logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 06.06.2020

06 ივნ 202010:36
3 წუთის საკითხავი
 
9exlnvatme9gl3o.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 6 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

საქართველო სომხეთის დასახმარებლად მზაობას გამოთქვამს

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ სომხეთს დახმარება შესთავაზა და როგორც გამყრელიძე აცხადებს, მეზობელი ქვეყანა ამ საკითხს განიხილავს.

via GIPHY

 

„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი სომეხ კოლეგასთან და შესთავაზა საქართველოს მხარდაჭერა. ჩვენც გვქონდა, დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, შეთავაზება და კომუნიკაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ველოდებით, თუ მათ სურთ მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ, “ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დასასვენებლად ქვეყნის საზღვრების დატოვება არ შეეძლებათ. გახარიას თქმით, ქართველებმა საქართველოში დასვენება უნდა ისწავლონ.

„პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან... ეს არა,” - განაცხადა გახარიამ

via GIPHY

 

„ენმ-ის“ წევრი, რომან გოცირიძე გახარიას ამ განცხადებას დიქტატორულს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარ მოქალაქეებს გადაადგილება შეუზღუდოს. „ევროპული საქართველოში“ კი აინტერესებთ, როგორ აპირებს პრემიერი ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვას.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

808 ინფიცირებული, მათგან 663 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 276 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2955 პირი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონ 850 ათასს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 398 ათასზე მეტია.

ბრაზილიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს 1 008 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით უკვე 35 047 ადამიანია დაღუპული. ბრაზილიაში კოვიდინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 646 ათასს გადააჭარბა, მათ შორის 31 ათასამდე ადამიანი ბოლო 24 საათში დაინფიცირდა.

 

WHO-ს დატოვება ბრაზილიასაც სურს

bრაზილიაში შექმნილი რთული ეპიდვითარების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, აშშ-ის მსგავსად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებაზე ალაპარაკდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ბოლსუნარუმ აღნიშნა, რომ ბრაზილიამ, შესაძლოა, ორგანიზაციას დაფინანსება უახლოეს მომავალში შეუწყვიტოს.

WHO-მ იდეოლოგიური გავლენების გარეშე უნდა იმუშაოს. არ გვჭირდება, რომ ადამიანები გარედან გვასწავლიდნენ, როგორ ვიმოქმედოთ ჯანდაცვის სფეროში,“ - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

 

 

კანადის პრემიერი ანტირასისტულ აქციას შეუერთდა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ოტავაში, პარლამენტის წინ გამართულ ანტირასისტულ აქციას შეუერთდა. იგი ათასობით დემონსტრანტს შორის გამოჩნდა და საპროტესტო შეკრებაზე 1 საათი გაატარა. 

ტრუდომ აქციის მონაწილეთა მსგავსად ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად მუხლი მოიყარა. იგი დაჩოქილი ზუსტად 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში იყო. სწორედ ამ დროის განმავლობაში ახრჩობდა პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს. 

 

ჰოლივუდში გადაღებების განახლება 12 ივნისიდან იგეგმება

Los Angeles Times-ის ცნობით, კალიფორნიის გუბერნატორმა ჰოლივუდში ფილმების და სერიალების გადაღების უფლება 12 ივნისიდან გასცა. თუმცა, გამოცემის ცნობით, გადასაღებ მოედანზე მკაცრად გაკონტროლდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. კერძოდ, გაუქმდება ე.წ. შვედური მაგიდა, რეკვიზიტები კი ყოველი ცვლის შემდეგ გაირეცხება. ამასთანავე, გადაღებების განახლებამდე ჯანდაცვის ინსპექტორის მიერ შესაბამისი შემოწმება ჩატარდება.

 

G20 კორონავირუსთან საბრძოლველად $21 მილიარდს გამოყოფს

„დიდი ოცეულის“ ქვეყნების კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა COVID-19-ის გავრცელების შეჩერებას, დიაგნოსტიკასა და ვაქცინის შექმნას, ინფიცირებულთა მკურნალობას და სხვადასხვა კვლევას მოხმარდება. ინფორმაცია ამის შესახებ G20-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 


close დახურვა