კვლევა კორონავირუსზე
დღეს გახდება ცნობილი აქვთ თუ არა კორონავირუსი იმ პაციენტებს, რომლების ტესტებიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის პასუხს ელოდებიან. მათ შორის 7 საქართველოს მოქალაქეა. ბოლო მონაცემებით კლინიკაში სულ 31 პაციენტი იმყოფება. მათ შორის თერთმეტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, სავარაუდოდ ისინი საკარანტინო ზონებში გადავლენ. მარინა ეზუგბაიას თქმით ინფიცირებულ პაციენტებს განმეორებითი გამოკვლევებით კორონავირუსი კვლავ დაუდგინდათ.
შვიდი წლის ბავშვი ინფექციურში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი წლის ბავშვი შეიყვანეს. კლინიკაში არასრულწლოვანი მაღალი ტემპერატურის გამო მოათავსეს. ექიმის განცხადებით, ბავშვი საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხს დღის მანძილზე ელოდებიან. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ კორონავირუსი არ დაუფიქსირდათ და საავადმყოფიდან უკვე გაეწერნენ.
იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე
კორონავირუსით დაინფიცირებული იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. დაინფიცირებული ქალი ამ დროისთვის კლინიკაში წევს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. საქართელოს საელჩო აქტიურად ეკონტაქტება ახალგაზრდა ქალსა და კლინიკის ხელმძღვანელობას.
იტალიიდან ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში
თბილისის აეროპორტში კი იტალიიდან კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა. მგზავრების თქმით, მათ შემოწმება ჩამოფრენის შემდეგ გაიარეს. როგორც იტალიიდან ჩამოსულები ამბობენ, ტემპერატურა არცერთ მგზავრს არ დაუფიქსირდა. თუმცა, 11 ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.
თეთნულდიდან დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს
თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული ესპანეთის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. ექიმის განცხადებით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება და ტრავმული შოკის მდგომარეობაში იმყოფება. მედიკოსების შეფასებით, პაციენტს, სავარაუდოდ, ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევაც დასჭირდება. მისი მდგომარეობას საშუალო სიმძიმით აფასებენ. გუშინ თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ახალი კრიტიკული წერილი გახარიას ევროპარლამენტიდან
„კრიტიკული დამოკიდებულება არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე" - ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარების მიერ კიდევ ერთ მწვავე წერილს აფასებენ. მათი თქმით, ეს წერილი მორიგი მეგობრული ნაბიჯია და იქამდე სანამ მმართველი გუნდი საქართველოსთან დაკავშირებით ვერ შეძლებს ევროპალამენტარებს პროგრესი დაანახოს, პროცესები ცუდად წარიმართება. კრიტიკულია წერილები და ფორმულას ინფორმაციით, კრიტიკულია ასევე რეზოლუციაც. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი რეზოლუციის კენჭისყრის გადადებას ითხოვს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ,რეზოლუციის გადადებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც დოკუმენტს მაინც მიიღებენ.
შესაძლო კორუფცია თბილისი მერიაში
„კორუფცია ივანიშვილის მიმართ კეთილგანწობილი ჩინოვნიკებისთვის ნებადართულია“ - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში ფორმულა ნიუსის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც მერიაში არსებულ კორუფციას ეხება. ოპოზიციონერი ლიდერებისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კალაძე და მისი გარემოცვა კორუფციულ სქემებშია გარეული. ფორმულას წყარო უყვება, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში თბილისის მერის და მისი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივრები დაგროვდა.მათ შორისაა ვიცე მერი ირაკლი ხმალაძეც.
მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი
ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, საარჩევნო სისტემის პარლამენტში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ლიდერების თქმით, 110-40-ზე ან 100/50-ზე მანდატების მსგავსი გადანაწილება პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული არა არის და მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიცია ქართულ ოცნებასთან შეთნხმებებსა და მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ ოცნებასთან საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებზე, კონსენსუსს მიაღწევენ. ამასთან, ფორმულას ინფორმაციით, ამ საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მეხუთე რაუნდი უკვე ჩაინიშნა და ის შაბათს გაიმართება.
COVID 19-ის ბოლო მონაცემები
107-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19 -ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იტალიაში. აქედან გასული დღის განმავლობაში ვირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყნის ტერიტორიაზე 3 000-ს გადააჭარბა. კალიფორნიაში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო მას შემდეგ, რაც კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. საშიში ვირუსი ამერიკის 16-ტ შტატში დაფიქსირდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 11-მდე გაიზარდა. დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა სამხრეთ კორეასა და ირანშიც. ჩინეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა რაოდენობამ აქ 3012 ს მიაღწია. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შედეგად სულ 3249 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში ახალი ვირუსით ინფიცირების 93 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ევროკავშირი თურქეთს ზეწოლაში ადანაშაულებს
ევროკავშირმა თურქეთი მიგრაციის პრობლემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში, საგანგებო შეხვედრის შემდეგ მიიღეს, წერია, რომ ევროკავშირის საბჭო აღიარებს თურქეთის წინაშე არსებულ მზარდ რისკებს, ასევე მოუწოდებს ანკარას სრულად შეასრულებს 2016 წლის ანკარასა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმების დებულებები, რომლის მიხედვითაც თურქეთი ვალდებულია უკან მიიღოს ყველა ის პირი, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავლენ. შეხვედრის მონაწილეებმა საზღვრების დაცვის და საემიგრაციო კრიზისის მოგვარების მიზნით საბერძნეთისთვის 700 მილიონი ევროს გამოყოფას დაუჭირეს მხარი. სირიელი მიგრანტების დასახმარებლად კი ბრიუსელი 60-ც მილიონ ევროს გამოყოფს.
უკრაინის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
უკრაინას მინისტრთა ახალი კაბინეტი ჰყავს. პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 44 წლის დენის შმიჰალს დაუჭირა მხარი. მის კანდიდატურას ხმა 291 დეპუტატმა მისცა, 59-კი მის წინააღმდეგ გამოვიდა.არჩევის შემდეგ დენის შმიჰალმა პარლამენტს ახალი გუნდი წარუდგინა. 13-კაციან სიაში წინა მთავრობის რამდენიმე მინისტრიც შევიდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა. წარდგენილი მინისტრებიდან ბევრი თანამდებობებს ვიქტორ იანუკოვიჩის დროს იკავებდა. ამის გამო საპარლამენტო ფრაქცია „გოლოსის“ წევრებმა დარბაზი დატოვეს. თუმცა რადგან ახალი მინისტრთა კაბინეტი მაინც დაამტკიცე. უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ახლა უკვე ყოფილი პრემიერი, ალექსეი გონჩარუკი პოსტიდან გუშინ გაათავისუფლა. თანამდებობებიდან მისი გუნდის წევრებიც დაითხოვეს.
რუსეთ სირიაში შეიარაღებას ზრდის
რეჯეპ თაიპ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე , რუსეთი სირიის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ძალების შეიარაღებას ზრდის. როიტერსის ინფორმაციით, დამატებითი საზღვაო და საჰაერო ძალები უკვე სირიის ტერიტორიაზე იმყოფება. სააგენტოს ცნობით, რუსეთმა ბოლო 6 დღის განმავლობაში სირიის მიმართულებით 5 სამხედრო ხომალდი გაგზავნა. აქედან ერთ-ერთი სადესანტო ხომალდი „ორსკია“, რომელსაც 20 ტანკის, 50 სატვირთო მანქანის ან ჯავშანტექნიკის და 400-მდე ჯარისკაცის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი მწვავე ვითარება იქნება.
ბრაზილიაში წყალდიდობამ 24 ადამიანი შეიწირა
სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ბრაზილიაში. სტიქია სან-პაულუს რეგიონს დაატყდა თავს. გადაუღებელი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა ათამდე დასახლება. სტიქიას ნგრევაც მოჰყვა, ათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 25 ადამიანი.