულებით მიცემას გულისხმობს.

 

„სუპერ სამშაბათი“ აშშ-ში

„დემოკრატიული პარტიის" პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით ჯო ბაიდენმა ექვს შტატში გაიმარჯვა. შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ოპონენტებს პირველობა ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ალაბამაში, ოკლაჰომაში, მინესოტასა და ტენესიში არავის დაუთმო. რაც შეეხება ბერნი სანდერსს, წინასწარი პროგნოზით ის კოლორადოსა და ვერმონტის შტატში იმარჯვებს. საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ 8 შტატის შედეგებია გამოსაქვეყნებელი. ეგრედ წოდებული სუპერ სამშაბათის ფარგლებში ამომრჩეველმა დემოკრატებს შორის ფავორიტი შეერთებული შტატების 14ტ შტატში უნდა გამოავლინოს. პრაიმერიზის საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. „დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა კი ივლისში, პარტიის ეროვნულ ყრილობაზე დასახელდება.

 

ტრამპმა The Washington Post-ს უჩივლა

დონალდ ტრამპის შტაბი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტს" უჩივის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შტაბის წევრების თქმით, მიზეზი ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნებაა. საქმე 2019 წელს გამოქვეყნებულ ორ პუბლიკაციას ეხება, რომლებშიც ჟურნალისტები ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან კავშირებზე წერდნენ. გავლენიან გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში" ბრალდება უარყვეს და განმარტეს, რომ საკუთარ სიმართლეს სასამართლოში დაიცავენ. დონალდ ტრამპმა ამავე მიზიზით ერთი კვირის წინ „ნიუ-იორკ თაიმსსაც" უჩივლა.

 

2019 წლის ყველაზე გაყიდვადი არტისტი

ტეილორ სვიფტი 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი არტისტია. ამერიკელ მომღერალს სტატუსი ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ მიანიჭა. პოპვარსკვლავმა გაჰიტებული ახალი ალბომით ისეთი არტისტები ჩამოიტოვა, როგორებიც ედ შირანი, ბილი აილიში და პოსტ მალონია. ტეილორ სვიფტი ყველაზე გაყიდვადი არტისტის ტიტული პირველად 2014 წელს მიიღო, როდესაც მუსიკალური ალბომის „1989" გაყიდვებმა 2 მილიონი შეადგინა. ამერიკელი პოპვარსკვლავი არაერთი ჯილდოს მფლობელი და მუსიკალური ჩარტების ლიდერია.


close დახურვა