logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 10.03.2020

10 მარ 202010:47
3 წუთის საკითხავი
 
q9rsb2vrmikbt5d.jpg

ედისონ რისერჩის კვლევა

ფორმულას მიერ ედისონ რისერჩისთვის დაკვეთილ კვლევას აფასებენ ოპოზიციური ლიდერები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამოკითხვა საზოგადოების განწყობას მმართველი გუნდის მიმართ ზუსტად ასახავს.

კვლევების თანახმად, სადაც ერთ-ერთი კითხვა სწორედ არჩევნებს ეხება, ჩანს, რომ მმართველ გუნდს გამოკითხულთა მხოლოდ 39% უჭერს მხარს; „ნაციონალურ მოძრაობას“ 23%; „ევროპული საქართველოს“ - 8%, „ლეიბორისტული პარტიას“ კი გამოკითხულთა 6% უჭერს მხარს; „პატრიოტთა ალიანსს“ - გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას; პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ კი 5%; რაც შეეხება სამოქალაქო მოძრაობას, მას გამოკითხულთა 3% უჭერს მხარს; ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძეს 2%, გირჩს - 2%; „დემოკრატიულ საქართველოს“ - 2%; გამარჯვებულ საქართველოს, „თავისუფალ საქართველოსა“ და ეკა ბესელიას პარტიას „სამართლიანობისთვის“ კი გამოკითხულთა 1% უჭერს მხარს.

 

საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

საფრანგეთის კულტურის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ფრანკ რიე სტერთან დაახლოებულმა წყარომ გაამხილა და განმარტა, რომ 46 წლის მთავრობის წევრი თავს „კარგად გრძნობს". საფრანგეთის კულტურის მინისტრი გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდა, სადაც მას ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მინისტრი რამდენიმე დღეა პრეზიდენტ მაკრონს არ შეხვედრია. ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ 19-ს ოთხი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 62 ათასს გადააჭარბა.

 

იტალია კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით კარანტინს აწესებს

​კორონავირუსის საფრთხის გამო იტალია საკარანტინო ზონად გამოცხადდა. შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ადამიანებს შეეხოთ. გამკაცრებული ზომები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრებას კრძალავს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ გადაადგილება მხოლოდ სამუშაოს ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

არეულობა იყო იტალიის ციხეებშიც, სადაც დაპირისპირებას 7 პატიმარი ემსხვერპლა. კორონავირუსი იტალიის ოც რეგიონში დადასტურდა, ბოლო 24-საათში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. კორონავირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იტალია ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცახდება

ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალურია, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. გებრეიესუსის თქმით, ვირუსის მასშტაბურობის მიუხედავად ეს ისტორიაში, პირველი პანდემია იქნება,რომლის კონტროლიც შესაძლებელია.

ბოლო ინფორმაციით, კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა კანადამ. ისრაელის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული ყველა ადამიანი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. ახალი კორონავირუსით 100-ზე მეტ ქვეყანაში 113 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 93% ოთხ ქვეყანაზე მოდის.

 

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი გამოეხმაურა. პიტერ სტანომ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმების დაცვასა და მის ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფენ.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნდობის მოსაპოვებლად ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პოლიტიკურ პარტიებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ეს შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და ის საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს. ჩვენ ვულოცავთ ყველა ხელმომწერს, რადგან მათ უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

შეასრულებს თუ არა „ოცნება“ მემორანდუმის პირობებს

შეასრულებს თუ არა „ქართული ოცნება“ მემორანდუმის პირობებს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ ეს მთავარი კითხვაა. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ამჯერად ხელისუფლებას დანაპირების შესრულება მოუწევს. ამის მთავარ მიზეზად ისინი მოლაპარაკების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას ასახელებენ.

ოპოზიცია და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება 8 მარტს შედგა. ამ შეთანხმებით, 2020 წლის არჩევნები 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს. მხარეები 20 ივნისის შემდეგ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხზეც შეთანხმდნენ.

 

სამოქალაქო სექტორი მემორანდუმზე

ოპოზიციის მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან მემორანდუმის პირობების შესრულებას მოელიან სამოქალაქო სექტორშიც. არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ პირობის არშესრულება ხელისუფლებას ამჯერად კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება. რეპუტაციული ზიანის გარდა, ისინი არც ფინანსური სანქციების დაწესებას გამორიცხავენ. სპეციალისტების განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება სამუშაო პროცესის დასრულებას არ ნიშნავს. მათ იმედი აქვთ, რომ საარჩევნო სისტემის გასაუმჯებესებლად ისინი ხელისუფლებასთან შეთანხმებას სხვა საკითხებზეც მიაღწევენ.

 

ნიკა მელიას სასამართლო

როდის დატოვებენ საპატიმროებს ან როდის შეწყდება სამართლებრივი დევნა პოლიტპატიმრების მიმართ - ეს ჯერჯერობით უცნობია. იქამდე სანამ ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი საკითხი განხორციელდება, მანამდე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში ამ ადამიანებს ისევ მოსამართლეთა წინაშე უწევთ წარდგომა.

სააპელაციო სასამართლოში დღეს ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. დავა „ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. მოსამართლემ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ორი წლით და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული მემორანდუმის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მისდამი, ხაზარაძისა და წერეთლის მიმართ საქმის წარმოება შეწყდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. სხდომაზე შემდეგი სხდომების გადადგების საკითხზე უნდა იმსჯელონ. ავთანდილ წერეთელის ჯანმრთელობის გამო მისი უფლებადამცველი პროცესების 17 აპრილამდე შეწყვეტას ითხოვს.

 

გიორგი რურუას პროცესი

გიორგი რურუა ერთ-ერთია, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია დღემდე ითხოვს. დღეს საქალაქო სასამართლოში მის საქმეზეც იმსჯელებენ. პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. მთავარი არხის მეწილის ადვოკატის თქმით, გიორგი რურუას მხოლოდ იმიტომ ჩაუდეს იარაღი, რომ ის კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებელია. დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, რურუა უდანაშაულოა და ის მმართველი გუნდის პოლიტმატიმარია. გიორგი რურუა იარაღის უკანონო-შეძენა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, დააკავეს.

 

ბესიკ თამლიანის პროცესი

ბესიკ თამლიანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების სამართებლივი საფუძველი აღარ არსებობს. სამოქალაქო მოძრაობის წევრის ლევან იოსელიანის თქმით, სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვა უნდა დასრულდეს, რის შემდეგადაც დაცვის მხარე თამლიანის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ბესიკ თამლიანს ბრალი 20 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში ედება.

 

ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ადგილზე შესაძლოა შალვა თადუმაძე ან გიორგი მიქაუტაძე შეარჩიონ. სწორედ ამას ვარაუდობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ნაზი ჯანზეაშვილის თქმით, კონსულტანაცია, რომელიც დღეს იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გაიმართოს, კარგად დადგმული შოუა.

შედარებით ნაკლებად ცნობადი კანდიდატის შერჩევას ვარაუდობს ანა დოლიძე. მისი თქმით დიდი ალბათობაა, რომ კლანმა სწორედ ისეთი მოსამართლე შეარჩიოს თავმჯდომარის პოზიციაზე, რომელის სახელიც ხელისუფლებასთან ნაკლებად იქნება დაკავშირებული. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს გაიმართება, ასევე დღეს გახდება გადაწყვეტილებაც ცნობილი.

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთრ გვერდზე წერს. პოსტში აღნიშნულია, რომ მას შეხება ჰქონდა მეგობართან, რომელიც კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. ამჟამად მას ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. გენადი არველაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებს შეხვდა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც.

 

ხანძარი რეგიონებში

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ხანძრის 20-მდე კერა გაჩნდა. ხანძარი იყო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადაც სამუშაო შტაბიც შეიქმნა. ასევე ოზურგეთის რაიონის ორ სოფელშიც, სადაც ცეცხლი 2 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული. ასევე ტერიტორია დაიწვა სამეგრელოსა და თეთრიწყაროშიც. საქართველოს მასშტაბით ხანძრის ჩასაქრობად 1000-მდე მეხანძრე მუშაობდა. პროცესში მონაწილეობას სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენიც იღებდა.


close დახურვა