logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 09.04.2020

09 აპრ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
bvkqm6a5f55ozbq.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 9 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

 

9 აპრილი

დღეს 31 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, 29 კი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან. საქართველო ამ დღეს გასული წლებთან შედარებით განსხვავებულად ხვდება.

მას შემდეგ, რაც 1989 წლის 9 აპრილს ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა, მოსახლეობა რუსთაველზე პანაშვიდზე მაინც მივიდა. ქვეყნის ისტორიაში ამ დღეს, მსოფლიო პანდემიის გამო, ისევ კომენდანტის საათია - ამჯერად რუსთველის გამზირზე დაღუპულთა მემორიალთან მისვლა ღამით ვერავინ შეძლო.

კომენდანტის საათის შეზღუდვის გარდა, მემორიალთან მიახლოვებას მოქალაქეები ვერც დღისით შეძლებენ.

თბილისის მერიამ პარლამენტის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაცია და მათ შორის 9 აპრილის მემორიალის რეკონსტრუქცია დაიწყო. უკვე მეოთხე თვეა თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი ჯებირებსა და კედლებშია მოქცეული. 

via GIPHY

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი ქიმიური აირით მოწამლეს. 2 წლის შემდეგ, სიმბოლურად 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

 

COVID-19  საქართველოში

214 ინფიცირებული, მათგან 50 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

via GIPHY

ინფეციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ ყველა ინფიცირებულთან ვირუსის წყარო ცნობილია და ამჯერად საქმე შიდა გავრცელებასთან არ გვაქვს.

 

სექსუალური შევიწროება კარანტინში

ქალთა უფლედამცველი ორგანიზაცია „საფარი" კარანტინში ექიმის მხრიდან ქალის სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს. ბაია პატარაიას თქმით, შემთხვევა მარტის ბოლოს მოხდა. პატარაია მიიჩნევს, რომ ექიმს, რომელმაც კარანტინში მყოფ პაციენტზე იძალადა, მუშაობის უფლება უნდა შეუჩერონ. უფლებადამცველის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე სხვა ადამიანებსაც ემუქრებათ.

ბაია პატარაია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო რეგულაციის სააგენტოს საქმეზე შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს და ახლა მათ სწრაფი რეაგირება უნდა მოახდნონ. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.

 

კომენდანტის საათი გაგრაში

ოკუპირებულ გაგრაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქალაქის ქუჩებში გამოსვლა მოსახლეობას საღამოს 8 საათიდან დილის 7 საათამდე ეკრძალება. საოკუპაციო რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში 2-მდე გაიზარდა.

via GIPHY

COVID-19 რუსეთიდან ჩამოსული ინფიცირებული პირის ცოლსაც დაუდასტურდა. ოკუპირებულ სოხუმში განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, და მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ არსებობს. გაგრაში მდებარე კორპუსი, რომელშიც ინფიცირებულები ცხოვრობენ, სრულ იზოლაციაშია მოქცეული.  სადარბაზოსთან პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ და მოსახლეობას სახლიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. 

 

ევროკავშირის დახმარება

ევროკავშირი პანდემიასთან ბრძოლისთვის საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. კორონავირუსთან გასამკლავებლად  ბრიუსელი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს ჯამში 962 მილიონი ევროთი დაეხმარება. 

ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია,  რომ ევროკავშირის მთავარი მიზანი პარტნიორი ქვეყნების ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისისა და ჰუმანიტარული მოთხოვნილებების გადაჭრა, ასევე, პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებაა. 

 

COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მზარდია. ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 1 515 000-ს გადააჭარბა, საიდანაც დაღუპულია 88 500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 330 000-ზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა 48 000-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

აშშ ისევ პანდემიის ეპიცენტრად რჩება. აქ ბოლო 1 დღეში კორონავირუსით 1,940 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კი COVID19 თითქმის 40 000 ადამიანს დაუდასტურდა. 

კვლავ მძიმეა ვითარება ესპანეთში. გუშინ აქ ინფექციამ 747 ადამიანი იმსხვერპლა, რითაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 14 792 შეადგინა. ესპანეთში მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო 1 დღეში  ვირუსი 6 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

ახალ შემთხვევათა კლების ტემპს ინარჩუნებს იტალია. გუშინ ინფექცია 3 800 ადამიანს დაუდგინდა. თუმცა, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსმა იტალიაში 542 ადამიანი იმსხვერპლა.

ინფიცირებულთა რაოდენობამ 113 ათასს გადააჭარბა გერმანიაშიც. ბოლო 24 საათში აქ 5 600 ადამაინი დაინფიცირდა, ხოლო 333 გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გერმანიაში ლეტალურად დასრულებულ შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირეა. ჯამში ახალ კორონავირუსს მხოლოდ 2 349 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა