ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 9 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
2020 წლის განახლებული ბიუჯეტი
დღეს მთავრობა პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის შეცვლილ დოკუმენტს წარადგენს. მასში ყველა ის პროგრამა იქნება გათვალისწინებული, რომელიც კორონავირუსს და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვას უკავშირდება.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, შეიცვლება ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი და თუ 2020 წლის ბიუჯეტის 4,5 პროცენტიანი ზრდა იყო დაგეგმილი, ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ქვეყანას -4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდა ექნება.
პროექტში გათვალისწინებულია დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, რომელიც 8,5 პროცენტის ფარგლებში იქნება. საფინანსო დოკუმენტი პარლამენტში დღეს პრემიერის ოფისში პრეზენტაციის შემდეგ შევა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პროექტის პრეზენტაცია დაგვიანებულია.
პირბადის არ ქონა 20 ლარით დაჯარიმდება
დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 50-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდებიან. იგივე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში. საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმება უკვე მიღწეულია. პარლამენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების წესის შესახებ მიმდინარე სასესიო კვირაში იმსჯელებს.
ბასილაშვილის საქმე
ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე გამოწერილი ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში რჩება. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 9 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო, ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. პროცესზე ბასილაშვილის უფლებადამცველები სპორტსმენისა და მისი ოჯახის წევრები მიმართ შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ყოფილი რძლის მიმართ ბასილაშვილის დედ-მამასაც ჰქონდათ გამოწერილი.
ლაშა ბაქრაძე „ლელოს” ტოვებს
ისტორიკოსმა ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება "ლელოს" რიგებიდან გამოსვლის შესახებ. არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა მიუღებელია ჩემთვის, ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას", - წერს ბაქრაძე.
კელი დეგნანი პროკურატურაში
ამერიკის ელჩი საქართველოში საქართველოს მთავარი პროკურორს შეხვდა. უწყების განმარტებით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და გიორგი რურუას საკითხი არ განიხილებოდა. თუმცა შეხვედრა სწორედ მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საგამოძიებო სამსახურს დახმარებისთვის მიმართა და ძმები თორაძეების საქმეზე თამარ თორაძის დაკითხვა თხოვა. უწყებამ კელი დეგნანის კომენტარიც გაავრცელა, სადაც ელჩმა სამართლიან არჩევნებში პროკურორის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საიას სარჩელი
ეკლესიებისთვის ტყის გადაცემის გადაწყვეტილებას საია საკონსტიტუციო სასმართლოში გაასაჩივრებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილ მიზანსა და ტყის მართვის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის ფაქტი სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციულია.
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს 19 მიმართულებით აუქმებს
გამოცემა ,,Aviation 24'' წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, კომპანიამ 2-მდე შეამცირა ქუთაისში თვითმფრინავების რაოდენობა. შედეგად შეჩერდება ან საერთოს გაუქმდება საერთო ჯამში 19 მიმართულება.
გაუქმებული მარშრუტების ჩამონათვალში შედის ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი, ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები. კომპანია Wizz Air-ს ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ქუთაისის გამონაკლისი არ არის, რადგან უნგრული ავიაკომპანია თვითმფრინავების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ამცირებს.
ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის
რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა შემოდგომაზე აღდგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.
ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს
სამოქალაქო პანაშვიდზე ეკლესიაში შეკრებილ ათასობით ადამიანს პოლიტიკოსები, მსახიობები და მუსიკოსები შეუერთდნენ. პარალელურად მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში. პროტესტის მე-14 დღეს პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული აფრო-ამერიკელის ხსოვნის პატივსაცემად მინეაპოლისსა და ლოს-ანჯელესის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად გარდაიცვალა. დაკავებულ პოლიციის ოფიცრებს სასამართლომ გირაოს სახით მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
812 ინფიცირებული, მათგან 683 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2902 პირი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7.2 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 408 ათასზე მეტია.
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში 20 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 813-ით გაიზარდა. ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 37 ათასზე მეტი, გამოჯანმრთელებულთა ოდენობა კი 325 602-ს შეადგენს.