logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 05.06.2020

05 ივნ 202009:06
3 წუთის საკითხავი
clock 832
xaqcpal9cgl1gou.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 4 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

ევროპარლამენტარის მწვავე წერილი

პასუხის პასუხის პასუხი - ამ სათაურით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების" ლობისტურ ორგანიზაციას კიდევ ერთ მწვავე წერილს უგზავნის. ევროპარლამენტარი წერს, რომ კავკასიური სახლის წინა წერილების ნარატივი „ქართული ოცნების" ნარატივის მსგავსია და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. 

ევროპარლამენტარი საქართველოში არსებულ ისეთ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას როგორიცაა - დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშვნა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება და რუსული ოკუპაცია. 

 

20 ივნისს აქცია გაიმართება

სისხლიანი დარბევიდან ერთი წლის შემდეგ „სირცხვილია" რუსთაველზე აქციას ისევ გამართავს. სამოქალაქო აქტივისტები 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზეც ოკუპაციის, ძალადობის, უსამართლობისა და ერთმმართველობის წინააღმდეგ მოქალაქეებს პარლამენტთან გასვლისკენ მოუწოდებენ. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების ფაქტები და არ დასჯილან სამართალდამცველები. აქცია 20 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს სოციალური დისტანციის დაცვისა და ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ. 

 

ენმ არჩევნებში თბილისის მხოლოდ 2 ოლქში იბრძოლებს

ნაციონალური მოძრაობა, თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, დღეიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - გლდანსა და სამგორში - იწყებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების დარღვევას აპირებდეს, უსაფუძვლოა.

 

ჟურნალისტთა სახლის დემონტაჟი

თბილისის მერი ერეკლეს მოედანზე ჟურნალისტთა სახლის დემონტაჟის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს მერიისთვის სავალდებულო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევები და სამომავლო პროექტის ესკიზები ამ დრომდე არ წარუდგენია, კახი კალაძე ირწმუნება, რომ შენობის დემონტაჟი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარეობს. 

თბილისის მერი ამ განცხადებით წინააღმდეგობაში საკუთარი მოადგილის სიტყვებთან მოდის. ილია ელოშვილმა ფორმულა ნიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ მესაკუთრე შესაბამის დოკუმენტაციას მერიაში შენობის დემონტაჟის შემდეგ მიიტანს. კალაძის თქმით, პროექტი რომელიც განხორციელდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, თუმცა თბილისის მერი არ აკონკრეტებს კონკრეტულად რას აშენებს ივანიშვილი ჟურნალისტთა სახლის ადგილას.

 

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმას პატიმრობა შეეფარდა

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ. გრიგოლ აბრალავა და ნუგზარ თალაკვაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 3 დღის წინ დააკავეს. აბრალავა და თალაკვაძე საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გააჩერა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა. უმრავლესობის ყოფილი წევრი მომხდარს ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, მისი ცოლის ძმის მიერ იარაღის გადაგდებასთან დაკავშირებით, უარყოფს. გრიგოლ აბრალავა გასულ წელს ნორვეგიაში ქურდობისთვის იყო დაკავებული.

 

მოხმარებისთვის არასაკმარისი ნარკოტიკების ფლობა დასჯადი აღარაა

თვალით უხილავი ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარებლად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის დაწესებული სასჯელი არაკონსტიტუციურად სცნო. 

საია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანის დასჯა ისეთი მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, რომლის არათუ გავრცელება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელი იყო, საქართველოს კონსტიტუციას არღვევდა. სასამართლომ საიას არგუმენტები გაიზიარა და ამ ოდენობის ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ძალადაკარგულად სცნო.

 

პირბადის არ ქონაზე ჯარიმა დაწესდება

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. დახურულ სივრცეში პირბადის არ ქონის გამო ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. 

ამასთან კანონპროექტის თანახმად მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებთან ერთად პირბადის ტარების ვალდებულება მძღოლსაც ეკისრება. რეგულაციები შეეხებათ ტაქსის მძღოლებსაც. ჯარიმა ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევებშიც 50 ლარის ოდენობის იქნება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 ათასი ლარით, იურიდიული პირები კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. 

 

საქართველო სომხეთის დასახმარებლად მზადაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მთავრობას COVID-19-თან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მეზობელი ქვეყნების მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა. დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა, - აცხადებენ უწყებაში.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

805 ინფიცირებული, მათგან 650 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 276 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2955 პირი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონ 702 ათასს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.2 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 393 ათასზე მეტია.

ბრაზილიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს 1 492 ადამიანი ემსხვერპლა. აქ გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით უკვე 34 039 ადამიანია დაღუპული. ბრაზილიაში კოვიდინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 615 ათასს გადააჭარბა, მათ შორის 32 ათასამდე ადამიანი ბოლო 24 საათში დაინფიცირდა.

 

ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდი

ქალაქ მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდზე, დამსწრეებმა დაღუპულის ხსოვნას პატივი რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში დუმილით მიაგეს- გამოძიების ინფორმაციით სწორედ ამ დროის განმავლობაში აჭერდა მუხლს კისერზე ჯორჯ ფლოიდს ​მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერი, დერეკ შოვინი, რასაც 46 წლის აფროამერიკელის სიკვდილი მოჰყვა. 

ცერემონიის პარალელურად აქციები გრძელდება მინეაპოლისსა და შეერთებული შტატების სხვა ქალაქებში. მასშტაბური გამოსვლები რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ, სიეტლში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჟელესში გაიმართა. ნიუ-იორკში სადაც უკვე მესამე ღამეა კომენდანტის საათის მოქმედებს, მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა მაინც ჩატარდა. ვაშინგტონში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, პროტესტის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის ლაფაიეტის მოედანი, 10 ივნისამდე დახურული იქნება. 

 

მსვლელობა ჰონგ-კონგში

პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა მსვლელობა ჰონგ-კონგში, სადაც ათასობით ადამიანმა 31 წლის წინ პეკინში ტიანანმენის მოედანზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი. მსვლელობა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, მეგაპოლისის მცხოვრებლები ქუჩებში სანთლების ხელში გამოვიდნენ. 

სამართალდამცველები მსვლელობის მონაწილეებს დადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ჰონგ-კონგში მსვლელობა ყოველწლიურად იმართება. 1989 წლის 4 ივნისს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე კომუნისტურმა მთავრობამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. ამ დრომდე უცნობია ამ დღეს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა. 

 

ფეისბუქი სამთავრობო მედიების მხილებას იწყებს

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სოციალური ქსელში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიას სპეციალური ნიშანი ექნება. მარკირებას უახლოეს მომავალში მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის დაახლოებით 200 გვერდზე გაჩნდება. ამ სიაში რუსული ,,სპუტნიკიც'' მოხვდა. ზაფხულის ბოლოსთვის კი ,,ფეისბუკი '' ამერიკელი მომხმარებლებზე გათვლილ და სხვადასხვა სახელმწიფოს კონტროლირებული ორგანიზაციების ნებისმიერ რეკლამას დაბლოკავს. 

 


close დახურვა