logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 06.05.2020

06 მაი 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
f4cpdlmvpdeoph5.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 6 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


გაუქმებული ანგარიშები

ფეისბუქის ადმინისტრაციამ ყალბი გვერდები და ჯგუფები წაშალა. სოციალური ქსელში უკვე გაუქმებულია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 800-მდე ყალბი ანგარიში, რომლის უკანაც ფეისბუქის გუნდის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი იდგა. წაშლილია თავად ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით მომუშავე ახალი ამბების სააგენტო „ესპერსონა" და მასთან დაკავშირებული 790 ანგარიში. 

დოკუმენტით, რომელიც ფეისბუქმა გამოაქვეყნა, ირკვევა, რომ აღნიშნული ქსელი რეკლამებში 30 ათას დოლარამდე თანხას ხარჯავდა. ყალბი ანგარიშები პროსახელისუფლებო გვერდებსა და ჯგუფებს აერთიანებდა, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას,  მმართველი პარტიის ოპონენტთა და აქტივისტების  დისკრედიტაციას ეწეოდნენ და არასანდო ინფორმაციას მათივე შექმნილ ჯგუფებში აზიარებდნენ. ირკვევა, რომ კოკა ყანდიაშვილი  საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ყალბ ანგარიშსაც მართავდა. 

Facebook-ის ადმინისტრაციამ, ასევე, წაშალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 153 ყალბი ანგარიში, რომლებიც არაავთენტური ქმედებებით გამოირჩეოდნენ. 

 

COVID-19 საქართველოში

610 ინფიცირებული, მათგან 269 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 5 133 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 523.

via GIPHY

 

შესაძლოა საქართველოში კორონავირუსი უფრო ადრეულ პერიოდში არსებობდა, ვიდრე ეს ოფიციალურად დადასტურდა. ამას  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ვარაუდობენ. ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ფაქტის დასადგენად შესაბამისი კვლევის ჩატარება სამომავლოდ იქნება შესაძლებელი, თენგიზ ცერცვაძე კი ამბობს რომ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადგენა შეუძლიათ,  აქვს თუ არა გადატანილი პაციენტს კორონავირუსი. 


ევროსაბჭოს დახმარება

ევროსაბჭომ საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. დახმარების მიზანია რომ ქვეყნებმა COVID-19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები დაძლიონ. თანხა ერთი წლის განმავლობაში, ორ ეტაპად გაიცემა. 

სესხების დაფარვის ვადა, მაქსიმალური, 15 წლის ვადით განისაზღვრება და ის პარტნიორ ქვეყანასა და კომისიას შორის შეთანხმდება. ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილება ევროკავშირის პარლამენტმა და საბჭომ უნდა დაამტკიცოს. 3-მილიარდევროიანი ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ათი ქვეყნის დახმარებას ითვალისწინებს. 


სავალუტო ფონდის დახმარება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გზავნილი უკვე საქართველოშია. დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო დახმარება რამდენიმე საათის წინ გადმოირიცხა. თანხა გადაუდებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს. 

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" ხელისუფლებას COVID-19-iსგან გამოწვეული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. დახმარების გამოყოფის შესახებ წინადადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის  დირექტორთა საბჭომ აპრილის მიწურულს დააკმაყოფილა. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ საერთაშორისო დონორებისგან საქართველოს მთავრობა მთლიანობაში მილიარდ ნახევარი დოლარის დახმარებას მოიზიდავს. 


ვითარება ერგნეთში

ერგნეთის მოსახლეობა აფთიაქების, მაღაზიებისა და პურის საცხობის გარეშეა დარჩენილი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში ერგნეთში ცხოვრება გართულდა. მოსახლეობას უჭირს საკვებ პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენა. 

via GIPHY

 

სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, რაც მათთვის დისტანციურ სწავლებას ართულებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირთათვის აუცილებლად უნდა გადაიხედოს.


კორუფციის რისკები პანდემიის დროს

პანდემია და კორუფციის რისკები. არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ეპიდემიის დროს ხელისუფლების შესყიდვებით დაინტერესდა. საკითხზე კვლევა ჩაატარა IDFI-მაც. ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა კომპანიებისგან ათეულობით მილიონი ლარის შესყიდვა განახორციელა. 5 მილიონ ლარამდე შესყიდვების ხელშეკრულებები სახელმწიფომ სალომე ზურაბიშვილსა და ქართული ოცნების შემწირველებთან გააფორმა. ჯანდაცვის სამინისტრომ კი 10 მილიონ ხუთასი ათასი ლარის პირბადეები და  სამედიცინო აღჭურვილობები გამარტივებული წესით ძვირიანი მომწოდებლისგან შეიძინა. 


„ანას ბაღის“ ბედი

დღეს სააპელაციო სასამართლოში „ანას ბაღის მცველები" სარჩელს წარადგენენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ „ანას ბაღთან" დაკავშირებული მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მშენებლებს დავის გაგრძელებამდე მისცა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს მშენებლობის წინააღმდეგ ყველა სახის მტკიცებულება წარედგინა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ანას ბაღის მცველების განმარტებით თუ სააპელაციო სასამართლო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და მშენებლობის ნებართვას კვლავ გასცემს, სარჩელს სტრასბურგის სასამართლოშიც წარადგენენ. 23 მაისს კი, თბილისის მერიასთან მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით მოსახლეობამ საპროტესტო აქცია დააანონსა. 


COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 3.7 მილიონს გადააჭარბა. პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 258 ათასს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მილიონ 240 ათასს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებული 50 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

შეერთებულ შტატებში პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვმა 70 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი კი მილიონ 200 ათასს გადასცდა. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ბოლო მონაცემებით 200 626 შეადგინა. შეერთებულ შტატებში პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება ყველაზე რთული ნიუ-იორკისთვის აღმოჩნდა, სადაც COVID-19-ით 25 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. 

შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის რეკომენდაციით თვის ბოლოს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი დაიშლება. დონალდ ტრამპის თქმით, მოქმედ შემადგენლობას განსხვავებული ჯგუფი ჩაანაცვლებს. ქვეყნის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ ეკონომიკის აღდგენის შემდეგ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ქვეყანაში კვლავ დაფიქსირდეს. 

via GIPHY

 

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით დიდმა ბრიტანეთმა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 29 ათას 427-ს მიაღწია. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით დიდ ბრიტანეთში 693 ადამიანი გარდაიცვალა. გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 194 ათასზე მეტია, მათ შორის ვირუსი გუშინ 4 406 ადმიანს დაუდგინდა.

გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა გუშინ გერმანიაში. აქ ახალი კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობა 167 ათასზე მეტია, მათგან 135 100 შემთხვევა უკვე დასრულდა განკურნებით, ხოლო ლეტალური შედეგი 6 993 ადამიანისთვის დადგა.

ოფიციალური სტატისტიკით, გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება რუსეთში, სადაც ბოლო 1 დღეში 95 ადამიანი დაიღუპა და კოვიდინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 451-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა დადასტურებულ შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა ვლინდება, გუშინ ვირუსი რუსეთის ფედერაციაში 10 102 ადამიანს აღმოაჩნდა.


ხანძარი ცათამბჯენში

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცათამბჯენზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ქალაქ შარჯაში მდებარე 48 სართულიან ცათამბჯენს გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

 

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ახლომდებარე შენობებიდან მოსახლეობა გაიყვანეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცათამბჯენიდან ნამსხვრევები ცვიოდა. 


close დახურვა