logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 04.06.2020

04 ივნ 202009:29
3 წუთის საკითხავი
clock 891
o55cva4b78ri6zc.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 4 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

„ფრონტერას" კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას

კომპანია „ფრონტერა" საქართველოს მთავრობას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო წერილში წერია, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზეა გამოგზავნილი. წერილში სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის უკანონო შეწყვეტაზეა საუბარი.

„ეკონომიკურად უპრეცენდენტო, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი დავა დასრულდა. კარგი ამბავია ის, რომ განჩინების საფუძველზე ჩვენი კომპანია ემზადება კახეთში, ნავთობისა და გაზის მოსაპოვებელი სამუშაოების გასაახლებლად. ცუდი ამბავია ის, რომ საქართველოს მთავრობის წარუმატებელი მცდელობისა შეეწყვიტა ჩვენი კონტრაქტი, თქვენი მთავრობის წარმომადგენლები ახლა სასამართლოს განჩინებას უგულებელყოფენ და კვლავ ცდილობენ ხელშეკრულების შეწყვეტასა და ჩვენი საკუთრების ექსპროპრიაციას," - წერია „ფრონტერას" წერილში. 

 


საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

დღეიდან საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. კორონავირუსის გამო, განხილვა სატელევიზო ფორმატში ჩატარდება და მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. შეხვედრა ინტერაქციული სახის იქნება და მოქალაქეები საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეკითხვების დასმას შეძლებენ. 

„ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" განხილვაში მონაწილობას არ მიიღებს, იქამდე სანამ გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ დატოვებს. განხილვას დაესწრებიან ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები. კანონპროექტზე მსჯელობა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

 


სროლა ბაგებში

ბაგებში სროლის შედეგად დაჭრილ 2 მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. 40-45 წლის მამაკაცებს ჭრილობები წვივისა და ბარძაყის არეში ჰქონდათ მიყენებული. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. 

შეგახსენებთ, გუშინ სროლა იყო ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაცრისფერი BMW-ის ტიპის ავტომობილში რამდენიმე პირი ჩაჯდა და გაიქცა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი და ბაგების ტყის მასივიც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს. 

 


ძლიერი ქარი გორში

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი. ინციდენტი სტალინის ქუჩაზე მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გორის მერიაში აცხადებენ, რომ სახურავის დარჩენილი ნაწილი, რისი გადმოვარდნის საშიშროებაც არსებობდა, მოიხსნა და დროებითი სახურავით ჩანაცვლდა. 

დღეს მერიაში მშენებელი კომპანიის დირექტორს ელოდებიან. მერიის პრესსამსახურის წინასწარი ინფორმაციით, სახურავის საგარანტიო ვადა ჯერ არ გასულა და კომპანიას მისი ხელახლა გაკეთება მოუწევს. ქარმა პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებზეც შექმნა, ჩოჩიშვილის ქუჩაზე მოტეხილმა ხემ ავტომობილი დააზიანა. 

 

ლობისტებზე დახარჯული ფული

თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ლობისტების დაფინანსებაში ბიუჯეტიდან სამ მილიონ-ნახევარი დოლარი გამოყო. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ლობისტურ კომპანიებთან გახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოითხოვეს, თუმცა ინფორმაციის მიღებაზე უარი მიიღეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ინტერესების ფართო დიაპაზონზე გასატანად ლობისტები აუცილებელია. კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2 ლობისტურ კომპანიასთან ითანამშრომლა და მათ 250 ათასი დოლარი გადაუხადა. 

 


მზარდი ეკონომიკური კრიზისი

„ხელისუფლება შემოდგომაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგება" - ამ შინაარსის მიმართვა გაუგზავნა საქართველოს მთავრობას ხუთმა ბიზნეს ასოციაციამ. ასოციაციები დაინტერესდნენ, თუ რა გეგმა ექნება მთავრობას პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად რამდენიმე მიმართვისა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კაჭარავას თქმით, საქართველოს ბიზნეს სექტორი კიდევ ერთხელ დაკეტვას ვერ გაუძლებს. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია კი აცხადებს, რომ დღგ-ს დაბეგვრის წესი უნდა შეიცვალოს. 

 

ბულგარეთის დახმარება

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ჯანდაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, გადასცა. დესისლავა ივანოვას თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას ხაზს უსვამს. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

800 ინფიცირებული, მათგან 640 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 304 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2424 პირი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონ 570 ათასს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 388 ათასზე მეტია.

ბრაზილიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს 1 269 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით უკვე 32 547 ადამიანია გარდაცვლილი. ბრაზილიაში კოვიდინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 583 ათასს გადააჭარბა, მათ შორის 27 ათასზე მეტი ადამიანი ბოლო 24 საათში დაინფიცირდა.


პლაქვენილი COVID-19-ის წინააღმდეგ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდებული პრეპარატების სიაში ჰიდროქსიქლოროქინს აბრუნებს. ამის შესახებ ტედროს გებრეიესუსმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით კორონავირუსით სიკვდილიანობის მონაცემებზე დაყრდნობით, კომიტეტის წევრები გამოვიდნენ რეკომენდაციით რომ ტესტების პროტოკოლის შეცვლის მიზეზი არ არსებობს.

ჯანმოს აღმასრულებელმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და სოლიდარობის ტესტებში ყველა სახის მედიკამენტის, მათ შორის ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაამტკიცა. ტედროს გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის დაბრუნება სოლიდარობის ტესტებში არ მიუთითებს მის ეფექტურობაზე.

 

ჯორჯ ფლოიდის საქმე

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ დერეკ შოვინს მინესოტას შტატის პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მას მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება მესამეთი შეეცვალა. გამოძიების ცნობით, ის ფლოიდის სიკვდილზე პირადად არის პასუხისმგებელი. ბრალი წარედგინა დანარჩენ სამ პოლიციელსაც, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილზე იმყოფებოდნენ. სამივე მათგანს მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში სდებენ ბრალს. 

View this post on Instagram

სამ პოლიციელს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილზე იმყოფებოდნენ, მკვლელობის ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში ედებათ ბრალი. მათგან ერთი უკვე დააკავეს მანამდე დაკავებულ დერეკ შოვინს კი ბრალი დაუმძიმდა და ახლა ის მეორე ხარისხის წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ ფერადკანიანი კაცი 25 მაისს ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გასაპროტესტებლად შეერთებული შტატების გარდა ხალხი ქუჩაში მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში გამოვიდა. 

 

ბარაკ ობამას ვიდეომიმართვა

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბარაკ ობამა ვიდეომიმართვას ავრცელებს. შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა მერებს რეფორმების გატარებისკენ და ძალის გამოყენების პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. ობამამ განმარტა, რომ ქვეყნის ფერადკანიან მოსახლეობას აქვს უფლება იცხოვრონ და დაუშვან შეცდომები ისე, რომ არ უწევდეთ ნერვიულობა თუ რა დაემართებათ. 

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ის ახალგაზრდებიც შეაქო, რომლებიც პროტესტის მშვიდობიან ფორმას მიმართავენ. ვიდეომიმართვისას ბარაკ ობამას პრეზიდენტი ტრამპი არ უხსენებია. ჯორჯ ფლოიდის გარაცვალებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტიც და თქვა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის დრო ამოიწურა. 

 

ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

შესაბამის განკარგულებას ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი უკვე მოაწერა. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა განიხილეს. ლუკაშენკომ სამთავრობო ცვლილებები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კენჭს ამჯერად უკვე მეექვსედ იყრის. 

 

 


close დახურვა