logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 07.05.2020

07 მაი 202010:32
3 წუთის საკითხავი
clock 1778
vpasazo3v8nq9t1.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 7 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

COVID-19 საქართველოში

615 ინფიცირებული, მათგან 275 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 948 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 491.

via GIPHY

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა.

 

ვითარება რეგიონებში

სოფელ რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი შეიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს კორონავირუსის ტესტზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა. ორივე ქალი განმუხური- ანაკლიის საკარანტინო ზონიდან მიიყვანეს, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

1 კოვიდინფიცირებული  პაციენტი გადაიყვანეს სამეგრელოდან  ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კლინიკაში ასევე მოხვდა ორი ადამიანი ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევიდანაც. სოფელში უკვე 28 პირია ინფიცირებული, ბოლნისში კი ინფექცია 120 ადამიანის აქვს დადასტურებული. 

სასწრაფო დახმარების 36 თანამშრომლის ანალიზის პასუხს ელოდებიან ხარაგაულში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით მედიკოსებს ტესტირებები გეგმურად ჩაუტარდათ. გეგმურ შემოწმებებს უტარებენ ფოთში მებაჟეებსა და ფარმაცევტებსაც. რაც შეეხება აჭარას, ბათუმის კლინიკა მედალფა 2-მა პაციენტმა დატოვა. უახლოეს დღეებში კი კიდევ რამდენიმე ადამიანის გაწერაც იგეგმება. 


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საზღვარს კეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან საზღვარს კეტავს. შეზღუდვა  10 მაისიდან 17 მაისამდე იქნება ძალაში. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, გადაწყვეტილება COVID-19-თან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. 

საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, საზღვრის სრულად ჩაკეტვა საჭიროა იმისთვის, რომ უკვე ჩასული ადამიანების კარანტინში მოთავსება და მათი გამოკვლევა მოხდეს. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.  ერთი ინფიცირებული 14 წლის მოზარდია ცხინვალიდან, ასევე ვირუსზე მკურნალობენ დედა და მისი 6 წლის შვილი ახალგორიდან.


სპეცრეისი ამსტერდამიდან

დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად ამსტერდამიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.

via GIPHY

 

სპეცრეისის მგზავრებს შორის იქნებიან ონკოდაავადებული პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები, მეზღვაურები და სტუდენტები. კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში ნიდერლანდებიდან დღეს სპეცრეისი მესამედ განხორციელდება. მომდევნო ფრენა კი 9 მაისს უკვე ბერლინიდან შესრულდება. 


თუშეთში მესამე დღეა დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ

უკვე მესამე დღეა თუშეთში მეწყერში მოყოლილ ადამიანს ეძებენ.  ვითარებას ხელს ამინდიც უშლის. ფშავი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის განმეორებით ჩამოწოლის საშიშროებაა. რაც შეეხება მაშველების მიერ გადარჩენილი მოქალაქის ჯანმრთელობას, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


სააკაშვილის უკრაინული თანამდებობა

როდის დაიკავებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს, ჯერ უცნობია. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ რეფორმების გაზიარების კუთხით ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. 

პარტია ლელოს დამფუძვნებელს კი განსხვავებული, მოსაზრება აქვს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ,   მასთან დაკავშირებული საკითხები სერიოზულად ვერ განიხილება. 


ინფლაცია და ფასების ზრდა

ინფლაცია და მისგან გამოწვეული გაზრდილი ფასები - ეკონომისტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. „საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე ფასები 3 პროცენტით ზრდას ელის. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების პროდუქტები გაძვირდა, რაც მოსახლეობის ფინანსებზე მძიმედ აისახება. 


276.5 მილიონი ლარი ეკლესიას 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276 მილიონ 500 ათასი ლარი მიიღო, საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება კი, ჯამში, 64 კვადრატულ-კილომეტრ ფართობს მოიცავს. 

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეკლესიის პრივილეგირებულობის ფონზე, სახელმწიფო სხვა რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში უხეშად ერევა. ასევე ორგანიზაციის განცხადებით, განსხვავებული ეროვნებისა თუ იდენტობის ადამიანები აგრესიის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან. ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შორის კი მართლმადიდებელი სასულიერო პირები ან საპატრიარქოსთან ასოცირებული ორგანიზაციები არიან.


გუდაურში მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა მას 126-ე მუხლსაც ედავება, რაც ცემას გულისხმობს. ბრალდების ეს ნაწილი დაუსაბუთებელია უფლებადამცველისთვის. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები რაც კობიაშვილის ბრალეულობას დაასაბუთებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 მაისს ჩატარდება. შემთხვევა გუდაურში 16 თებერვალს მოხდა, როდესაც თამაზ გორთამაშვილი მოკლეს, მეორე მამაკაცი კი დაჭრეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ჰქონდა წაყენებული. 


COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 3.8 მილიონს გადააჭარბა. პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 265 ათასს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მილიონ 300 ათასს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებული 48 ათასი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

ბოლო ერთი დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსს 1800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ამერიკაში მილიონ 200 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია თითქმის 74 ათასი ადამიანი. ნიუ – ჯერსიში რომელიც ვირუსის ეპიდემიის ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენს, საგანგებო მდგომარეობას კიდევ 30 დღით გახანგრძლივდა. დონალდ ტრამპმის განცხადებით,   თეთრი სახლის ოპერატიული  ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს და   ფოკუსირებას ეკონომიკის ამოქმედებასა და გახსნაზე გააკეთებს.  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ რთხელ  აღნიშნა, რომ ვირუსის შეჩერება ჩინეთში შესაძლებელი იყო. მისი თქმით კორონავირუსის პანდემია უარესია, ვიდრე შეტევები პერლ-ჰარბორზე ან მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე. 

via GIPHY

 

დიდი ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა,  სადაც კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქვეყანამ იტალიას გაუსწრო და შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილზეა. ბოლო მონაცემების თანახმად ინფიცირებულთა რაოდენობა აქ 200-ს ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში  COVID-19-ს დიდ ბრიტანეთში 649 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტირება დღეში სამოცდაათი ათასამდე ადამიანს უტარდება. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ თვის ბოლომდე ტესტირების რაოდენობას დღეში 100 ათასამდე გაზრდის.

30 ათასს უახლოვდება კორონავირუსის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი იტალიაშიც, სადაც წინა რამდენიმე დღესთან შედარებით, COVID-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საშიშ ვირუსს აქ 369 ადამიანი ემსხვერპლა. თითქმის 1500-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 214 457-ს შეადგენს.

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, თურქეთი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეორე ეტაპზე გადავიდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალაში შედის ე.წ. კონტროლირებადი საზოგადოებრივი ცხოვრება, რაც ნაკლები შეზღუდვების დაწესებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 11 მაისს მაინც დაიწყება. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სულ 131 744 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ლეტალურად უკვე დასრულდა 3 584.

 

ჯანმოს განცხადება

ჯანდაცვის  მსოფლიო ​ორგანიზაცია  იმ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საყოველთაო კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპს სიფრთხილით არ წარმართავენ. 

 

ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, შემდეგი პანდემიისთვის მომზადებისა და ჯანდაცვის სისტემაში ინვესტირებისკენ მოუწოდა.



close დახურვა