ოდირის დასკვნა და მმართველი პარტიის პირველი კომენტარი
დასკვნა, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი ორი თვეა ელის - ეუთო/ოდირიდან ჩამოვიდა. დასკვნა ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტზეა, რომელიც არჩევნების, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითვალისწინებს.
პაკეტს ხელს 30 მდე პარტია აწერს. დოკუმენტში წერია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მხოლოდ ორგანული კანონის შეცვლას ითხოვს და არა კონსტიტუციის.
დასკვნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
„გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი. თუ ვინმე ცდილობს სიტყვების მანიპულირებით, ეს მოდელი, ის მოდელი, გერმანულთან მსგავსი მოდელი - ამაზე იმანიპულიროს და რაღაცა მოატყუოს ხალხს, ჩვენ ხალხს არ მოვატყუებინებთ.
გუშინწინ შეეცადნენ ხალხის მოტყუებას, რომ ბათუ ქუთელია არ იყო ნახსენები არსად კონტრაქტში და არც ნაცების ლობის კომპანიაში და აღმოჩნდა, რომ იყო. ახლა ყურადღებით გავეცნობით დასკვნას და ხვალ დასკვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
წერილი საქართველოდან საერთაშორისო პარტნიორებს
„ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც ევროპული სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირებს განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა და პრეფერენციის პოლიტიკური ლიდერები და მედიის წარმომადგენლები მიმართავენ, მათ შორის წერილს ხელს აწერენ საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს, - ესაა ნათქვამი დოკუმენტში, რომელშიც დეტალურად უხსნიან ევროპელ ლიდერებს, რა ზიანი მოუტანა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყნის დემოკრატიას და როგორ შორდება სახელმწიფოს მიტაცებით თუ პოლიტიკური დევნით ქვეყანა ევროპული დემოკრატიის სტანდარტებს.
ევროპარლამენტის, ევროკავშირის კომისრებს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორები სთხოვენ, საქართველოს ხელისუფლებასთან რეაგირებას. წერილს ხელს აწერენ ისინი, ვინც სამართლებრივი დევნის და მთავრობის თავდასხმის ობიექტია. ხელმომწერთა შორის ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორია, ის პროკურატურაში გამოკითხვაზე არხის მაუწყებლობის პირველივე დღეს დაიბარეს.
წერილის ხელმომწერები იმედოვნებენ, რომ წერილის გაცნობის შემდეგ ევროპარლამენტარები ივანიშვილის წინააღმდეგ მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს აამოქმედებენ. მათი თქმით, არსებობს ე.წ. დრაფტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპარლამენტარებთან შეხვედრას აგრძელებენ, დახურულ კარს მიღმა შეხვედრები ბრიუსელში უკვე რამდენიმე დღეა იმართება.
დაშავებული მუშის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა მრავლობითი დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურად მძიმეა. დაშავებული მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 5 თებერვალს გადმოვარდა. მასთან ერთად იყო 21 წლის ბიჭიც, რომელიც გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
მთავრობა და ბრიფინგები
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
11:00 საათზე, სასტუმროში "რედისონი", თბილისის მერი კახა კალძე, მოადგილეებთან ერთად, 2020 წელს დაგეგმილი მსხვილი პროექტების პრეზენტაციას გამართავს.
10:00 საათზე, "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით ახალგაზრდულ ფორუმს - “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ გამართავს.
შეხვედრას ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთვან ციხელაშვილი გახსნიან.
10:30 საათზე, თბილისის საკრებულოში, სოციალურად დაუცველები ბინების დაკანონების საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებს შეხვდებიან.
10:30 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი გელა ჩივაძე განცხადებას გააკეთებს.
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე განცხადებას გააკეთებს.
11:00 საათზე, გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია, უზენაეს სასამართლოსთან ე.წ. ფონდის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი გაიმართება.
11:00 საათზე - არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „ლელო საქართველოსთვის“ განაგრძობს პოლიტიკური პლატფორმის თემების პრეზენტაციას და პარტიის ლიდერები მორიგ განცხადებას შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხთან დაკავშირებით გააკეთებენ.
11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი კობა კობახიძე განცხადებას გააკეთებს.
13:00 საათზე, „ქართული რძის ფედერაცია“ რძის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.
13:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების წევრები, დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კომპანია "ფრონტერას" გათავისუფლებული თანამშრომლები, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას "ფრონტერას" თბილისის ცენტრალური ოფისისკენ გამართავენ, სადაც აქცია იგეგმება.
14:00 საათზე, საპროკურორო საბჭო კენჭისყრას ჩაატარებს და საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს.
16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.
სასამართლო პროცესები
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.